29/05/15 თამაზ ანთაძის იუბილე თელავში აღინიშნება
2015 წლის 1 ივნისს 80 წელი სრულდება გამოჩენილი ქართველი ხელბურთელის და სპორტის მოღვაწის, თამაზ ანთაძის დაბადებიდან. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელბურთის ფედერაცია 31 მაისს, კვირას, თელავში აწყობს ანთაძის ხსოვნის დღეს.
თელავში ჩავლენ ყველა თაობის ხელბურთელები – ვეტერანებიდან დაწყებული, ოლიმპიური ნაკრებებით დამთავრებული. მოეწყობა საჩვენებელი მატჩები, ბავშვთა ხელბურთის ფესტვალი, ფოტოგამოფენა, ძველი, სახელბურთო კინოქრონიკის ჩვენება.
თამაზ ანთაძე, სპორტული მეტსახელით „ფარჩო“, გახლდათ თბილისის „ქარიშხალას“ ხელბურთელთა განთქმული გუნდის პირველი კაპიტანი, გამთამაშებელი, ერთ-ერთი ლიდერი, სწორედ მან ჩაიბარა საბჭოთა კავშირის პირველ ჩემპიონატში გამარჯვებისთვის დაწესებული თასი 1962 წელს.
ანთაძე მრავალმხრივი სპორტსმენი იყო. ხელბურთში კალათბურთიდან მოვიდა, კარგად თამაშობდა ჩოგბურთს, შესანიშნავად იდგა თხილამურებზე, იყო აზარტული წყალქვეშ მონადირე. მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ დროდადრო მუშაობდა მწვრთნელადაც, სამშობლოში თუ უცხოეთში, ხოლო კახეთში, ტრესტ „ალაზანმშენის“ მთავარ ინჟინრად მუშაობისას, უდიდესი ამაგი დასდო მხარის სპორტულ ცხოვრებას – მისი ხელმძღვანელობით აშენდა თელავში სპორტთამაშების დარბაზი, ჩოგბურთის კორტები, ხოლო გომბორის ქედზე, ცივის მთაზე – სამთოსათხილამურო ტრასა და საბაგირო. საბაგირო შემდეგ გუდაურში გადაიტანეს, ხოლო კორტებსა და დარბაზში დღესაც იმართება საერთაშორისო შეჯიბრებები.
როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, ანთაძის ტალანტსაც ბევრი წახნაგი ჰქონდა და ყველა მათგანს მთელი ვნებით ემსახურებოდა. 45 წლისა მხატვრობამ გაიტაცა და ლამის კიდევ ერთ პროფესიად ექცა – ცხოვრების ბოლომდე ხატავდა და გამოფენებშიც მონაწილეობდა.
სისხლსავსე ცხოვრებით იცხოვრა 67 წელიწადი. ბოლო წელიწადს საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებს უთავკაცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე, იქიდან ჩვეულებრივ, მხნედ, ქმედების წყურვილით აღსავსე დაბრუნდა, მაგრამ უკურნებელი სენი აღმოაჩნდა და მალევე აღესრულა.
2015 წელს, დაბადებიდან 80 წლისთავზე, ოჯახის წევრები, მეგობრები, ხელბურთელები, თელაველები, ქართველები – კიდევ ერთხელ გავიხსენებთ სპორტსმენსა და მოღვაწეს, თამაზ ანთაძეს.
თამაზ ანთაძე
დაიბადა 01.06.1935, თბილისში – გარდაიცვალა 17.11. 2002, იქვე. თამაშობდა თბილისის “ბურევესტნიკსა” (1960-70) და სსრკ ნაკრებში (1964-70). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 64), სამგზის მეორე (1965, 66, 67) და მესამე (1963) პრიზიორი. სამჭოთა კავშირის ნაკრებში – 6 მატჩი, 6 გოლი.
ჩამოაყალიბა გუნდები: “დინამო” და “კოლმეურნე” (1970), თელავში დააარსა ბავშვთა და მოზარდთა სპეციალიზებული სპორტული სკოლა (1981). იყო ოლიმპიური რეზერვების ხელბურთის სკოლის დირექტორი (1985-88), ქუვეითის კლუბების “ალ-არაბის” (1989-90), “კლაბ ქუვეითის” (1991-92) და ამ ქვეყნის ნაკრების (1993-94) მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით “ალ-არაბიმ” ქვეყნის თასი მოიგო (1990), “კლაბ ქუვეითი” მესამე პრიზიორი (1992), ნაკრები კი აზიის თამაშების ჩემპიონი გახდა (1994). საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
თელავი ვალშია მასთან
პატარა ქალაქში ხმა უცბად ვრცელდება – ,,ალაზანმშენის” მთავარ ინჟინრად თბილისელი კაცი დანიშნეს, საბჭოთა კავშირის ჩემპიონის თბილისის ,,ქარიშხალას“ ხელბურთელთა გუნდის კაპიტანი თამაზ ანთაძე, მეტსახელად ,,ფარჩო“ რომ ჰქვიაო …. 70-იანი წლების დასაწყისი იყო.
