28/01/14 ლეკიჩი და დუვნიაკი – წლის საუკეთესო ხელბურთელები
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ 2013 წლის საუკეთესო ხელბურთელებად დაასახალა სერბი ანდრეა ლეკიჩი და ხორვატი დომაგოი დუვნიაკი.
გამოკითხვა ჩატარდა ქომაგებს, ჟურნალისტება და სახელბურთო ექსპერტებს შორის. მონაწილეობა 35 ათასამდე ქომაგმა მიიღო. 26 იანვარს, ევროპის ჩემპიონატის ფინალის დღეს ლაურეატები დააჯილდოვეს ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ჰასან მუსტაფამ და სპონსორი კომპანიის, გრუნდფოსის დირექტორმა. ორივემ ჯილდოდ 10-10 ათასი ევროს ჩეკი მიიღო.
ორივე გამარჯვებული 26 წლისაა და ორივემ ხმების 33 პროცენტი დააგროვა. დუვნიაკი 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილზე გავიდა, ჰამბურგთან ერთად ჩემპიონთა თასი მოიპოვა, ხოლო ახლახან, 2014 წლის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო გამთამაშებელი გახდა. მაკედონიურ კლუბში, ვარდარ სკოპიეში მოთამაშე ლეკიჩი საუკეთესო მოთამაშე იყო სერბეთის ნაკრებისა, ვინც 2013 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა. ანდრეამ 2013 წელს ჩემპიონთა თასიც მოიგო თავის ყოფილ კლუბში, უნგრეთის დიორი ეტოში.
კაცებში მეორე ადგილზე გავიდა დანიელი მიქელ ჰანსენი (2011 წლის საუკეთესო მოთამაშე, 27%), მესამეზე – ესპანელი მეკარე არპად შტერბიკი (2005 წლის ლაურეატი, 20%). 2012 წლის საუკეთესო მოთამაშე, ფრანგი დანიელ ნარსისი მეხუთე იყო 7 პროცენტით. ქალებში მეორე იყო უნგრელი ანიტა გორბიცი (27%), მესამე – ნორვეგიელი კატრინ ლუნდე (20%). სამივე პრიზიორი, ისევე როგორც მეოთხე ადგილზე გასული კატარინა ბულატოვიჩი (მონტენეგრო, 13%) 2013 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელია დიორი ეტოს შემადგენლობაში.
ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია საუკეთესო მოთამაშის პრიზს 1988 წლიდან ათამაშებს. 2012 წლის გამარჯვებულები იყვნენ ფრანგი დანიელ ნარსისი და ბრაზილიელი ალესანდრა დუ ნაშიმენტუ.