17/11/13 სამი ქართველი ევროტურნირებზე

სამი ქართველი ხელბურთელი მომავალ უქმეებზე ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ითამაშებს. ეს რანგით მეორე ევროტურნირია ჩემპიონთა ლიგის შემდეგ.

მეთექვსმეტედფინალურ სტადიაზე არიან რევაზ ჭანტურიას მაკედონიური კლუბი ზომიაკ-სტრუმიცა, ასევე შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ბაკაუ (რუმინეთი).

სტიინტა ბაკაუმ წინა ეტაპზე დაამარცხა ლიტვის დრაგუნასი (36:21, 29:28) და მესამე წრეში, 24 და 30 ნოემბერს, შვედურ კრისტიანსტადს ეთამაშება. ბაკაუმ რუმინეთის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში 24:22 მოუგო კარას სევერინს და 19 ქულით მესამე ადგილზეა (23-23 ქულით ლიდერობენ კონსტანცა და ტურდა). ბაკაუს კარში თევზაძე იდგა, ხოლო ვლადიმერ რუსიამ 1 გოლი გაიტანა. 8 გოლი შეაგდო ირაკლი ჩიქოვანმა ოდორეისთან თამაშში, მაგრამ მისი კლუბი, ტიმიშოარა 25:28 დამარცხდა და 12 ქულით მეშვიდე ადგილზეა. ევროთასებამდე რუმინეთში კიდევ ერთი ტურია, 20-21 ნოემბერს.

რევაზ ჭანტურიამ (ფოტოზე) 4 გოლი გაიტანა რადოვიშის კარში, ხოლო მისმა გუნდმა, ზომიაკ-სტრუმიცამ 36:25 გაიმარჯვა მაკედონიის ჩემპიონატში. სტრუმიცა ფედერაციის თასზე 23 ნოემბერს თამაშობს ორჰუსში, ხოლო 30 ნოემბერს დანიელ მეტოქეს შინ მიიღებს. მაკედონელებიც მეორე წრიდან ჩაერთვნენ შეჯიბრებაში და თელ-ავივის მაკაბი დაამარცხეს – 26:26, 30:23.

Leave a Reply