18/01/14 ანპილოგოვი 60 წლისაა

18 იანვარს 60 წელი შეუსრულდა ყველაზე ტიტულიან ქართველ ხელბურთელს, ალექსანდრე ანპილოგოვს.

ვეტერანი ხელბურთელი უკვე ოციოდ წელია, ცხოვრობს და საქმიანობს გერმანიაში, სადაც დაასრულა კიდეც თავისი საკლუბო კარიერა, ხოლო იქამდე თბილისის ქარიშხალასა და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი იყო.

ანპილოგოვი თბილისში დაიბადა 1954 წლის 18 იანვარს, 1970-85 წლებში კი თამაშობდა თბილისის ქარიშხალას სახელგანთქმულ გუნდში. კლუბში ის იყო სსრკ თასის მფლობელი (1978), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1977, 80, 81), სსრკ სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1975).

საბჭოთ კავშირის ნაკრებში ანპილოგოვი პირველად მონრეალის ოლიმპიადაზე მოხვდა, 1976 წელს და ფინალურ მატჩში, რუმინეთთან, 2 ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. 1978 წელს ის გახდა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, ხოლო 1980 წელს ვერცხლის მედალი მოიპოვა მოსკოვის ოლიმპიადაზეც.

ამ დროისთვის ანპილოგოვი უკვე ნაკრების ლიდერიც იყო. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, იუგოსლავიის ნაკრებთან, მისმა ხუთმა გოლმა მნიშნელოვნად განაპირობა გამარჯვებულის ვინაობა. თამაში საბჭოთა კავშირის ნაკრებმა დამატებით დროში, 30:27 მოიგო.

სწორედ ანპილოგოვის ხუთივე გოლია ასახული ვიდეოზე, რომელიც ხელბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა საკუთარ ფეისბუკის გვერდზე და იუთუბის არხზე:

http://www.youtube.com/watch?v=-B9JoR4BEh0&feature=youtu.be

სრული მატჩი შეგიძლიათ იხილოთ აქ:
http://www.youtube.com/watch?v=ATJXVU5hPAg

ანპილოგოვი თავისი დროის ერთ-ერთი უდიდესი და ნოვატორი ხელბურთელი იყო. მისი სიმაღლის სპორტსმენი (203 სმ) იქამდე იშვიათობა იყო ხელბურთში. მას შეეძლო გოლის გატანა პრაქტიკულად ნებისმიერი პოზიციიდან, ცხრამეტრიანი ზონის გარედან და პირდაპირ ცხრამეტრიანიდან, მაშინ როდესაც მის წინ მეტოქის მთელი გუნდი იყო აღმართული ცოცხალ კედლად. ამ ხერხით მას ხშირად გადაურჩენია მშობლიური კლუბი, თბილისის ქარიშხალა შეხვედრის ბოლო წამებზე. შეიძლება ითქვას, რომ ალექსანდრე ანპილოგოვი იყო ერთ-ერთი მოთამაშე, ვინც საფუძველი ჩაუყარა ხელბურთის თანამედროვე სტილსა და თავისი წვლილი შეიტანა თამაშის განვითარებაში.

Leave a Reply