16/06/15 ჭაბუკთა ნაკრები ურეკის ქვიშაზე ემზადება
საქართველოს ჭაბუკ ქვიშის ხელბურთელთა ნაკრები ემზადება ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატისთვის, რომელიც 26-28 ივნისს ესპანეთში, კატალონიის კურორტ ლიორეტ დელ მარში გაიმართება.
ნაკრები, მამუკა მჟავანაძისა და ლევან გელაშვილის ხელმძღვანელობით, ამჟამათ შეკრებაზეა ურეკში, სადაც, ვარჯიშთან ერთად, უკვე 4 საკონტროლო მატჩი გამართა გორის გუნდთან და 3 შეხვედრა მოიგო კიდეც. სამწუხაროდ, მწვრთნელებს ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანის საშუალება არა აქვთ – ივნისის ბოლოს ამავე ასაკის ნაკრებს კლასიკურ ხელბურთში ევროპის ღია პირველობა აქვს სათამაშო გიოტებორგში, შვედეთი, ამიტომ, მჟავანაძეს ძირითადი ნაკრებიდან სულ 3 ხელბურთელი ეყოლება, დანარჩენებს კი 1997-1998 წლებში დაბადებულებიდან იმატებს, თანაც მხოლოდ იმათ, ვინც ჩვიდმეტწლამდელთა ოლიმპიურ ნაკრებში არ არის დაკავებული.
შეკრების წინ ჭაბუკთა ნაკრებმა უკვე ითამაშა საქართველოს ჩემპიონატის ორ ეტაპზე, თბილისის ზღვასა და ყვარლის ტბაზე. გუნდი ესპანეთში 24 ივნისს გაემგზავრება.
ჩვენი ასაკობრივი ნაკრები მეორედ თამაშობს ანალოგიურ ტურნირზე – 2012 წელს ევროპის ჭაბუკთა პირველობას საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ უმასპინძლა ბათუმში.
ქვიშის ხელბურთი, საქართველო (-19) ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე (19)
A ჯგუფი: უნგრეთი, ხორვატია, თურქეთი, პორტუგალია, საქართველო – B: ესპანეთი, რუსეთი, შვეიცარია, რუმინეთი – 26 ივნისი: პორტუგალია-საქართველო, საქართველო-თურქეთი, უნგრეთი-საქართველო, 27 ივნისი: საქართველო-ხორვატია, ნახევარფინალი, 28 ივნისი: ფინალი
საქართველო: ნოდარ ლორია (GK, 1997, იმედი), გიორგი ვათიაშვილი (GK, 1998, გორი) – გივი გიორგაძე (1996, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (1996, სტუ), თორნიკე მაისაშვილი (1996, სტუ), გიგა ბაინაზიშვილი (1998, იმედი), დავით ყორიაული (1998, თელავი), გიორგი მიქავა (1998, იმედი), თამაზ ტარუაშვილი (1998, გორი), ტარიელ მჭედლიშვილი (1998, გორი)
მთ. მწვრთნელი მამუკა მჟავანაძე, მწვრთნელი ლევან გელაშვილი