16/10/15 სამტრედია ევროტურნირზე ვერ ითამაშებს
ხელბურთის კლუბი სამტრედია ვერ ითამაშებს ევროპის ხელბურთის ფედერაციის რანგით მესამე ევროტურნირის, ჩელენჯ კაპის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მის მეტოქეს, კლუბ კოსოვას ორივე მატჩში მოგება ჩაეთვალა. თამაშები 16-17 ნოემბერს უნდა გამართულიყო კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში.
მიზეზი პოლიტიკურია. საქართველო არ აღიარებს კოსოვოს, სერბეთის ყოფილ ნაწილს და მასთან დიპლომატიური ურთიერთობა არა აქვს. საქართველოს საგარეო სამინისტრომ რეკომენდაცია მისცა ხელბურთის ფედერაციას, უარი ეთქვა თამაშზე მას შემდეგ, რაც წილისყრამ მეტოქედ კოსოვოს კლუბი გვარგუნა.
აქ არის ერთი გარემოება – კოსოვო 2014 წლიდან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სრულუფლებიანი წევრია, ისევე როგორც, ევროპის ხელბურთის ფედერაციისა და მონაწილეობს ყველა ტურნირში.
2015 წელს ქართული სახელბურთო გუნდი მეორე გადაეყარა კოსოვოელებს. ივნისში გაიმართა ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატი. საქართველო მონაწილეთა შორის იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ტურნირის მასპინძლობა კოსოვოს ერგო, იძულებული გახდა, უარი ეთქვა თამაშზე. მაშინ სიტუაციიდან უჯარიმოდ გამოვედით, მაგრამ ახლა სამტრედიულ კლუბს ჯარიმა და დისკვალიფიკაცია ელის სიტუაციაში, რომელშიც თავად დამნაშავე არაა.
კოსოვოს გუნდებთან მომავალი შეხვედრები გარდაუვალია და ამ ფაქტის წინაშე უთუოდ დადგებიან სხვა სპორტული ფედერაციები, ამიტომაც საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელია სპორტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ.
სახელბურთო კლუბი სამტრედია საგანგებოდ ემზადებოდა ჩელენჯ კაპისთვის და ოცდღიანი შეკრებაც გაიარა ხარაგაულში. გუშინ სამტრედიელებმა ქუთაისის სპორტის სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართეს ქუთაისის კლუბთან. თამაში, რომელსაც ეროვნული ნაკრების ახალი მწვრთნელი, ლევან გელაშვილი დაესწრო, 37-37 დასრულდა. ორივე კლუბი ემზადება საქართველოს თსის გათამაშებისთვის, რომელიც 19 ოქტომბერს დაიწყება თბილისში. ფინალი 25 ოქტომბერსაა.
სკ სამტრედია 2014 წლის საქართველოს თასის მფლობელია და 2014-15 სეზონის საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი.