23/06/15 მეორე გამარჯვება ბარსელონასთან

ესპანეთში მყოფმა საქართველოს ხელბურთელთა ოლიმპიურმა ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩიც მოუგო ბარსელონას თანატოლთა, ჩვიდმეტწლამდელთა გუნდს – 27-25. პირველი მატჩის ანგარიში 28-26 იყო.

ჩვენი ნაკრები ემზადება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც 27 ივლისს დაიწყება თბილისში, ახალ სახელბურთო არენაზე. მწვრთნელები კმაყოფილი არიან კატალონიური ტურნეთი. ორივე მატჩი საინტერესო გამოვიდა და აჩვენა, რომ ამ მომენტისთვის ოლიმპიური ნაკრები კარგ ფორმაშია. გუნდი ცხოვრობს საფეხბურთო კლუბ ბარსელონას საწვრთნელ ბაზაზე და იქვე ვარჯიშობს.

23 ივნისს ნაკრებს ორი ვარჯიში აქვს ტიტო ვილანოვას სახელობის საწვრთნელ ცენტრში, ხოლო ხვალ გაემგზავრება ბარსელონასთან ახლოს მდებარე ქალაქ გრანოლერსში, სადაც მეჩვიდმეტედ იმართება ჭაბუკთა დიდი სახელბურთო ფესტივალი, გრანოლერსის თასი. წლეულს აქ ჭაბუკთა და გოგონათა 5-5 ასაკობრივ ჯგუფში 15 ქვეყნის 325 გუნდი ითამაშებს.

ჩვენს ასაკობრივ ჯგუფში 37 გუნდია – საქართველოს ნაკრები შვიდგუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქედ ერთი გერმანული და 5 ესპანური კლუბი ეყოლება და 25, 26, 27 ივნისს ჯგუფური ტურნირის 2-2 მატჩს გამართავს. ჩვენი ჯგუფიდან მერვედფინალში ორი საუკეთესო გადის, ხოლო მესამე ადგილზე გასულს ბრძოლის გასაგრძელებლად დამატებითი მატჩის გამართვა მოუწევს. ყველაზე დიდი სირთულე ისაა, რომ მთელი პლეიოფი ერთ დღეს, 28 ივნისს გაიმართება.

37 მონაწილე გუნდიდან 26 ესპანეთისაა, 2-2 გერმანული და შვედური, თითო მონაწილე ჰყავთ საქართველოს, კენიას, ისლანდიას, ნორვეგიას, ბოსნიას, იტალიას, პორტუგალიას. ასაკობრივი კატეგორიაა 1997-98 წელში დაბადებულები, თბილისის ფესტივალი კი ერთი წლით უმცროსებს, 1998-99 წლებში დაბადებულებს შორის იმართება. საქართველოს ნაკრები გრანოლერსში გამარჯვებისთვის იბრძოლებს და ძალების შემოწმების ძალიან კარგი საშუალებაც მიეცემა მთავარი ტურნირის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები (-17) ესპანეთში

22 ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 25-27

საქ: ხანდოლიშვილი (20 მოგერიება, 2 შვიდმეტრიანი), ხარაიშვილი – კბილაშვილი 6, ზარნაძე 5, არსენაშვილი 5, ბულბულაშვილი 4, ცხოვრებაძე 3, რუსტამოვი 3, ფერაძე 1, მაისურაძე, მერკვილაძე, იობაშვილი, ტიელიძე, გოგავა, მამულაშვილი,

21ივნისი: ბარსელონა (17) – საქართველო (17) 26-28

24-28 ივნისი: გრანოლერსის თასი (-18, 1997-98)

F ჯგუფი: საქართველო, ზარშტედტი (გერ), ვილა არანდა, VIC, პარეტსი, კორასონისტასი, ტერასა (ესპ)

25 ივნისი. 17:40 – ზარშტედტი, 20:20 – VIC, 26 ივნისი. 13:40 – ვილა არანდა, 16:20 – ტერასა, 27 ივნისი. 11:00 – პარეტსი, 13:40 – კორასონისტასი, 28 ივნისი: მერვედფინალი, მეოთხედფინალი, ნახევარფინალი, ფინალი

Leave a Reply