30/11/13 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი დაასრულა
საქართველოს ხელბურთელ გოგონათა ნაკრებმა (1998-99) უკრაინის ქალაქ ბროვარიში დასრულებული საერთაშორისო ტურნირის ბოლო მატჩი უკრაინასთან წააგო – 18:25.
მეორე მატჩში ზაპოროჟიეს გუნდმა დაამარცხა ბელარუსი – 22:19. შედეგად, ორი უკრაინული გუნდი, რომლებიც 1997-98 წლებში დაბადებულებით ასპარეზობდნენ, პირველ-მეორე ადგილებზე გავიდნენ. ჩვენი ნაკრები 19:27 დამარცხდა ბელარუსთან და 15:26 ზაპოროჟიეს გუნდთან.
ელისო ჟურულიშვილი, მწვრთნელი: – ნაკრებისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირი იყო. აქამდე ერთადერთხელ, შარშან ვიყავით ბაქოში, სადაც სამი ამხანაგური თამაში გვქონდა. ამის გათვალისწინებით, კიევის ტურნირზე გამოსვლა ნორმალური იყო. მასპინძლებს მოეწონათ ჩენი გუნდი – გვითხრეს, რომ აზარტული, ემოციური და პერსპექტიული გოგონები გვყავს, რომლებმაც დაამშვენეს ტურნირი. დღეს გაიმართა საზეიმო დახურვა, რომელზედაც ჩვენი გუნდიდან საუკეთესო მოთამაშის პრიზი თათია გადელიას გადაეცა – მან 3 თამაშში 19 გოლი გაიტანა. უკრაინაში კიდევ ერთი დღე ვრჩებით, კვირას ამხანაგური მატჩი გვექნება ბროვარის ბუნდთან, რომელსაც ერთი მსგავსი თამაში უკვე მოვუგეთ – 29:23. საქართველოში ორშაბათს დავბრუნდებით.
საქართველოს გოგონათა ნაკრები ემზადება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 2015 წელს თბილისში გაიმართება. 2015 წლიდან გუნდი უკვე ჩვიდმეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს, ერთი წლის შემდეგ კი მსოფლიო პირველობაზე. 2014 წელს გუნდს მზადების ბევრად უფრო ინტენსიური ეტაპი ექნება, რაც რამდენიმე საერთაშორისო ტურნირსაც მოიცავს.
საერთაშორისო ტურნირი უკრაინაში. 30 ნოემბერი, ბროვარი, მესამე დღე
საქართველო (15წ) – უკრაინა (16წ) 18:25
საქართველო: ჯავახია, ყაველაშვილი – ბერიძე 4, ჩოხელი 4, გადელია 4, ღვალაძე 3, ჯაღათაშვილი 1, ნარიმანიძე 1, გაბისონია 1, ჩოგოვაძე, ყველაშვილი, ვენეცკი, გიორგაძე, სიხარულიძე (მთ. მწვრთნელი მაია კარბუნარი, მწვრთნელი ელისო ჟურულიშვილი)
ზაპორიჟიე – ბელარუსი 22:19
საბოლოო მდგომარეობა: უკრაინა 6 ქულა, ზაპოროჟიე 4, ბელარუსი 2, საქართველო 0