30/04/15 უმძიმესი მოგება ლუქსემბურგთან
საქართველოს ხელბურთის ნაკრებმა მაყურბლით თითქმის გავსებულ ქუთაისის სპორტის სასახლეში, უმძიმეს თამაშში 17-16 დაამარცხა ლუქსემბურგი და დაწინაურდა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში. 3 მაისს ლუქსემბურგს სტუმრად ვეთამაშებით, ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობა კი გაირკვევა ივნისში, როდესაც ორჯერ ითამაშებენ ესტონეთი და ლუქსემბურგი.
პირველი ეტაპის სამი ჯგუფის სამი გამარჯვებული გავა პლეიოფში და გაისად, გაზაფხულზე ეთამაშება 2016 წლის ევროშესარჩევის სამ უარეს გუნდს, ამ სამი წყვილის მოგებული კი მიიღებს ძირითადი შესარჩევი ეტაპის საგზურებს. ასეთი რთული გზაა ევროპის ჩემპიონატამდე.
ჩვენს გუნდს სერიოზული პრობლემები გვქონდა – გვაკლდა სამი ძირითადი უკანახაზელი – მსხვილიძე, რუსია და დათუკაშვილი. მაგრამ, როდესაც ლიდერები არ არიან, თავის გამოჩენის შანსი ეძლევათ ხოლმე შემცვლელებს. კარგად ითამაშა ზურაბ სიმონიამ, რომელმაც მისთვის უხერხული, მარჯვენა შუამარბის პოზიციიდან სულ ერთი გოლი გაიტანა, მაგრამ მოიპოვა შვიდმეტრიანი და რამდენიმე შედეგიანი პასიც შეასრულა. ნაკრებში პირველი, მაგრამ მნიშვნელოვანი და გამარჯვების მომტანი გოლი შეაგდო ლექსო წითელიშვილმა.
პირველი ტაიმი თითქოს უპრობლემოდ მოვიგეთ. მეტოქეს ძალიან ბევრი წუნი ჰქონდა და მარტო პივოტის მისამართით გაგზავნილი შვიდი პასი დაკარგა შესვენებამდე. ამას დაემატა მეკარე შოთა თევზაძის კლასი და ლუქსემბურგმა პირველ ტაიმში სულ 7 გოლი გაიტანა – 7-11.
მაგრამ მეორე ნახევარში უკვე ჩვენ შევაგდეთ მხოლოდ 6 გოლი. მეტოქემ, ცხადია, იოლად შენიშნა, ან თავიდანვე იცოდა, რომ უკანა ხაზში მთვარი საფრთხე ირაკლი ჩიქოვანისგან ელოდა და ლიდერს განსაკუთრებით აქტიურად ეთამაშებოდა. მწვრთნელი ადრიან სტორტი იყენებდა 5-1 და 3-2-1 განლაგებას, რის შედეგადაც უკანა ხაზიდან შეტევა თითქმის აღარ გვქონდა. ამას დაუმატეთ, რომ ბურთის მიღებისას მეურვე დაუყონებლივ გადადიოდა პირველ ტაიმში ჩვენს საუკეთესო მოთამაშეზე, გარემარბ რევაზ ჭანტურიაზე.
ამის წინააღმდე ერთადერთი გამოსავალი იყო ინდვიდუალური გარღვევები და ირაკლი კეკელიძემ მეტი დრო დაუთმო უჩა გამზარდიას. ფოთელმა სამჯერ მოატყუა თავისი მცველი, მაგრამ 6 მეტრიდან ორჯერ მეკარეს გაარტყა და ერთი შვიდმეტრიანი მოიპოვა, რომელიც ასევე ვერ გამოვიყენეთ. ამავე პოზიციიდან, ძალისმიერი გარღვევების შემდეგ მეკარემ აუღო სიმონიასა და ჩიქოვანს და მხოლოდ აკაკი ტალახაძემ გაიტანა. საბოლოო ჯამში, 17 გოლიდან 4 გავიტანეთ 9 მეტრიდან, 1 – სწრაფ გარღვევაში, 2 – შვიდმეტრიანიდან, 4 – 6 მეტრიდან და 6 – კუთხიდან.
