20/01/14 ლევან გელაშვილი დანიიდან დაბრუნდა
დანიიდან დაბრუნდა ქართველი მწვრთნელი ლევან გელაშვილი. ის ქალაქ სილკებორგში ესწრებოდა მწვრთნელთა უმაღლესი კატეგორიის კურსებს, რომელიც ევროპის ხელბურთის ფედერაციის მიერ, ე.წ. რინკის კონვენციის ფარგლებში გაიმართა.
ლევან გელაშვილი: – კურსები ერთი კვირა გაგრძელდა და იქ მიღებული ცოდნით ძალიან კმაყოფილი ვარ. გრაფიკი ძალიან ინტენსიური იყო. დილის 8 საათიდან საღამოს ექვსამდე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები გვქონდა, საღამოს კი ვესწრებოდით ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ქალაქ ორჰუსში. ლექტორები იყვნენ აღიარებული ექსპერტები: უნგრელი პეტერ კოვაჩი, სლოვენიელი მარკო სიბილა, სერბი ბრანისლავ პოკრაიაცი, ფრანგი პოლ ლანდური, ისლანდიელი იოჰან გუნარსონი და EHF ოფისის თანამშრომლები ჰელმუტ ჰორიჩი და პეტერ ფროშლი.
მსმენელთა შორის იყო მთელი სახელბურთო ევროპა და სტუმრები იაპონიიდან თუ არაბული ქვეყნებიდან. მაგალითად, რამდენიმე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გერმანული კილის მწვრთნელი ალფრედ გისლასონი, რუმინეთში მოთამაშე ქართველთა საკლუბო მწვრთნელები და ასე შემდეგ. მარტო რუმინელი ათამდე კაცი იყო, ნაკრების შეფის ჩათლით. კურსებზე ყველა ცდილობს ჩამოსვლას, რადგან მეორე და მესამე სტადიაზე, რომლებიც წლის მეორე ნახევარში უნდა გაიმართოს, წარმატებული მონაწილენი მიიღებენ ე.წ. მასტერ ქოუჩის ლიცენზიას, რომელიც უმაღლეს სამწვრთნელო ლიცენზიად ითვლება ევროპაში. იმის გამო, რომ საქართველო ჯერ არ შეერთებია რინკის კონვენციას, ამ სემინარზე მე ფორმალურად სტუმრის სტატუსი მქონდა, მაგრამ როდესაც კონვენციას ხელს მოვაწერთ, და, იმედია, ეს ძალიან მალე მოხდება, ეს კურსები ავტომატურად ჩამეთვლება განვლილად.
ლექციების თემატიკა მოიცავდა აბსოლუტურად ყველაფერს, რისგანაც შედგება თანამედროვე ხელბურთი – დაწყებული ვარჯიშის მეთოდიკით, ტაქტიკის თანამედროვე ტენდენციებით და დასრულებული გუნდის ფსიქოლოგიური მომზადებით. ლექციების შემდეგ გადავდიოდით დარბაზში, სადაც უკვე პრაქტიკული მეცადინეობი გვქონდა სპეციალურად ამ კურსებისთვის მოწვეულ გუნდებთან. საღამოს უკვე ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვაანალიზებდით.
ლექტორთაგან, პეტერ კოვაჩი უკვე ნამყოფია საქართველოში და სემინარიც აქვს გამართული. ჩვენს ფედერაციას ძალიან კარგი კონტაქტები აქვს ხელბურთის საერთაშორისო სტრუქტურებთან, რაც დანიაში ყოფნისას ძალიან გამომადგა. ახლა, საჭიროა რინკის კონვენციასთან შეერთება, რაც გულისხმობს, რომ საქართველოშიც აუცილებელი გახდება მწვრთნელთა სამდონიანი სერტიფიცირება – ბავშვთა, მოზარდთა და მოზრდილთა კლუბებთან მუშაობის უფლებით. ეს აუცილებელი და სასწრაფოდ მოსაგვარებელი საქმეა.