30/01/15 ყატარი პირველი ფინალისტია

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ყატარის ნაკრებმა 31-29 დაამარცხა პოლონეთი და გახდა პირველი არაევროპული გუნდი მსოფლიოს სახელბურთო ჩემპიონატების ისტორიაში, ვინც საპრიზო სამეულში შეაღწია. მეორე ნახევარფინალში საფრანგეთი და ესპანეთი თამაშობენ.

 

ლუსაილის დარბაზი სავსეა. ვალერო რივერა ამჯერად ჩვეულებრივ შემადგენლობას აყენებს – კამალალდინ მალლაშს გამთამაშებლად. იუსეფ ბენალი მხოლოდ დაცვაში შემოდის და მთელი ტაიმის განმავლობაში ორჯერ-სამჯერ თუ ერთვება შეტევაში. შესაძლოა, ორი პივოტით თამაშს რივერას მეორე ტაიმში აპირებს, ან რამე სხვა სიურპრიზი აქვს. სწორედ ორი პივოტით დაამარცხა მან გერმანია.

 

პოლონეთი ლიდერობს ტაიმის უმეტესი დროის განმავლობაში. გუნდს აკლია კრჟიშტოფ ლიევსკი, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ცაცია ინსაიდი, მას არ უთამაშია არც შვედეთთან, არც ხორვატიასთან და უკვე შეცვლილია განაცხადშიც. მხოლოდ ტაიმის ბოლოს გამოდის მარცხენა ბეკი კაროლ ბელეცკი, მაგრამ ბენალისთან შეჯახებისას ტრავმას იღებს და ისევ ჯდება. შეუდარებელია მიხალ იურეცკი – რვიდან 6 გოლი პირველ ტაიმში. ხაზზე ბარტოშ იურეცკის ნაცვლად დგას კალათბურთელის სიმაღლის კამილ სიპრჟაკი (208 სმ) რომელსაც გააქვს კიდეც ორი პირველი გოლი. მარცხენა ფრთაზე ვიშნევსკის მაგივრად კრაევსკია. ორჯერ ჩაჭრის მეტოქის პასს მარიუშ იურკევიჩი და თავადვე ასრულებს შეტევას. პოლონეთი ლიდერობს 1-2 ბურთით, ყატარის მთავარ ბომბარდირს ჟარკო მარკოვიჩს თამაში არ მისდის და მას ბერტრან რუანი ცვლის. ბორხა ვიდალს მხოლოდ მე-11 წუთზე მისდის პირველი ბურთი ხაზზე და მხოლოდ კაპოტეა ფორმაში – 6 გოლი პირველ ტაიმში. გუნდს ვერც სტოიანოვიჩის ნაცვლად შემოსული სარიჩი შველის.

 

ზედიზედ ორი გაძევების შემდეგ პოლონელები ინარჩუნებენ ერთბურთიან სხვაობას, მერე კი რივერა ტაიმაუტს იღებს. ჰასაბ ალა და მალაში შედიან ხაზზე და 6 მეტრიდან გააქვთ გოლი, გააქვს რუანს, კაპოტეს და ორი ბურთით უკვე ყატარი ლიდერობს, ტაიმის ბოლოს კი მემიშევიჩი სხვაობას სამამდე ზრდის – ყატარი იგებს პირველ ტაიმს 16-13, მეორეში უკვე სარიჩი იგერიებს სამ ბურთს ზედიზედ და 19-14, 36-ე წუთზე. უკვე მიხაელ ბიგლერის ტაიმაუტის ჯერია.

 

და მსაჯობა? თამაშისშემდგომი სტატისტიკა ასეთია: ორწუთიანები 5-2, შვიდმეტრიანები – 4-2, ცხადია, ყატარის სასარგებლოდ. იყო რამდენიმე სხვა შეცდომაც. სერბი მსაჯები ვერ ამჩევენ რომ ჰასაბ ალლას ბურთი ფეხზე ხვდება, რის შემდეგაც სწრაფ შეტევაში ყატარს გოლი გააქვს, არ ნიშნავენ შვიდმეტრიანს სიპრჟაკის და ვიშნევსკის წინააღმდეგ უხეშობისთვის, სამი ნაბიჯის შემდეგ გარბენს უფიქსირებენ ვიშნევსკის.

