24/06/15 ჭაბუკთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრა

ესპანეთის საკურორტო ქალაქ ლიორეტ დელ მარში (კატალონია) 26-28 ივნისს იმართება ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატი ქვიშის ხელბურთში, სადაც მონაწილეობს საქართველოს ცხრამეტწლამდელთ ნაკრები.

გუნდი უკვე გაემგზავრა ესპანეთში და 26 ივნისს ჯგუფური ეტაპს ერთბაშად სამ მატჩს გამართავს. 27 ივნისს პირველი რაუნდი დასრულდება და გაიმართება ნახევარფინალი, რომელშიც ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა, 28 ივნისს კი ფინალებია.

საქართველოს ნაკრებმა, მამუკა მჟავანაძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით, საწვრთნელი შეკრება გაიარა ურეკში, ხოლო იქამდე საქართველოს ჩემპიონატის ორ ეტაპზე იასპარეზა. სამწუხაროდ, მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანის საშუალება არა აქვთ – ივნისის ბოლოს ამავე ასაკის ნაკრებს კლასიკურ ხელბურთში ევროპის ღია პირველობა აქვს გიოტებორგში, ამიტომ, მჟავანაძეს კატალონიაში შესაბამისი ასაკის მხოლოდ 3 ხელბურთელი ეყოლება, დანარჩენებს კი 1997-1998 წლებში დაბადებულებიდან იმატებს, თანაც მხოლოდ იმათ, ვინც ჩვიდმეტწლამდელთა ოლიმპიურ ნაკრებში არ არის დაკავებული. ტურნირის შემდეგ სამი მოთამაშე, მაისაშვილი, გოგოლაძე და გიორგაძე გიოტებორგში გადაფრინდება და იქაც ითამაშებს.

ესპანეთში იმყოფება საქართველოს ოლიმპიური ნაკრებიც, რომელმაც 2 ამხანაგური მატჩი მოუგო ბარსელონას თანატოლებს და 25 ივნისიდან გრანოლერსის თასზე გამოვა.

ქვიშის ხელბურთი, ევროპის ჭაბუკთა ჩემპიონატ (19)

A ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, პორტუგალია, საქართველო

B ჯგუფი: ესპანეთი, რუსეთი, შვეიცარია, რუმინეთი

26 ივნისი: პორტუგალია-საქართველო, საქართველო-თურქეთი, უნგრეთი-საქართველო, 27 ივნისი: საქართველო-ხორვატია, ნახევარფინალი, 28 ივნისი: ფინალი

საქართველო: ნოდარ ლორია (GK, 1997, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (GK, 1998, გორი) – გივი გიორგაძე (1996, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), თორნიკე მაისაშვილი (1996, სტუ), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), დავით ყორიაული (1998, თელავი), გიორგი მიქავა (1998, იმედი), თამაზ ტარუაშვილი (1998, გორი), ტარიელ მჭედლიშვილი (1998, გორი)

მთ. მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი ლევან გელაშვილი

Leave a Reply