საქართველოს ნაკრებს ესპანელი რუბენ გარაბაია ჩაიბარებს

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ესპანელი მწვრთნელი, რუბენ გარაბაია გაუძღვება. 47 წლის ესპანელი სპეციალისტი 11 მაისს თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარდგება და გუნდთან ერთად გაცნობითი ხასიათის შეკრებას ჩაატარებს.

რუბენ გარაბაიას გამორჩეული სათამაშო კარიერა ჰქონდა. ეროვნული ნაკრების მაისურით პეკინის 2008 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მისი მედლების კოლექციაშია მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს (2005) და ბრინჯაოს (2011) ჯილდოები. ასევე ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალიც (2006), სადაც ვერცხლის მედალი ერგო. მთლიანობაში ნაკრებში 168 მატჩი აქვს ჩატარებული.

საქართველოს ნაკრების ახალ მწვრთნელს სხვადასხვა დროს უთამაშია „ადემარ ლიონში“, რომლის მაისურითაც მოგებული აქვს თასების მფლობელთა თასი (1999). უთამაშია „ფრიგორიფიკოს დელ მორაზოში“ (დღეს „კანგასი), „ვალიადოლიდში“ და „ბარსელონაში“, რომლის რიგებშიც ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც (2010) ითამაშა, ბოლოს კი „ლოგრონიოში“ თამაშობდა.

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ, რუბენ გარაბაია მწვრთნელის თანაშემწედ  შეუდგა მუშაობას ყოფილ კლუბ,„ლოგრონიოში“.

2021 წელს ჩინეთის ქალთა ნაკრები ჩაიბარა, თუმცა იმავე წელს ჩინეთიდან ეგვიპტის ვაჟთა ნაკრებში გადაბარგდა, სადაც რობერტო გარსია პარონდოს თანაშემწედ შეუდგა მუშაობას და მისი ხელმძღვანელობით 2022 წელს ხმელთა შუა ზღვის თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. 2022 წელს მის კოლექციას შეემატა აფრიკის ჩემპიონატის ოქროს მედალიც.

ასევე 2022 წელს გახდა „უნიკახას“ მთავარი მწვრთნელი. ცოტა ხანი „ევროფარმ პელისტერსაც“ ედგა სათავეში.

Leave a Reply