30/01/15 ფინალში ყატარი და საფრანგეთი ითამაშებენ

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, 1 თებერვალს, ითამაშებენ ტურნირის მახპინძელი ყატარის ნაკრები და ოლიმპიური ჩემპიონი საფრანგეთი. ფრანგებმა მეორე ნახევარფინალში 26-22 დაამარცხეს მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი.

 

პირველი ტაიმი ფრანგებმა 18-14 მოიგეს და ზღაპრული თამაში აჩვენეს. დასაწყისში გაიბრწყინეს ნიკოლა კარაბატიჩმა და დანიელ ნარსისმა – 3-3 გოლით. კარაბატიჩი გამთამაშებლად იდგა და ნარსისი მარცხენა ინსაიდად, მაგრამ ეს მხოლოდ ფორმალობაა – ნიკოლა ინსაიდის პიზიციიდანაც გამთამაშებელია, მთელი თამაში მას მიჰყავს და დაცვაშიც ცენტრალური ფიგურაა. ანგარიში 6-6 იყო, როდესაც მიქაელ გიგუ სამჯერ გაიქცა სწრაფ შეტევაში, ვალენტენ პორტმა სასწაული რიბაუნდი მოიგო, 180 გრადუსით შემოტრიალდა და ხელუკუღმა დააბზრიალა ბურთი ახლო კუთხეში, ხოლო 16-ე წუთზე ფრანგების უპირატესობა კრიტიკული გახდა – 12-7.

 

მანუელ კადენასმა აიღო ტაიმაუტი, გამოცვალა ორივე გარემარბი, ხოლო კარაბატიჩი პერსონალურად ააყვანინა უგალდეს. კარგად შემოვიდა თამაშში ალექს დუიშებაევი, ხოლო როკასმა სხვაობა ორამდე დაიყვანა – 11-13. საფრანგეთი ისევ გაიქცა, 17-13, ხოლო კლოდ ონესტამ თამაშის საშუალება მისცა ყველაზე ახალგაზრდას, მარცხენა ინსაიდ მათიო გრების – შემოსვლისთანავე ბურთი ახალბედაზე ჩათამაშდა და გრებიმ წერტილი დასვა პირველ ტაიმში – 18-14. სრული შთაბეჭდილება შეიქმნა რომ შესვენების შემდეგ საფრანგეთი სხვაობას გაზრდიდა.

 

მსოფლიო ჩემპიონმა ძალიან ბევრი გაუშვა პირველ ტაიმში და მეორეში უპირველესად დაცვას მიხედა. ამუშავდა ორმაგი კოშკი – მოროს-გვარდიოლას წყვილი, ხოლო საფრანგეთის რესურსიც არაა ამოუწურავი: ნარსისიც და კარაბატიჩი გაიყინნენ თავიანთ 3-3 გოლზე, გრები დაშავდა, უგალდემ მოაწყო ორი გარღვევა, ამუშავდა კანელასი, ბურთების მოგერიება დაიწყო მეკარე პერესმა და 37-ე წუთზე სხვაობა ერთი გოლამდე დავიდა – 18-19, ხოლო პერსონალური მეურვე უკვე კანელასს დასჭირდა.

 

მაგრამ კიდევ უფრო მაგრად ამუშავდა ტიერი ომაიერი. მან მოიგერია ექვსიდან 4 შვიდმეტრიანი, მოიგერია სულ 20 დარტყმა! 18-19-ზე ესპანეთს ჰქონდა 3 თუ 4 შეტევა გასათანაბრებლად, მაგრამ ყველას აღუდგა ომაიერი, თავის მხრივ პერესმაც ყველაფერი მოიგერია და ეს ანგარიში 6 წუთი იყო ტაბლოზე, სანამ აუღელვებელმა, ფლეგმატურმა სორენდომ არ გაიტანა საკმაოდ რთული ბურთი 6 მეტრიდან, ხოლო მთელი 4 წუთის შემდეგ ნარსისმა დაამატა – 21-18.

