22/07/14 ევრო 2018: საქართველო, ლუქსემბურგი, ესტონეთი. სამტრედიას ფინეთის გუნდი შეხვდა

ვენაში, ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფისში დასრულდა ევროპის 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ტურინირის წილისყრის პროცედურა. პირველ სტადიაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები იქნებიან ესტონეთისა და ლუქსემბურგის გუნდები. შეჯიბრება 2014-15 წლებში გაიმართება.

ევრო 2018. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი.

A ჯგუფი: საბერძნეთი, ბელგია, კვიპროსი

B ჯგუფი: ესტონეთი, ლუქსემბურგი, საქართველო

C ჯგუფი: რუმინეთი, იტალია, კოსოვო

ევრო 2018-ის მასპინძელი ქვეყანა ჯერ ცნობილი არაა. შეჯიბრებაში მონაწილეობს 38 ქვეყანა. პირველ ეტაპზე ჩაებმება უარესი რეიტინგის მქონე 9 ნაკრები. თამაშები გაიმართება ორ წრედ. სათამაშო პერიოდებია: 2014 წლის ოქტომბერ-ნოემბერი, 2015 წლის აპრილ-მაისი და 2015 წლის ივნისი.

სამი ჯგუფის თითო გამარჯვებული გავა მეორე ეტაპზე, პლეიოფში, სადაც დაუწყვილდება და შინ/სტუმრად პრინციპით ეთამაშება 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარ შესარჩევ რაუნდში უარესი მაჩვენებლების მქონე სამ ქვეყანას. პლეიოფი გაიმართება 2016 წლის აპრილში.

პლეიოფის სამი გამარჯვებული მოხვდება მთავარ შესარჩევ რაუნდში, რომელიც 2016-17 წლებშია დაგეგმილი და ევროპის 28 უძლიერესი ქვეყანა ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ესტონეთს ოფიციალურ მატჩში არასოდეს შეხვედრია, ხოლო ლუქსემბურგი 2008 წლის 20 იანვარს, ნორვეგიაში, ჩელენჯ კაპის ფინალში 28:27 დაამარცხა. საქართველოც, ესტონეთიც და ლუქსემბურგიც 2015 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ერთ სტადიაზე თამაშობდნენ. ქართველებმა თავის ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს ლიტვის შემდეგ (3 მოგება, 3 წაგება), ესტონეთმა ბოსნიასთან, პორტუგალიასთან და ლატვიასთან ჯგუფში მხოლოდ ერთი თამაში მოიგო, ხოლო ლუქსემბურგი 2-2-ჯერ დამარცხდა უკრაინასთან, სლოვენიასთან და შვეიცარიასთან.

ვენაში გაიმართა 2014-15 წლების 5 ევროტურნირის წილისყრაც. ჩელენჯ კაპის პირველ წრეში, მეთექვსმეტედფინალში სამტრედიის მეტოქე იქნება ფინური კლუბი კასიპალოსეურა რიიჰიმიაენ კოქსი. ორი თამაში გაიმართება ნოემბერში.

ქალაქ რიიჰიმიაკის კლუბი, კოქსი (მამლები) საკმაოდ ძლიერი გუნდია. 2013-14 წლების ჩელენჯ კაპზე ფინელებმა ორი წრე გაიარეს – დაამარცხეს პალამანო პრესანო (იტა – 30:24, 27:21), სპარტაკი (ბულ – 31:20, 37:19), ხოლო მეოთხედფინალში წააგეს მომავალ ფინალისტ მეტალოპლასტიკასთან (სრბ – 23:17, 19:26).

Leave a Reply