14/10/15 სანაკრებო პაუზა ახლოვდება

სანაკრებო პაუზის წინ ბოლო მატჩებს მართავენ უცხოეთში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები. რუმინეთში სამივე ქართველის კლუბი მოწინავე ექვსეულშია.

ვლადიმერ რუსიას ოდორჰეიმ შინ, 23-19 მოუგო შოთა თევზაძის რეშიცას. რუსიას კარგა ხანია, ოჯახური პრობლემა აქვს და ბოლო დროს მხოლოდ საშინაო მატჩებში თამაშობს, ამ მატჩში კი 2 გოლი გაიტანა. ქართველი მეკარის კლუბმა, რეშიცამ მეორე მატჩიც წააგო, შინ CSM ბუქარესტთან 23-27, თუმცა, კარგი სტარტის გამო, დადებითი ბალანსი აქვს და მეექვსე ადგილზეა 16 ქულით (5 მოგება, ფრე, 3 წაგება).

მკვეთრად მოუმატა ტიმიშოარას პოლიტექნიკამ, რომელმაც ბოლო ორი მატჩი  მოიგო – შინ უნივერსიტატია გალაცისთან, 41-21, სტუმრად, კელერაშისთან, 29-24  და 9 მატჩიდან 6 მოგებით (18 ქულა) მეოთხე ადგილზეა. ქართველმა შუამარბმა, ირაკლი ჩიქოვანმა პირველ მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო მეორეში 7 გატანილი ბურთით საუკეთესო იყო.

9 თამაშიდან 21 ქულით პირველ ადგილზეა CSM ბუქარესტი, რომელსაც შეიძლება დაეწიოს ოდორჰეი – 8 მატჩი, 21 ქულა.

თურქეთის ჩემპიონატში ტრაბზონ აქჩაბათი ბურსაში დამარცხდა ნილუფერთან და 4 მატჩიდან 1 მოგება აქვს. ნელ-ნელა შედის ფორმაში რატი მსხვილიძე, რომელმაც ბოლო მატჩში 7 გოლი გაიტანა.

სეჰა-ლიგაზე არ უთამაშია რევაზ ჭანტურიას სტრუმიცას. მაკედონიის ჩემპიონს 16-7 ოქტომბერს EHF თასის საკვალიფიკაციო რაუნდის 2 მატჩი აქვს ისლანდიაში, ჰაუკართან.

ბოლო დროს არ თამაშობს  სერგო დათუკაშვილი. მისმა კლუბმა, ვოივოდინამ ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად დაამარცხა ტატრან პრეშოვი, 27-19, თუმცა, იმავე გუნდთან წააგო სეჰა-ლიგაში – 20-31.

5-7 ნოემბერს ხელბურთის ეროვნულ ნაკრებს, ახალ მწვრთნელის, ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით, პირველი ტურნირი აქვს – 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია თელ-ავივში – ისრაელის, პორტუგალიისა და ესტონეთის წინააღმდეგ.

Leave a Reply