 

პოლონელებს ვერც მეკარეები შველიან, 21-16, 40 წუთის შემდეგ, მაგრამ მ. იურეცკი და ბელეცკი ამცირებენ სხვაობას 18-21, ბოლოსდაბოლოს გააქვს როევსკისაც – 19-22. რუანი იყენებს რიცხობრიც მეტობას, მაგრამ იურეცკის ბურთიანად შეაქვს კარში სარიჩი და მერე შიბა გარბის გარღვევაში – 21-23, სირენამდე 9 წუთით ადრე.

 

კრიტიკული მომენტი დგება, როდესაც 26-ე წუთზე მსაჯები როგორც იქნა აძევებენ ყატარელს და შვიდმეტრიანსაც ნიშნავენ. იურეცკის გააქვს, 24-26, მაგრამ ორწუთიანი მეტობის შემდეგ პოლონელები ისევ 2 გოლით აგებენ – 26-28. დანარჩენ სამ წუთში ისინი აქტიურ დაცვას მიმართავენ, მაგრამ ზედიზედ ეპარებათ 6-მეტრიან ხაზზე მალლაში და მემიშევიჩი, ხოლო ბოლო წუთზე პოლონეთი ბურთს კარგავს, შმალი გრძელი პასის ჩასაჭრელად გამორბის და ჰასაბ ალას ცარიელ კარში გააქვს. 31-28 და საბოლოოდ, 31-29. მსაჯობა მსაჯობაა, მაგრამ თამაშს ვერ მოიგებ, როდესაც ორივე მეკარე მხოლოდ 4 ბურთს მოიგერიებს, მსაჯი იქითაც რომ მოგეხმაროს.

 

***

ყატარი მსოფლიო ჩემპიონატებზე 2003 წლიდან თამაშობს – ერთხელ მერვედფინალშიც გავიდა, წინა პირველობაზე კი მეოცე ადგილზე იყო. 1991 წლიდან მათ რამდენჯერმე მოუგიათ ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები აზიის ჩემპიონატზე, მაგრამ 2014 წლიდან ახალი ხანა დაიწყო: გუნდმა მოიგო აზიის ჩემპიონატი ბაჰრეინში და აზიის თამაშების ტურნირი კორეაში.

 

უკვე სხვა გუნდია. ჟარკო მარკოვიჩი, გორან სტოიანოვიჩი და იოვო დამიანოვიჩი მონტენეგროელები არიან; დანიელ სარიჩი და ელდარ მემიშევიჩი – ბოსნიელები; ბერტრან რუანი ფრანგია და ერთხელ ევროპის ჩემპიონატზეც აქვს ნათამაშევი; დაცვის ბურჯი ჰასან მაბრუკი ეგვიპტელია, უნივერსალი იუსეფ ბენალი – ტუნისელი; ხოლო პივოტი ბორია ვიდალი ყოფილა ბორხა ვიდალ ფერნანდეს-ფერნანდესი, ესპანელი; რაფაელ კაპოტე – კუბელი; ექვსი კაცი ალალად ყატარელია – მალლაში, ჰასაბ ალლა, ალ ქარბი, მადადი, ჰამდუნი და ზაქარი. მათგან პირველი ორი რეგულარულად თამაშობს დამწყებ შვიდეულში. როდესაც ვალერო რივერას ჰკითხეს, რას ფიქრობს ამ ინტერნაციონალზე, მწვრთნელმა უპასუხა, რომ არაფერსაც არ ფიქრობს – მე მწვრთნელი ვარ და თამაშზე მაქვს საფიქრალიო. ჩვენც უბრალოდ ფაქტები მოვიყვანეთ და არაფერსაც არ ვფიქრობთ ამაზე – ყატარელები აკეთებენ იმას, რაც წესებითაა ნებადართული.