55-ე წუთამდე სხვაობა მუდმივად მერყეობდა 2-4 გოლამდე, კვანძი კი ძალიან დრამატულად გაიხსნა. 56-ე წუთზე მიულერმა პირველად დაიყვანა სხვაობა 1 გოლამდე (15-14), ჩიქოვანმა ისევ დაგვაწინაურა ორით, მაგრამ მას შემდეგ, რაც 58-ე წუთზე უჩა მაისურაძე გააძევეს 2 წუთით, დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე კოლმა გაათანაბრა – 16-16.
სირენამდე წუთნახევრით ადრე, რიცხობრივი ნაკლებობისას, ჩვენებს ცხრამეტრიანი ერგოთ. მეტოქე ელოდა, რომ ჩიქოვანი დაარტყამდა, მაგრამ ბურთი წითელიშვილმა მიიღო – სამტრედიელმა 11 მეტრიდან გაიტანა გოლი, რომელიც თამაშში ბოლო აღმოჩნდა.
მაისურაძე დაბრუნდა და როდესაც დასრულებამდე ზუსტად წუთი რჩებოდა, მიულერმა მშვენივრად გადაატარა თავზე ხელი მცველს და 6 მეტრიდან შეაგდო, მაგრამ… იქამდე ერთი წამით ადრე მწვრთნელმა ადრიან სტორტმა წუთშესვენების ასაღები დაფა დააგდო სამსაჯო მაგიდაზე. ცხადია, გოლი არ ჩაითვალა! ტაიმაუტის შემდეგ მიულერმა უკვე ააცილა, დარჩენილ 29 წამში კი ბურთი შევინარჩუნეთ და ასე მოვიგეთ ძალიან რთული მატჩი, რომელიც თითქმის ორი საათი გაგრძელდა.
ხელბურთი. ევრო 2018. პირველი შესარჩევი ეტაპი. B ჯგუფი
30 აპრილი, ქუთაისის სპორტის სასახლე, 18:00
საქართველო-ლუქსემბურგი 17-16
საქ: თევზაძე – ჭანტურია 12/7, ჩიქოვანი 11/4, გოგალაძე 2/2, ტალახაძე 2/1, მაისურაძე 2/1, სიმონია 3/1, წითელიშვილი 3/1, გამზარდია 3/0, გვაზავა, ბეჟანიშვილი (ტორონჯაძე, აბრამიშვილი, გრიშიკაშვილი, დათუკაშვილი) – მწვ: კეკელიძე – ორწუთიანი 4, შვიდმეტრიანი 3/2, დარტყმების ეფექტურობა 45%, შეტევების ეფექტურობა 26%
ლუქ: ოჟე, ჰერმანი – მაისი 6/4, ბოკი 5/3, კოლი 5/3, მიულერი 4/2, შრიოდერი 1/1, პული 1/1, სხოლტენი 2/1, ბარდინა 5/1 ბაუმი, ზეკანი 1/0, ლეი, შაიდი, მარზადორი – მწვ: სტორტი – ორწუთიანი 2, შვიდმეტრიანი 2/1. დარტყმების ეფექტურობა 52%, შეტევების ეფექტურობა 27%
მსაჯები: ძმიტრი ნაბოკაუ, სიარჰეი კულიკი (ბლრ), დელეგატი: დელიან გენჩევი (ბულ)
—
29.10.2014 ესტონეთი – საქართველო 28-26
02.11.2014. საქართველო-ესტონეთი 29-27
30.04.2015. საქართველო-ლუქსემბურგი 17-16
—
საქართველო 4 ქულა (3 თამაშიდან), ესტონეთი 2 (2), ლუქსემბურგი 0 (1)
პლეიოფში გადის ჯგუფის გამარჯვებული
03.05.2015. ლუქსემბურგი – საქართველო
10.06.2015. ლუქსემბურგი-ესტონეთი
13.06. 2015. ესტონეთი-ლუქსემბურგი
—
A ჯგუფი. კვიპროსი ბელგია 17-26 – საბერძნეთი 4 (2), ბელგია 2 (1), კვიპროსი 0 (3)
B ჯგუფი. კოსოვო-იტალია 22-29 – რუმინეთი 4 (2), იტალია 2 (1), კოსოვო 0 (3)