10/12/14 დანიელთა ფრე ბოლო წამზე
ევროპის ქალთა ჩემპიონატზე უკვე გამოვლინდა მეორე ეტაპზე გასული 4 გუნდი, მაგრამ აქ ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. მთავარ რაუნდში გასულ გუნდებს ერთმანეთთან დაგროვილი ქულები თან მიჰყვებათ.
A ჯგუფში მეორე მატჩი მოიგო ესპანეთმა. რუსეთ-ესპანეთის თამაშში მაქსიმალური სხვაობა 3 ბურთი იყო – რუსეთის (13-10, 25 წთ) და ესპანეთის სასარგებლოდ (20-17, 44 წთ). საბოლოო წერტილი დასვა ესპანელმა კარმენ მარტინმა, ვინც ცხრიდან ცხრა შვიდმეტრიანი გაიტანა. ესპანეთმა 25-24 მოიგო.
მასპინძელმა უნგრეთმა პირველ ტურში რუსეთთან ფრის შემდეგ დაამარცხა პოლონეთი, 29-23, მეორე ეტაპზე გასვლა გაინაღდა და ბოლო ტურში, ოქროს 2 ქულისთვის შეხვდება ესპანეთს. მესამე, გამსვლელი ადგილისთვის ითამაშებენ პოლონეთი და რუსეთი.
B ჯგუფში რუმინეთი თითქმის მთელი თამაში უგებდა დანიას, პირველი ტაიმის ბოლოს – 5 ბურთითაც. დანიამ პირველად მე-20 წუთზე გაათანაბრა ანგარიში – 20-20 და რამდენჯერმე თითო ბურთითც დაწინაურდა, მაგრამ 59-ე წუთზე ნიაგუს შვიდმეტრიანის შემდეგ ისევ რუმინეთი იგებდა – 29-27. ამის შემდეგ დანიის მწვრთნელ იან პიტლიკს მუდმივად გამოყავდა მეშვიდე მოთამაშე მეკარის ნაცვლად და რისკმა გაამართლა – ჯერ სტინე იორგენსენმა გაქვითა ერთი ბურთი, რუმინეთმა საპასუხო შეტევაში ვერ გაიტანა და დანიას ბოლო ცხრამეტრიანი ერგო სირენამდე 9 წამით ადრე. ლუიზ ბურგარდმა კარში დარტყმის იმიტაციით მცველი გამოიტყუა და მიაწოდა პივოტ სუზან ტორსგარდს, ვინც ზედ ბოლო წამზე შეაგდო 6 მეტრიდან – 29-29.
რუმინელთაგან 10-10 გოლი გაიტანეს უკანახაზელებმა – ადრიანა ცაკალიემ და ქრისტინა ნიაგუმ, დანიის ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო გარემარბი მარია ფისკერი – 8.
ნორვეგიამ მოუგო უკრაინას, 33-24 და 4 ქულით ლიდერობს. ამ ჯგუფის ბოლო ტურში ნორვეგია და დანია გაარკვევენ, ვინ გავა ჯგუფიდან პირველი ადგილით და მეტი ქულით, ხოლო რუმინეთი და უკრაინა მეორე ეტაპის მესამე საგზურისთვის იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები
7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია
9 დეკემბერი
A ჯგუფი
რუსეთი – ესპანეთი 24-25
პოლონეთი – უნგრეთი 23-29
ესპანეთი 4, უნგრეთი 3, რუსეთი 1 / პოლონეთი
11 დეკ, 21:15 რუსეთი – პოლონეთი
11 დეკ, 23:30 უნგრეთი – ესპანეთი
B ჯგუფი
რუმინეთი – დანია 29-29
უკრაინა – ნორვეგია 24-33
ნორვეგია 4, დანია 3, რუმინეთი 1 / უკრაინა 0
11 დეკ, 21:15 რუმინეთი – უკრაინა
11 დეკ, 23:30 ნორვეგია – დანია
10 დეკემბერი
C ჯგუფი
21:00 ჰოლანდია – შვედეთი
23:15 ხორვატია – გერმანია
D ჯგუფი
21:00 სერბეთი – საფრანგეთი
23:00 სლოვაკეთი – მონტენეგრო
ფოტო: რუმინეთი – დანია