საქართველოს გოგონათა ნაკრები ევროპის პირველობისთვის დასკვნით შეკრებას თელავში გადის
წარმატებული თურქული შეკრებისა და ამხანაგური შეხვედრების შემდეგ, საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრები გიოტებორგის ევროპის პირველობისთვის დასკვნით შეკრებას თელავში გადის.
გიორგი გვაზავას ხელმძღვანელობით, გოგონათა ნაკრები თელავის სპორტის სასახლეში დღეში ორჯერ ვარჯიშობს, რაც ასევე ითვალისწინებს თეორიულ-პრაქტიკულ მეცადინეობებსა და ვიდეოგაკვეთილებს.
„ევროპის პირველობისთვის მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ თელავში, შემდეგ კი გვქონდა შეკრება ანკარაში, სადაც თურქეთის ასაკობრივ ნაკრებთან სამი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ. შედეგებით კმაყოფილი ვარ — მოვიგეთ ორი შეხვედრა, ერთი კი ფრედ დასრულდა. თურქული ტურნეს შემდეგ, მოსამზადებელ ეტაპს კვლავ თელავში ვაგრძელებთ, — აცხადებს გოგონათა ნაკრების მწვრთნელი გიორგი გვაზავა. — ევროპის პირველობაზე იოლი მეტოქე არ გვყავს. ესპანეთი, სერბეთი, ფარერის კუნძულები და ნიდერლანდები ძლიერი გუნდებია. ყველა ეს ნაკრები ევროპაში მოწინავეა. როგორც უნდა იყოს, ყველანაირად ვეცდებით, რომ საკუთარი თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ. თურქეთში მიღწეულმა წარმატებამ ჩვენს გოგონებს თავდაჯერებულობა შემატა. ვფიქრობ, წარმატებით გამოვალთ“.

საქართველოს ნაკრების ვარჯიშს დაესწრო საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი, რომელმაც “მომავლის გუნდს” ევროპის პირველობისთვის წარმატებები უსურვა.