17/01/14 ჩეხეთმა და ნორვეგიამ ჩემპიონატი დაასრულეს

ევროპის ჩემპიონატზე გამოვლინდა პირველი ორი გუნდი, ვინც ასპარეზობა დაასრულა – ჩეხეთი და ნორვეგია. პირველი ეტაპი დამთავრდა A და B ჯგუფებში.

A ჯგუფში, მაკედონია-ავსტრიის თამაშში ბოლო წუთზე ანგარიში 21:21 იყო და ორივე გუნდი გადიოდა მეორე ეტაპზე, მაგრამ ბოლო შეტევაში კირილ ლაზაროვმა (სულ 8 გოლი) მაკედონიელებს გაამარჯვებინა. ავსტრია მაინც გავიდა ჯგუფიდან, მაგრამ უქულოდ, მაკედონიამ კი ავსტრიელებთან მოგებული 2 ქულა გაიყოლა თან. მეორე ეტაპზე A ჯგუფიდან გასული სამეული B ჯგუფელებს შეხვდება, ხოლო C ჯგუფის სამი გუნდი – D ჯგუფისას. ნახევარფინალის საგზურებს მხოლოდ 1-2 ადგილებზე გასულები მიიღებენ.

ამავე ჯგუფში მესამე გამარჯვება მოიპოვა ევროპის ჩემპიონმა და ტურნირის მასპინძელმა დანიამ, ხოლო ჩეხეთი შინ გაუშვა – 33:29. ჩემპიონატის საუკეთესო გამთამაშებელმა მიქელ ჰანსენმა 4 გოლს 7 შედეგიანი გადაცემა დაუმატა.

B ჯგუფში ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ესპანეთსა და ისლანდიის ნაკრებებმა ითამაშეს. ტაიმის ბოლოს ისლანდია 15:12 იგებდა, მაგრამ ესპანეთმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო დროის ამოწურვის შემდეგ ხოან კანელასმა პირდაპირ ცხრამეტრიანიდან გაიტანა – 16:15 ესპანეთის სასარგებლოდ. 40 წუთზე ისლანდია ისევ გავიდა წინ 3 ბურთით, მაგრამ ესპანეთმა ისევ დაიძვრინა თავი, ზედიზედ 6 გოლი შეაგდო – 25:22 და თამაშის ბედი აქ გადაწყდა. საბოლოოდ – 33:28. ისლანდიაში საუკეთესოები იყვნენ უკანახაზელი პალმარსონი (8 გოლი) და გარემარბი სიგურდსონი (7), ხოლო ესპანეთში – გამთამაშებელი კანელასი (8), შუამარბი მაკედა (7) და გარემარბი ტომასი (5).

მეორე ეტაპის მესამე საგზური უნგრეთმა და ნორვეგიამ გაითამაშეს. უნგრეთს ფრეც აწყობდა და ტაიმი 16:13 მოიგო. მეთექვსმეტე გოლი მატე ლეკაიმ გაიტანა ბოლო წამებზე – მან გადაცემა ჩაუჭრა მეტოქეს და საკუთარი ნახევრიდან გადაუტარა ბურთი წინ გამოსულ მეკარეს. ნორვეგია მედგრად იბრძოდა, მაგრამ უნგრეთი ინარჩუნებდა უპირატესობას და დასრულებამდე 2 წუთით ადრე 26:24 იგებდა, მაგრამ ზუბაის გაძევების შემდეგ ნორვეგიამ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – 26:26.დარჩენილი იყო 21 წამი, ნორვეგიელებმა ორჯერ ჩაუჭრეს ბურთი მეტოქეს, მაგრამ მსაჯმა ორჯერვე წესების დარღვევა აღნუსხა. უნგრეთისთვის ფრე მოგების ტოლფასი იყო, ნორვეგია კი ჩემპიონატს გამოეთხოვა.

პარასკევს პირველ ეტაპის დაასრულებენ C და Dჯგუფები.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

პირველი ჯგუფური ეტაპი

16 იანვარი. A ჯგუფი

მაკედონია – ავსტრია 22:21

დანია – ჩეხეთი 33:29

დანია 6, მაკედონია 3, ავსტრია 2 / ჩეხეთი 1

B ჯგუფი

ესპანეთი – ისლანდია 33:28

უნგრეთი – ნორვეგია 26:26

ესპანეთი 6, ისლანდია 3, უნგრეთი 2 / ნორვეგია 1

მეორე ჯგუფური ეტაპი, 1 ჯგუფი

ესპანეთი 4 ქულა, დანია 4, მაკედონია 2, ისლანდია 1, უნგრეთი 1, ავსტრია 0

17 იანვარი. C ჯგუფი

21:00 პოლონეთი (0) – რუსეთი (2)

23:15 სერბეთი (2) – საფრანგეთი (4)

D ჯგუფი

21:00 ხორვატია (4) – შვედეთი (4)

23:15 ბელარუსი (0) – მონტენეგრო (0)

Leave a Reply