დრო გადის და ირკვევა, რომ თურმე რა კაცი შემატებია თელავს – მშენებელი, მრავალმხრივი სპორტსმენი, მწვრთნელი, მხატვარი, არქიტექტორი იუმორისტი და კიდევ რა ვიცი, ერთი სიტყვით მაგარი ნიჭიერი კაცი – ტიპიური ,,გეპეისტი“. იქ ხომ კონსერვატორიის, სამხატვრო აკადემიის, თეატრალური და ფიზკულტურის ინსტიტუტების ,,ფილიალები“ იყო თითქოს გახსნილი.
ბუნებით ლიდერად დაბადებულს, პირველობაც უყვარდა და შეჯიბრიც, და არა ჯიბრი და ბოღმა. ხოდა ასეთმა, თელავში ჩამოსვლისთანავე, სპორტული ბიჭების ძებნა დაიწყო. შექმნა ხელბურთელთა გუნდი და მოკლე დროში საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები ლამის ნახევრად თელავური გახადა. დაუმარცხებელ თბილისსაც სძლია და მაინც კახელთა სატახტო ქალაქი ვიცე – ჩემპიონობით დააკმაყოფილეს, მაშინ ხომ დედაქალაქელთა წაგება ,,არ შეიძლებოდა“.
მოუსვენარი კაცი ნოვატორიც იყო და იდეისტიც – სათხილამურო ,,კანატკა“ ჰკიდა ცივის მთას, მაგრამ ბედი არ გინდა? იმ წლებში თელავში თოვლი არ მოვიდა და სათხილამური ბაზის იდეაც ჩავარდა. არ დაისვენა, რაიკომის მდივანი აიძულა ჩოგბურთის კორტები მოეწყო. ეს საქმეც ,,გაჩარხა“ და ქალაქს განსხვავებულობა შემატა. შემდეგ დაკონსერვებული სამდარბაზიანი სპორტული კომპლექსის მშენებლობა გააცოცხლა, დაამთავრა და სპორტთამაშების სკოლაც გახსნა.
თამაზ ანთაძე სპორტში ,,არქეოლოგიც“ იყო და შორსმხედველი სელექციონერიც. ,,ტყემალზე მჯდარ“ ყმაწვილს ჩამოიყვანდა, პერსპექტივას გათვლიდა მასში და ათიანშიც გაარტყამდა.
თავისუფალ კაცს ჩარჩოში ვერ ჩასვამდი და კომუნისტურ რეჟიმშიც პოულობდა თავისულებას. აბა, სხვა რა იყო, სპორტდარბაზს ამერიკის ეროვნულ დროშას რომ ,,ჩააცვამ“.
თავისუფალ კაცს სამშობლოს თავისუფლებამაც უწია, თვითონ კი არაბულ სამყაროს და მამლუქივით გაიბრძოლა იქაურ სპორტშიც. სულ მოძრაობდა, რადგან მყინვარს თერგს ამჯობინებდ, კუვეიტიდან თელავში ჩამიორბენდა, მოინახულებდა სპორტსმენებს, მეგობარ მხატვრებს, მშენებლებს და ისევ გარბოდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა ამ არასტანდარტულ და არაორდინალურ კაცს.
იუმორით სავსე წლებს არ იტყობდა. მისთვის წლების მატება უბრალო არითმეტიკა იყო და არა სიმძიმე და სიბერე და მაინც ვერ შევიდა იმ ასაკში.
შეიძლება ხმამაღალიც იყოს, მაგრამ თელავი ვალშია მასთან. ისე კი, თუ ვალს გაისტუმრებ, რაღაც მდორდება, ვალში ყოფნა კი მუდმივად რაღაცას გაიძულებს. და თუ ასეა ვიყოთ ხანგრძლივად მასთან ვალში.
სანამდე სუნთქავ – ცოცხლობ, სანამდე უყვარხარ, ახსოვხარ ხალხს – ცხოვრობ. ჰოდა, კაი ხანს მოუწევს ცხოვრება ამ თბილისელ – თელაველ კაცს.
ნიკო ვაყელიშვილი, თელავიდან