22/09/14 სანაკრებო სეზონს კარგ ფორმაში ხვდებიან
კარგ ფორმაში ხვდებიან საქართველოს ნაკრების მოახლოებულ მატჩებს უცხოეთში მოთმაშე ქართველი ხელბურთელები.
ჩვენი ბოლო მიმოხილვის შემდეგ ორი ტური გაიმართა რუმინეთის ჩემპიონატში. ოდორჰეიმ ჯერ სტუმრად დაამარცხა სტიაუა (32:27, ვლადიმერ რუსიამ 5 გოლი გაიტანა), ხოლო კვირას უმასპინძლა ქვეყნის ჩემპიონ კონსტანცას. თამაშის ბოლო წუთზე ანგარიში 28:28 იყო, როდესაც კონსტანცას ორი მოთამაშე ჰყავდა გაძევებული, მაგრამ მოახერხა და გოლი გაიტანა. საპასუხო შეტევაში სტუმრებს მესამე ხელბურთელი გაუძევეს და რუსიამ ანგარიში გაათანაბრა. ბოლო შეტევისთვის ოდორჰეის 9 წამი დარჩა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოასწრო – 29:29 და პირველი ქულები დაკარგა. მეკარე შოთა თევზაძემ მე-15-დან 45-ე წუთამდე ითამაშა, რუსიამ კი 5 გოლი გაიტანა. მას გაცილებით მეტი სათამაშო დრო აქვს, განსაკუთრებით შეტევაში, ვიდრე წინა სეზონში, შტიინცა ბაკეუში. ოდორჰეის 4 თამაშიდან 3 მოგება და 1 ფრე აქვს (10 ქულა) და ყველაზე ნაკლები ქულა აქვს დაკარგული ლიდერობს ბაია მარე – 12 ქულა 5 თამაშიდან.
ირაკლი ჩიქოვანის პოლი ტიმიშოარას 2 მოგება აქვს 5 მატჩში. პოლიტექნიკამ შინ დაამარცხა წინა ჩემპიონატის ბრინკაოს პრიზიორი პოტაისა ტურდა – 31:28, ხოლო შემდეგ სტუმრად დამარცხდა ვასლუისთან – 24:25. ქართველმა გამთამაშებელმა ამ ორ მატჩში 10 გოლი გაიტანა, ხოლო ვასლუისთან საუკეთესო იყო 6 გოლით.
თურქეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ტრაბზონსფორი სტუმრად 25:27 დამარცხდა გენჩლერბირლიგისთან, თუმცა, შედეგიანად ითამაშა მარჯვენა შუამარბმა რატი მსხვილიძემ – მან ყველაზე მეტი, 10 გოლი გაიტანა. ითამაშა ნაკრების მეორე მეკარემ, გიგა ტორონჯაძემაც.
ჩემპიონატი დაიწყო მაკედონიაშიც. რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ სტრუმიცამ პირველ ტურში შინ 25:20 მუგო პროლეტს, ქართველმა გარემარბმა კი 4 გოლი გაიტანა.
დაბოლოს, სერგო დათუკაშვილის შესახებ. მისი ახალი კლუბი, ნოვი სადის ვოივოდინა სერბეთის ჩემპიონატის რეგულარულ სეზონს არ თამაშობს და ტიტულის დაცვას დასკვნითი ეტაპიდან შეუდგება. ვოივოდინა მონაწილეობს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის სახელბურთო ლიგაში (SEHA ლიგა).
აქ თამაშობს წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის 5 მონაწილე: უნგრეთის ვესპრემი, მაკედონიის ვარდარი
და მეტალურგი, ბელარუსის მეშკოვ-ბრესტი და ხორვატიის ზაგრები. ასევე – ხორვატიის ჰექსე, ბოსნიის ბორაცი, სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვი, სერბეთის ვოივოდინა და რადნიჩკი. ორწრიან ტურნირს ოთხთა ფინალი დააგვირგვინებს.
ჯერჯერობით ნათმაშევია რეგულარული სეზონის 3 ტური, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მონაწილე გუნდებმა ზოგი მატჩი ნაადრევად გამართეს, რის გამოც ვოივოდინას უკვე 4 თამაში აქვს.
სერბებმა ტურნირი დაიწყეს ვარდართან საშინაო მატჩით და 21:26 წააგეს, შემდეგ შინ დამარცხდნენ ვესპრემთან 19:32, სტუმრად ფრედ ითამაშეს რადნიჩკისთან – 24:24 და სტუმრადვე წააგეს ტატრანთან – 30:36. 6 თამაშიდან 6 მოგებით ვესპრემი ლიდერობს, ხოლო სერგო დათუკაშვილმა ამ 4 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. 36 წლის ვეტერანს საკმაო სათამაშო დრო აქვს და სახელბურთო მედია მას ვოივოდინას ლიდერად მოიხსენიებს უროშ ელეზოვიჩთან და მლადენ ივანოვიჩთან ერთად.
საქართველოს ნაკრები, ყველა ზემოთნახსენებ ხელბურთელთან ერთად, 29 ოქტომბერს ესტონეთში იწყებს ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევს ეტაპს. ესტონეთს 2 ნოემბერს უკვე თბილისში ვუმასპინძლებთ, ხოლო ჯგუფის მესამე წევრს, ლუქსემბურგს, აპრილის ბოლოსა და მაისის დასაწყისში ვეთამაშებით.
ფოტო: სერგო დათუკაშვილი