27/01/14 მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა

განახლდა ხელბურთის საკლუბო სეზონი. საქმეში ერთვებიან ქართველი ლეგიონერები. თურქეთში, ტრაბზონსფორმა შინ 38:30 დაამარცხა ანაფენ კოლეჯი.

5 გოლი გაიტანა რატი მსხვილიძემ, ხოლო საუკეთესო იყო აზერბაიჯანელი ოლეგ გეორგიევსკი – 12. ტრაბზონის მეორე ქართველს, გიგა ტორონჯაძეს არ უთამაშია. ტრაბზონსფორს 14 თამაშიდან 8 მოგება აქვს და მეხუთე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 29 იანვარს გამართავს გენჩლერბირლიგისთან.

რუმინეთში ტიმიშოარას პოლიტექნიკა ბუქარესტში 26:33 დამარცხდა სტიაუასთან, თუმცა, ტრავმირებული ირაკლი ჩიქოვანი მინიმუმ კიდევ ერთი თვე ვერ ითამაშებს. შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას შტიინცა ბაკეუს გუშინ კონსტანცაში უნდა ეთამაშა ჩემპიონატის ლიდერთან, მაგრამ თამაში რატომღაც ზუსტად ევროპის ჩემპიონატის ფინალის დროს იყო დანიშნული და გადაიდო. მომდევნო მატჩი ბაკეუს 29 იანვარს შინ ექნება ბაია მარესთან. პირველი წრე შტიინცამ მესამე ადგილზე დაასრულა 31 ქულით, ხოლო ტიმიშოარა 12 ქულით მერვეზე იყო.

ჯერ არ განახლებულა მაკედონიის პირველობა, სადაც ზომიმაკ-სტრუმიცა უდანაკარგოდ ლიდერობს. გუნდმა გამართა ორი ამხანაგური თამაში, სადაც საუკეთესო იყო რევაზ ჭანტურია. სლოვაკეთში სტრუმიცა ჰლოჰოვეცთან 28:32 დამარცხდა (ჭანტურიამ 8 გოლი გაიტანა), ხოლო კოსოვოს ბესასთან მოგებულ თამაშში (34:24) ქართველი გარემარბის ანგარიშზე 13 გოლია.

8 თებერვალს სტრუმიცა დაიწყებს ფედერაციის თასის ჯგუფურ ეტაპს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან საფრანგეთის მონპელიე, დანიის სკიერნი და პორტუგალიის სპორტინგი.

ფოტო: მსხვილიძე (24) ანაფენ კოლეჯთან მატჩში

Leave a Reply