18/11/14 ქართველი ხელბურთელები საკლუბო სეზონს აგრძელებენ
ევროპაში მოთამაშე ქართველი ხელბურთელები სეზონს აგრძელებენ, ზოგიც ტრავმას იშუშებს. ტრაბზონსფორის შუამარბმა რატი მსხვილიძემ ესტონეთის ნაკრებთან მიღებული ტრავმის შემდეგ სტამბოლში აქილევსის მყესის ოპერაცია გაიკეთა.
მსხვილიძეს ფეხი ნოემბრის ბოლომდე თაბაშირში ექნება, შემდეგ კი აღდგენით პროცედურებს დაიწყებს. მის არყოფნაში ტრაბზონსფორმა ორი თამაში მოიგო თურქეთის ჩემპიონატზე – სტუმრად, ანკარა ილ ოზელთან – 33:28 და შინ იზმირთან – 31:23. გიგა ტორონჯაძე ამ მატჩებში ძირითადი მეკარე იყო, ხოლო კლუბი 7 თამაშიდან 3 მოგებით მერვე ადგილზეა.
რუმინეთში გუშინ დასანანი მარცხი იწვნია ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარამ. გუნდი სტუმრად თითქმის მთელი თამაში უგებდა ლიდერს, CSM ბუქარესტს, დასრულებამდე 18 წუთით ადრე კი სხვაობა 5 ბურთი იყო – 23:18. ბოლო წუთის დაწყების წინ ტიმიშოარა 1 ქულით იგებდა და ბურთიც მისი იყო, მაგრამ მოედანზე ერთი მოთამაშით ნაკლები ჰყავდა. ეს გამოიყენეს ბუქარესტელებმა და მე-60 წუთზე გატანილი 2 გოლით თამაში მოიგეს – 31:30. ჩიქოვანმა 4 გოლი გაიტანა და რამდენიმე საგოლე პასი შეასრულა, მასზე შედეგიანი კი კლუბში მხოლოდ დემის გრიგორაში იყო – 9 გოლი. ირაკლიმ 5 ბურთი გაიტანა წინა ტურში, როცა ტიმიშოარამ შინ ფრედ ითამაშა შტიინცა ბაკეუსთან – 25:25. ამჟამად გუნდი 11 თამაშიდან 13 ქულით მე-9 ადგილზეა. პლეიოფში 8 გუნდი გადის. ჩიქოვანს 11 თამაშში 52 გოლი აქვს.
წინ წაიწია შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა, ოდორჰეიმ, რომელსაც სანაკრებო პაუზის შემდეგ 3 მატჩი ჰქონდა. ოდორჰეი ჯერ ბუქარესტში დამარცხდა დინამოსთან – 23:33 (თევზაძე და რუსია ნაკრეიდან ახალი დაბრუნებუები იყვნენ და არ უთამაშიათ), შემდეგ კი 2 მატჩი მოიგო უშუალო კონკურენტებთან – შინ კელერაშისთან – 27:22 და სტუმრად ბაია მარესთან – 24:23. რუსიამ 2-2 გოლი გაიტანა, სულ კი ჩემპიონატში 34 დაუგროვდა.
ტურნირს ლიდერობს CSM ბუქარესტი 25 ქულით, 21 ქულით მას მიჰყვებიან კელერაში, ბაია მარე და ოდორჰეი, 20 ქულა აქვს შარშანდელ ჩემპიონ კონსტანცას.
მაკედონიის რეგულარულ პირველობას 9 თამაშიდან 9 მოგებით ლიდერობს ზომიმაკ სტრუმიცა. რევაზ ჭანტურიამ თავი განსაკუთრებით გამოიჩინა პრესპასთან სტუმრად მოგებულ მატჩში – 27:23, როცა 9 გოლი გაიტანა. ამის შემდეგ ზომიმაკმა დაამარცხა სკოპიეს მეტალურგის მეორე გუნდი – 31:23, რადოვიში – 32:25 და ტექსტილეცი – 35:20, ქართველმა გარემარბმა კი შესაბამისად 4, 3, და 4 გოლი შეაგდო და 9 მატჩში 40 გატანილი ბურთი დაუგროვდა. მაკედონიის პირველობის რეგულარულ ტურნირს არ თამაშობს ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი – ისინი ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობენ და ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მხოლოდ ფინალური ექვსეულიდან ჩაერთვებიან.
სერბეთში ასეთივე მდგომარეობაშია იქაური ჩემპიონი, ნოვი სადის ვოივოდინა, რომელიც ჯერ მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში ირჯება. სერგო დათუკაშვილის კლუბი ათგუნდიან შეჯიბრებაში ჯერჯერობით ბოლო ადგილზეა და 10 თამაშიდან მხოლოდ 3 ფრე აქვს. ვოივოდინამ ბოლო 3 თამაშიდან 2 შინ წააგო – სკოპიეს მეტალურგთან – 22:25 და სლოვაკეთის ტატრან-პრეშოვთან – 25:29, ხოლო სტუმრად ფრედ ეთამაშა ხორვატიის ნექსეს – 26:26. დათუკაშვილის მონაგარი წაგებულ თამაშებში 1 და 2 გოლი იყო, ხოლო ხორვატიაში 7 დარტყმიდან ექვსჯერ შეაგდო და 29 გოლით ლიგის ბომბარდირთა ოცეულშია. ტურნირს უდანაკარგოდ, ცხრიდან 9 მოგებით ლიდერობს უნგრეთის ვესპრემი, რომელსაც ასევე ასპროცენტიანი შედეგი აქვს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზეც.
ფოტო: ირაკლი ჩიქოვანი