20/01/14 სასწაული ხელბურთშიც ხდება

ევროპის ჩემპიონატზე, მეორე ჯგუფში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. განსხვავებით პირველისგან, საიდანაც, დიდი ალბათობით, ნახევარფინალში დანია და ესპანეთი გავლენ, აქ რეალური პრეტენდენტი ოთხია.

ჯგუფის ლიდერობისთვის მატჩში ოლიმპიურმა ჩემპიონმა საფრანგეთმა 27:25 დაამარცხა ხორვატია. ხორვატები 23 წუთზე მარკო კოპლიარის ზედიზედ სამი გოლის შემდეგ 15:12 იგებდნენ, მაგრამ მიქაელ გიგუს კარგი თამაშის შემდეგ  საფრანგეთმა შესვენების წინ ვითარება შეაბრუნა – 18:17. მეორე ნახევარში სულ 17 გოლი გავიდა. ფრანგები სულ წინ იყვნენ, სირენამდე ხუთი წუთით ადრე – 4 ბურთით, 26:22. ხორვატიას ბოლოსღა წაუვიდა თამაში და ზლატკო ჰორვატმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ ეს მოხდა მაშინ, როდესაც დასრულებამდე წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი. ბოლო შეტევაში წერტილი ნიკოლა კარაბატიჩმა დასვა – 27:25. მან, გიგუმ და კოპლიარმა 7-7 გოლი გაიტანეს.

ძალიან მძიმე მატჩები მოიგეს პოლონეთმა და შვედეთმა და რეალურად ჩაერთვნენ ნახევარფინალის საგზურისთვის ბრძოლაში.

მეორე ტაიმის შუაში ბელარუსებმა ზედიზედ 5 გოლი გაიტანეს პოლონელების კარში და 24:20 დაწინაურდნენ. 55-ე წუთზე ანგარიში 29:25 იყო, დასრულებამდე 2:45 წუთით ადრე ბელარუსი 30:27 იგებდა, რაც ხელბურთში საბოლოო მოგებას ნიშნავს, თუ სასწაული არ მოხდა.

სასწაულის ქრონოლოგია კი ასეთია: 57:44 – იურკევიჩი, 28-30. 58:11 – იურეცკის შვიდმეტრიანი, 29-30. 59:16 – კუჩინსკის გოლი – 30-30. ამას მოჰყვა ბელარუსი კამიშიკის ტყორცნა დასრულებამდე 13 წამით ადრე, ბურთი დაიბლოკა და პოლონეთმა ბოლო შეტევა წამოიწყო. სწრაფ კონტრშეტევაში ისინი მეკარესთან პირისპირ უნდა გასულიყვნენ, მაგრამ კამიშიკმა წესი დაარღვია და პოლონეთს ბოლო შანსი შერჩა – მხოლოდ ცხრამეტრიანი და 8 წამი. და მაინც, დასრულებამდე 2 წამით ადრე მარიუშ იურკევიჩმა თავისი მერვე გოლი გაიტანა – 31:30. ბელარუსთა შორის საუკეთესო იყო ბარსელონას ვარსკვლავი სიარჰეი რუტენკა – 9 გოლი, 6 პასი.

კინაღამ კიდევ უფრო დიდი სხვაობა გაფლანგა შვედეთმა. მათ ტაიმი 20:13 მოიგეს, მაგრამ 42-54 წუთებზე რუსეთმა ზედიზედ 6 გოლი გაიტანა და წინ გავიდა – 26:25. 56 წუთზე ანგარიში თანაბარი იყო, მერე კი ლუკას კარლსონმა დააწინაურა შვედები. კვანძი გაიხსნა 59:15 წუთზე, როცა შვიდმეტრიანი გაიტანა ფრედრიკ პეტერსენმა – 29:27, შვედეთის სასარგებლოდ. რუსეთის ნაკრებში საუკეთესო იყო კონსტანტინ იგროპულო 11 გოლით, ხოლო შვედებიდან 7 გაიტანა იოჰან იაკობსენმა.


ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

მეორე ჯგუფური ეტაპი.

2 ჯგუფი. 19 იანვარი

პოლონეთი – ბელარუსი 31:30

რუსეთი – შვედეთი 27:29

საფრანგეთი – ხორვატია 27:25

საფრანგეთი 6, ხორვატია 4 / შვედეთი 4, პოლონეთი 4, რუსეთი 0, ბელარუსი 0

21 იანვარი

18:45 რუსეთი – ხორვატია

21:00 საფრანგეთი – ბელარუსი

23:15 პოლონეთი – შვედეთი

22 იანვარი

18:45 რუსეთი – ბელარუსი

21:00 საფრანგეთი – შვედეთი

23:15 პოლონეთი – ხორვატია

1 ჯგუფი

დანია 6 ქულა, ესპანეთი 4 / ისლანდია 3, უნგრეთი 3, მაკედონია 2, ავსტრია 0

20 იანვარი

19:00 მაკედონია – ისლანდია

21:15 ავსტრია – ესპანეთი

23:30 დანია – უნგრეთი

22 იანვარი

19:00 მაკედონია – ესპანეთი

21:15 ავსტრია – უნგრეთი

23:30 დანია – ისლანდია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

Leave a Reply