28/06/15 ჭაბუკთა ნაკრები შვედეთში გაემგზავრა

საქართველოს ხელბურთელთა კიდევ ერთი, მესამე ნაკრები გაემგზავრა საერთაშორისო ტურნირზე. ჩვენი ცხრამეტწლამდელთა გუნდი 29 ივნისიდან 3 ივლისამდე შვედეთში, გიოტებორგში, თანატოლთა ევროპის ღია პირველობაზე იასპარეზებს.

შეჯიბრება ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური ტურნირების სიაშია. ცხრამეწტლამდელთა ევროპის ჩემპიონატები ლუწ წლებში იმართება, ხოლო კენტ წლებში მას ეს შეჯიბრება ანაცვლებს. ევროპის ღია პირველობა არის ჭაბუკთა უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი და მთავარი ტურნირი.

საქართველოს ნაკრებმა, ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი შეკრება ურეკის პლაჟსა და ოზურგეთის სპორტის სასახლეში გაიარა და შემდეგ თბილისში ემზადებოდა. მწვრთნელების განკარგულებაში არის ამ ასაკის თითქმის ყველა უძლიერესი მოთამაშე – აკლიათ მხოლოდ მარცხენა გარემარბი ვლადიმერ ბაძაღუა, რომელიც ეროვნულ გამოცდებს აბარებს. გუნდის მთავარმა ბომბარდირმა, თემურ ორჯონიკიძემ ტრავმის გამო სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, შემდეგ მენისკის ოპერაცია გაიკეთა და ნელ-ნელა შედის ფორმაში. პრობლემა ისაა, რომ ნაკრების სამი წევრი, მაისაშვილი, გოგოლაძე და გიორგაძე პლაჟის ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე თამაშობს ესპანეთში, რის გამოც შვედეთში ჩასვლა ერთი დღით დააგვიანდება.

პირველ დღეს კი ჯგუფური ტურნირის ერთბაშად ორი მატჩი გვაქვს პორტუგალიასა და ისლანდიასთან, 30 ივნისს ფინეთს ვეთამაშებით. ამის შემდეგ შეჯიბრება ორად გაიყოფა – ჯგუფების ორ-ორი გამარჯვებული პირველობისთვის იბრძოლებს, ხოლო დანარჩენები – 9-16 ადგილებისთვის. 1-2 ივლისს გაიმართება მეორე ჯგუფური ეტაპის 3 ტური, ხოლო 3 ივლისს ფინალებია, რის შემდეგაც თექვსმეტივე გუნდი თავის ადგილს მიიღებს საბოლოო კლასიფიკაციაში.

ევროპის ღია პირველობა (19). გიოტებორგი, შვედეთი

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, მოლდოვა – B ჯგუფი: შვედეთი, რუმინეთი, ესტონეთი, კოსოვო – C ჯგუფი: ისლანდია, პორტუგალია, ფინეთი, საქართველო – D ჯგუფი: რუსეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, ფარერები

29 ივნისი: პორტუგალია-საქართველო, საქართველო-ისლანდია, 30 ივნისი: ფინეთი-საქართველო

1, 2 ივლისი: მეორე ჯგუფური ეტაპი, 3 ივლისი: ფინალი

საქართველოს ნაკრები: ზურაბ ცინცაძე (GK, 1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (GK, 1996, თუთუნსფორი, თურ) – ჯაბა ხაჟომია (P, 1996, სამტრედია), გიგა კოხრეიძე (P, 1996, პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (CB, 1997, სამტრედია), ამირან აბჟანდაძე (CB, 1996, პეგასი), თემურ ორჯონიკიძე (LB, 1996, სტუ), გივი გიორგაძე (LB, 1996, პეგასი), ალექსანდრე ცხვარაშვილი (RB, 1996, პეგასი), თორნიკე მაისაშვილი (RB, 1996, სტუ), გიორგი დიხამინჯია (RW, 1997, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, 1996, სტუ), კარლო მათნაძე (LW, 1997, ქუთაისი), მიხეილ ნაზღაიძე (LW, 1998, პეგასი)

მთ. მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, მწვრთნელი გიორგი სახვაძე

Leave a Reply