20/02/15 გამარჯვება ორი წლით უფროსებთან
საქართველოს ჭაბუკ ხელბურთელთა ნაკრებმა გლდანში ამხანაგურ მატჩში 30-24 მოუგო ორი წლით უფროსთა, ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს. შაბათს ჭაბუკები კიდევ ერთხელ შეხვდებიან თბილისში სტუმრად მყოფ აზერბაიჯანის ეროვნულ გუნდს, რომელსაც ერთი მატჩი უკვე მოუგეს.
საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებს განსხვავებული წელიწადი აქვთ. უფროსებს ამჯერად არ უწევთ ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის კვალიფიკაცია და წლეულს პირველად შეიკრიბნენ, ხოლო ჭაბუკები ინტენსიურად ემზადებიან თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიადისთვის – გუნდი ფაქტიურად სულ შეკრებაზე ან ტურნეზეა.
ამ ორი გუნდის წინა მატჩებში უფროსები იმარჯვებდნენ ხოლმე, მაგრამ ჯერ ერთი, ჭაბუკებს საგრძნობლად აქვთ მომატებული, ხოლო ცხრამეტწლამდელებს აკლდათ ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, თემურ ორჯონიკიძე, რის გამოც შეტევა ძალიან დაუბალანსებელი იყო – უკანა ხაზმა სულ 7 გოლი გაიტანა, გარემარბებმა – 12. მეორე ტაიმში მეკარე ზურაბ ცინცაძის ძალიან კარგი თამაში რომ არა, საბოლოო სხვაობა მეტი იქნებოდა.
ძალიან საინტერესო იქნება ჭაბუკთა ნაკრების ტურნე 8-13 მარტს სლოვენიაში, სადაც ისინი შეხვდებიან თბილისის ოლიმპიური ფესტივალის კიდევ ერთ მონაწილეს, იქაურ ჩვიდმეტწლამდელებს.
ცხრამეტწლამდელთა ნაკრებს ივნისში უწევს შვედეთში, პარტილეს თასზე, ანუ ევროპის ღია პირველობაზე თამაში. ამავე გუნდის მოთამაშეები შეადგენენ ნაკრების ძირითად ბირთვს პლაჟის ხელბურთის ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატზე კატალონიაში.
ამხანაგური მატჩი. 20 თებერვალი, 2015. გლდანი
საქართველო (17წ) – საქართველო (19წ) 30-24
17წ: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ბულბულაშვილი 8, არსენაშვილი 7, ფერაძე 4, რუსტამოვი 4, მერკვილაძე 2, იობაშვილი 1, კბილაშვილი 1, ზარნაძე 1, მაისურაძე 1, გაწერელია 1, მამულაშვილი, ტიელიძე, ზაალიშვილი, მიქაძე – მწ. გ. თურქია, გ. ქობელაშვილი
19წ: ცინცაძე, ნარსია – დიხამინჯია 7, გოგოლაძე 5, ხაჟომია 3, ცხოვრებაძე 3, ცხვარაშვილი 2, ბაძაღუა 2, აბჟანდაძე 1, გიორგაძე 1, ზურაბიანი, კოხრეიძე, პეტრიაშვილი – მწ. ტ. კალანდაძე, გ. სახვაძე
მსაჯები: იანგილდინი, სულთანოვი (აზე)