17/06/15 ჭაბუკთა ნაკრები ოზურგეთიდან გიოტებორგამდე

საქართველოს ცხრამეტწლამდელ ხელბურთელთა ნაკრებს ივნისის ბოლოს შვედეთში მნიშვნელოვანი ტურნირი აქვს – ევროპის ღია პირველობა. გუნდი ამჟამად საწვრთნელ შეკრებაზეა და ოზურგეთში ვარჯიშობს ტიტე კალანდაძისა და გიორგი სახვაძის ხელმძღვანელობით.

ეს შეჯიბრება არაა ევროპის ოფიციალური ჩემპიონატი, მაგრამ არის უდიდესი სახელბურთო ფესტივალის, პარტილეს თასის ნაწილი და ფავორიტებიდან მასში ბევრი ქვეყანა მონაწილეობს. დაახლოებით ამავე პერიოდში ამავე ასაკის ქვიშის ხელბურთელთა ევროპის ჩემპიონატია ესპანეთში, ამიტომაც ჩვენი ორივე გუნდი ერთდროულადაა შეკრებაზე – ისინი ურეკში ცხოვრობენ, კლასიკური ხელბურთის ნაკრები კი სავარჯიშოდ ოზურგეთის სპორტთამაშების დარბაზში დადის.

3 ხელბურთელი – ირაკლი გოგოლაძე, თორნიკე მაისაშვილი და გივი გიორგაძე ჯერ ესპანეთში გაემგზავრება ლიორეტ დელ მარის პლაჟზე სათამაშოდ, იქიდან კი გიოტებორგში გადაფრინდება. 29 ივნისს ტიტე კალანდაძის გუნდს ჯგუფური ეტაპის ერთბაშად ორი თამაში აქვს პორტუგალიასა და ისლანდიასთან, მეორე დღეს კი ფინეთს ეთამაშება. მედლებისთვის ბრძოლას ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გუნდი გააგრძელებს.

20 ივნისს ესპანეთში გაემგზავრება ჩვიდმეტწლამდელთა ოლიმპიური ნაკრები, რომელსაც 2 საკონტროლო მატჩი აქვს ბარსელონას ჩვიდმეტწლამდელებთან, ხოლო შემდეგ გრანოლერსის ტურნირში ჩაებმება. რაც შეეხება საქართველოს კიდევ ერთ ნაკრებს, 25-წლამდელთა გუნდს უნდა ეთამაშა ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის განვითარებადი ქვეყნების ჩემპიონატზე, მაგრამ რადგანაც ტურნირის გამართვა კოსოვოში გადაწყდა, საგარეო საქმეთა და სპორტის სამინისტროების რეკომენდაციით, საქართველოს ფედერაციამ ამ ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ანალოგიური გადაწვყეტილება ბოსნიისა და აზერბაიჯანის ხელბურთის ფედერაციებმაც მიიღეს.

საქართველო (-19) შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე (19)

A ჯგუფი: ესპანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია, მოლდოვა – B: შვედეთი, რუმინეთი, ესტონეთი, კოსოვო – C: ისლანდია, პორტუგალია, ფინეთი, საქართველო – D: რუსეთი, ჩეხეთი, ჰოლანდია, ფარერები

29 ივნისი: პორტუგალია-საქართველო, საქართველო-ისლანდია, 30 ივნისი: ფინეთი-საქართველო – 1, 2 ივნისი: მთავარი რაუნდი – 3 ივნისი: ფინალი

საქართველო: ზურაბ ცინცაძე (GK, 1996, პეგასი), ირაკლი ხიდეშელი (GK, 1996, თუთუნსფორი, თურ) – ჯაბა ხაჟომია (P, 1996, სამტრედია), გიგა კოხრეიძე (P, 1996, პეგასი), ვეფხია ზურაბიანი (CB, 1997, სამტრედია), ამირან აბჟანდაძე (CB, 1996, პეგასი), თემურ ორჯონიკიძე (LB, 1996, სტუ), გივი გიორგაძე (LB, 1996, პეგასი), ალექსანდრე ცხვარაშვილი (RB, 1996, პეგასი), თორნიკე მაისაშვილი (RB, 1996, სტუ), გიორგი დიხამინჯია (RW, 1997, პეგასი), ირაკლი გოგოლაძე (RW, 1996, სტუ), კარლო მათნაძე (LW, 1997, ქუთაისი), მიხეილ ნაზღაიძე (LW, 1998, პეგასი)/გიორგი დოლმაზაშვილი (LW, 1998, ყვარელი)

მთ. მწვრთნელი ტიტე კალანდაძე, მწვრთნელი გიორგი სახვაძე

Leave a Reply