23/06/15 მეტოქეები: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი

ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს 2017 წლის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე იქნებიან პორტუგალია, ისრაელი და ესტონეთი. შეჯიბრება ნოემბერში იწყება. ორწრიანი ტურნირის შემდეგ პლეიოფში გავა მხოლოდ ჯგუფის გამარჯვებული.

წილისყრა 23 ივნისს გაიმართა ვენაში. სრული შედეგები ასეთია:

1 ჯგუფი: ბოსნია, ლიტვა, სლოვაკეთი, კოსოვო

2 ჯგუფი: ავსტრია, ფინეთი, რუმინეთი, იტალია

3 ჯგუფი: ლატვია, უკრაინა, საბერძნეთი, კვიპროსი

4 ჯგუფი: პორტუგალია, ისრაელი, ესტონეთი, საქართველო

5 ჯგუფი: ჩეხეთი, თურქეთი, ბელგია

6 ჯგუფი: ჰოლანდია, შვეიცარია, ლუქსემბურგი

საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება 2015 წლის 4-8 ნოემბერს, ასევე 2016 წლის 6-10 და 13-17 იანვარს.

კვალიფიკაციის პირველ ეტაპზე მონაწილეობს ყველა ის ქვეყანა, რომელიც 2016 წლის ევროპის პირველობის ფინალურ ტურნირზე ვერ მოხვდა. ევრო 2016 გაიმართება იანვარში, პოლონეთში. ამ ტურნირიდან მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მიიღებს 3 საუკეთესო გუნდი და საფრანგეთს, როგორც მოქმედ მსოფლიო ჩემპიონსა და 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელს, იქ მონაწილეობის უფლება გარანტირებული აქვს.

დანარჩენი 12 ქვეყანა გადმოერთვება პლეიოფში და დაემატება პირველი ეტაპის 6 გამარჯვებულს. 18 გუნდი დაწყვილდება და 2016 წლის 10-12 და 14-16 ივნისს გამოავლენს მსოფლიო ჩემპიონატის კიდევ 9 მონაწილეს ევროპიდან. თამაშები გაიმართება შინ/სტუმრად ფორმატით.

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა უკვე გაიმართა. A ჯგუფი, კრაკოვი: საფრანგეთი, პოლონეთი, მაკედონია და სერბეთი. B ჯგუფი, კატოვიცე: ხორვატია, ისლანდია, ბელარუსი, ნორვეგია. C ჯგუფი, ვროცლავი: ესპანეთი, შვედეთი, გერმანია, სლოვენია. D ჯგუფი, გდანსკი: დანია, უნგრეთი, რუსეთი, მონტენეგრო. 3-3 საუკეთესო გუნდი გავა მთავარ რაუნდში, სადაც შეიქმნება ორი ჯგუფი, კრაკოვსა და ვროცლავში, ხოლო ფინალური ოთხეული კრაკოვში ითამაშებს.

გაიმართა ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის, პლეიოფის წილისყრაც. ლუქსემბურგი, რომელმაც ჯგუფში აჯობა საქართველოსა და ესტონეთს, შეხვდება ფინეთს, რუმინეთი – ისრაელს, ხოლო ბელგია – თურქეთს. თამაშები გაიმართება 2016 წლის 6-7 და 9-10 აპრილს. 3 გამარჯვებული ჩაერთვება 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში. აქ გამოვა 28 უძლიერესი გუნდი და გამოავლენს 15 ფინალისტს. შეჯიბრება გაიმართება 2016 წლის შემოდგომიდან 2017 წლის ივნისამდე. ფინალური ტურნირი დანიშნულია 2018 წელს ხორვატიაში, ხოლო 2020 წლიდან ევროპის ჩემპიონატი 24-გუნდიან ფორმატზე გადადის.

დაბოლოს, დასრულდა ქალთა წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირი. ბოლო საგზური მოიპოვა ყაზახეთის ნაკრებმა, ვინც რეგიონთშორის ტურნირში, შინ, აჯობა კონგოს, მექსიკასა და ავსტრალიას. მსოფლიო ჩემპიონატი 2016 წლის დეკემბერში იმართება დანიაში. 22 მონაწილე უკვე ცნობილია, ხოლო 2 ქვეყანას ხელბურთის საერთაშორისო ფედერაცია ვაილდ-კარდით მიიწვევს. ფინალური ტურნირის წილისყრა 24 ივნისსაა.

Leave a Reply