 

მეორე ტაიმი სულ 8-8 მორჩა, იყო ძალიან ხისტი ბრძოლა, არბიტრებმაც მისცეს ორივე გუნდს ამის საშუალება და ჯამში ესპანელები პოლონელებზე არანაკლებ დარჩნენ უკმაყოფილონი მსაჯობით. ესპანეთმა კიდევ ერთხელ შეამცირა სხვაობა 1 გოლამდე 51 წუთზე, მაგრამ სორენდომ ხაზიდან და ჟოლიმ შვიდმეტრიანით ისევ აღადგინეს სამბურთიანი სხვაობა – 24-21.

 

უგალდე ისევ წავიდა სწრაფ შეტევაში – 22-24, რჩება 5 წუთი, ომაიერი იგერიებს ორმაგ დარტყმას ერთ შეტევაში, ოთხი წუთი გოლი არ გადის და მხოლოდ 59 წუთზე ირკვევა ყველაფერი – ვალენტენ პორტს კუთხიდან გააქვს და ბოლო წუთზე გიგუ წერტილსაც სვამს.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

(1) ლუსაილ არენა – 15 300, (2) ალ სად არენა – 7 700

ნახევარფინალი , 30 იანვარი

ლუსაილი. ესპანეთი – საფრანგეთი 22-26

ესპ: პერესი 12/37, სიერა 0/1 – უგალდე 6/5, კანელასი 12/5, რივერა 3/2, როკასი 3/2, დუიშებაევი 4/2, მაკედა 4/2, ტომასი 7/2, აგინაგალდე 3/1, ენტრერიოსი 2/0, გარსია 1/0, გვარდიოლა, მოროსი, როდრიგესი

საფ: ომაიერი 20/42-48% – გიგუ 5/5, პორტი 5/4, სორენდო 6/4, ნარსისი 9/4, ჟოლი 3/3 (3 პენ) , ნ. კარაბატიჩი 7/3, ბარაშეტი 5/2, გრები 3/1, ფერნანდესი 1/0, ლ. კარაბატიჩი

პოლონეთი – ყატარი 29-31

პოლ: შმალი 4/26, ვიშომირსკი 0/9 – მ. იურეცკი 12/9, იურკევიჩი 7/5, ბ. იურეცკი 3/3, შიბა 3/3, დაშეკი 5/3, ვიშნევსკი 3/2, სიპრჟაკი 4/2, ბელეცკი 2/1, როევსკი 4/1, ხრაპკოვსკი 1/0, კრაევსკი 1/0, გრაბარჩიკი

ყატ: სარიჩი 12/34, სტოიანოვიჩი 0/7 – მალლაში 6/6 (7 პასი), კაპოტე 9/6, ჰასაბ ალლა 5/5, მარკოვიჩი 9/5, რუანი 8/3, მემიშევიჩი 3/2, ჰამდუნი 3/2, ვიდალი 1/1, ბენალი 1/1, მაბრუკი, მადადი, ზაკარი,

მსაჯები: სტოიკოვიჩი, ნიკოლიჩი (სრბ)

5-8 ადგილები, ალ სადი

ხორვატია 28 – შტრლეკი 8, ჩუპიჩი 5, სლიშკოვიჩი 4, კოპლიარი 3, დუვნიაკი 3

გერმანია 23 – შონგარტი 6, გენსჰაიმერი 6, ზელინი 3

დანია 36 – სვანი 13/13, ქრისტიანსენი 7, ლაუგე 4

სლოვენია 33 – გაიჩი 14/12 (6 პენ)

ფინალი, ლუსაილი

31 იანვარი

17:30 7/8 ადგილები. გერმანია-სლოვენია

20:15 5/6 ადგილები. ხორვატია-დანია

1 თებერვალი

17:30 3/4 ადგილები. პოლონეთი-ესპანეთი

20:15 1/2 ადგილები. ყატარი-საფრანგეთი

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

Leave a Reply