18/01/14 პოლონეთმა მოიგო და რუსეთიც გაიყოლა

ევროპის ჩემპიონატზე 18-22 იანვარს მეორე ჯგუფური ეტაპის მატჩებია. 12 გუნდს 2-2 მატჩის შედეგი პირველი ეტაპიდან გადაჰყვა, მეორეზე კი ყველა კიდევ სამ თამაშს გამართავს, რის შემდეგაც 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდება.

პარასკევს C და D ჯგუფებში დასრულდა ასპარეზობა.

პოლონეთს აუცილებლად სჭირდებოდა მოგება რუსეთთან, მაგრამ პირველი ტაიმის შემდეგ 10:14 აგებდა. მეორე ნახევარში თითქმის ყველაფერი აიღო პოლონელთა მეკარე სლავომირ შმალმა – მთელ მატჩში მან მოიგერია 21 დარტყმა, ხოლო მისმა გუნდმა მეორე ტაიმის პირველი 20 წუთი 11:2 მოიგო და 21:16 დაწინაურდა. თუმცა, აქ პრობლემამ იჩინა თავი – 4 და მეტი ბურთით გამარჯვება პოლონეთს აღარ აწყობდა, რადგანაც ასეთ შემთხვევაში მეორე ეტაპზე გადიოდა სერბეთიც, რომელთანაც პოლონელებს თამაში წაგებული ჰქონდათ. რუსეთს მოგების იმედი აღარ ჰქონდა, მაგრამ 3 და ნაკლები ბურთით წაგებაზე ბურთების სხვაობით ასწრებდა სერბეთს. საბოლოოდ, სხვაობა ისეთი გამოვიდა (24:22), რომ რუსეთიც გავიდა მეორე წრეში და პოლონეთიც.

თუმცა, სერბეთს ჰქონდა შანსი, რომ ამდენი არითმეტიკა ყველასთვის წყალში გადაეყარა – მათ უნდა მოეგოთ ფრანგებისთვის და ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე გავიდოდნენ ჯგუფში, მეორე ეტაპზე გადაიყოლებდნენ 4 ქულას, ხოლო რუსებს შინ გაუშვებდნენ. მაგრამ წინა ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორმა ეს ვერ მოახერხა და შანსიც არ ჰქონია – 43 წუთზე ისინი 8 ბურთით აგებდნენ – 17:25, ბოლოს კი მხოლოდ სხვაობა შეამცირეს – 28:31. ათიდან 10 გოლი გაიტანა ფრანგების ცაცია გარემარბმა გიიომ ჟოლიმ, ხოლო სერბები შინ გაემგზავრნენ.

გაცილებით უფრო მარტივდ იყო საქმე D ჯგუფში. ხორვატია და შვედეთი ჯგუფის გამარჯვებულის ვინაობას არკვევდნენ. ბოლოსკენ იძალა ხორვატიამ – 25:24 და მეორე ეტაპს 4 ქულით დაიწყებს. ბელარუსმა მეორე ტაიმში დაჯაბნა მაკედონია, 29:23 მოუგო და მესამე ადგილზე გავიდა.

პირველი ეტაპის შემდეგ მთავარი სტატისტიკური მონაცემები ასეთია. ბომბარდირთა შორის ლიდერობს კირილ ლაზაროვი, მაკედონია – 27 გოლი (14 შვიდმეტრიანი); 23 – ფილიპ იხა, ჩეხეთი; 21 – სიარჰეი რუტენკა, ბელარუსი და გუდიონ სიგურდსონი, ისლანდია.

შვიდმეტრიანების ჩაუთვლელად, ლიდერია ისლანდიელი არონ პალმარსონი – 18 გოლი; 17 – მიკელ ჰანსენი, დანია, ფილიპ იხა და ნიკოლა კარაბატიჩი, საფრანგეთი.

გოლი+პასი: ჰანსენი 40 ქულა, ლაზაროვი – 37, კარაბატიჩი 35, იხა 32.

დაცვაში ყველაზე მეტი ბლოკშოტი შეასრულეს ეხპანელმა ვირან მოროსმა და ხორვატმა იაკოვ გოიუნმა – 8.

მეკარეებიდან ყველაზე მეტი, 44-44 დარტყმა მოიგერიეს პოლონელმა სლავომირ შმალმა და ავსტრიელმა ნიკოლა მარინოვიჩმა. პროცენტულად საუკეთესო მაჩვენებელი აქვთ ნორვეგიელ მაგნუს დალს 47%, შვედ მათიას ანდერსონს და ესპანელ ხოსე მანუელ სიერას – 43%.

ევროპის ჩემპიონატი 2014, კაცები, დანიაში

პირველი ჯგუფური ეტაპი

17 იანვარი. C ჯგუფი

პოლონეთი – რუსეთი 24:22

სერბეთი – საფრანგეთი 28:31

საფრანგეთი 6 ქულა, პოლონეთი 2(+1), რუსეთი 2 (0) / სერბეთი 2(-1)

D ჯგუფი

ხორვატია – შვედეთი 25:24

ბელარუსი – მონტენეგრო 29:23

ხორვატია 6, შვედეთი 4, ბელარუსი 2 / მონტენეგრო 0

მეორე ჯგუფური ეტაპი, 1 ჯგუფი. 18, 20, 22 იანვარი

ესპანეთი 4 ქულა, დანია 4, მაკედონია 2, ისლანდია 1, უნგრეთი 1, ავსტრია 0

18 იანვარი

19:00 მაკედონია – უნგრეთი

21:15 ავსტრია – ისლანდია

23:30 დანია – ესპანეთი

2 ჯგუფი. 19, 21, 22 იანვარი

ხორვატია 4, საფრანგეთი 4, შვედეთი 2, პოლონეთი 2, რუსეთი 0, ბელარუსი 0

19 იანვარი

18:45 რუსეთი – შვედეთი

21:00 რუსეთი – შვედეთი

23:15 საფრანგეთი – ხორვატია

ნახევარფინალში გადის 2-2 გუნდი.

ნახევარფინალი 24 იანვარს, ფინალი 26 იანვარს

Leave a Reply