 

რამდენიმე წუთში კი იწყება ნაადრევი ფინალი, საფრანგეთი-ესპანეთი. თუმცა, ალლაჰმა უწყის…

 

***

5-8 ადგილებისთვის მებრძოლ გუნდებს ლოკალური ამოცანა აქვთ გადასაწყვეტი. 2016 წლის ოლიმპიადის ლიცენზიას მიიღებს მხოლოდ წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი, ხოლო 2-7 ადგილზე გასული გუნდები მოიპოვებენ ოლიმპიადის შესარჩევი ტურნირის საგზურებს. შესაბამისად, დღევანდელ ნახევარფინალში გამარჯვებულებმა ხორვატიამ და დანიამ, ეს საგზური უკვე გაინაღდეს, ხოლო ბოლოს 31 იანვარს გაითამაშებენ გერმანია და სლოვენია.

 

სულ ოლიმპიადაზე 12 გუნდი გამოვა – მასპინძელი ბრაზილია, 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ოთხი რეგიონის საუკეთესო გუნდი (2016 წლის ევროპისა და აფრიკის ჩემპიონები, 2015 წლის პანამერიკული თამაშების ჩემპიონი და 2015 წლის აზიის საკვალიფიკაციო ტურნირის გამარჯვებული), ხოლო დანარჩენი 6 საგზური გათამაშდება სამ შესარჩევ ტურნირზე 2016 წლის აპრილში. ამ სამ შეჯიბრებაზე ითამაშებს 12 გუნდი, 6 შეირჩევა ყატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო დანარჩენი 6 – რეგიონულ ტურნირებზე.

 

მამუკა ჩიხლაძე, geohandball.ge

სპეციალურად, ყატარიდან

 

ხელბურთი. მსოფლიო ჩემპიონატი 2015. კაცები, ყატარი.

(1) ლუსაილ არენა – 15 300, (2) ალ სად არენა – 7 700

ნახევარფინალი , 30 იანვარი

 

ლუსაილი. პოლონეთი – ყატარი 29-31

პოლ: შმალი 4/26, ვიშომირსკი 0/9 – მ. იურეცკი 12/9, იურკევიჩი 7/5, ბ. იურეცკი 3/3, შიბა 3/3, დაშეკი 5/3, ვიშნევსკი 3/2, სიპრჟაკი 4/2, ბელეცკი 2/1, როევსკი 4/1, ხრაპკოვსკი 1/0, კრაევსკი 1/0, გრაბარჩიკი

ყატ: სარიჩი 12/34, სტოიანოვიჩი 0/7 – მალლაში 6/6 (7 პასი), კაპოტე 9/6, ჰასაბ ალლა 5/5, მარკოვიჩი 9/5, რუანი 8/3, მემიშევიჩი 3/2, ჰამდუნი 3/2, ვიდალი 1/1, ბენალი 1/1, მაბრუკი, მადადი, ზაკარი

მსაჯები: სტოიკოვიჩი, ნიკოლიჩი (სრბ)

 

22:00 ლუსაილი. ესპანეთი – საფრანგეთი

ესპ: პერესი, სიერა – რივერა, კანელასი, ენტრერიოსი, გარსია, მაკედა, გვარდიოლა, აგინაგალდე, დუიშებაევი, ტომასი, მოროსი, უგალდე, როკასი, როდრიგესი, ანდრეუ

საფ: ომაიერი, დიუმულენი – ნარსისი, ნ. კარაბატიჩი, ჟოლი, მაე, პორტი, ლ. კარაბატიჩი, ბარაშეტი, ნიოკა, გიგუ, სორენდო, ფერნანდესი, აკამბრეი, გრები, ანიჩი

5-8 ადგილები, ალ სადი

ხორვატია 28 – შტრლეკი 8, ჩუპიჩი 5, სლიშკოვიჩი 4, კოპლიარი 3, დუვნიაკი 3

გერმანია 23 – შონგარტი 6, გენსჰაიმერი 6, ზელინი 3

დანია 36 – სვანი 13/13, ქრისტიანსენი 7, ლაუგე 4

სლოვენია 33 – გაიჩი 14/12 (6 პენ)

 

ფინალი, ლუსაილი

31 იანვარი

17:30 7/8 ადგილები. გერმანია-სლოვენია (1)

20:15 5/6 ადგილები. ხორვატია-დანია (1)

1 თებერვალი

17:30 3/4 ადგილები. პოლონეთი- (1)

20:15 1/2 ადგილები. ყატარი- (1)

ყველა თამაშის პირდაპირი სტრიმი:

http://www.qatar2015live.com/watch-live

 

Leave a Reply