16/05/15 სტუ საქართველოს ჩემპიონია
საქართველოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდმა, რომელმაც ფინალში 38-32 მოუგო საქართველოს თასის მფლობელს, ხელბურთის კლუბ სამტრედიას. მწვრთნელების, ირაკლი კეკელიძისა და ბექა ორჯონიკიძის გუნდმა ტიტული ოცდამეორედ მოიპოვა.
სეზონის წინ კლუბი დატოვა შვიდმა წამყვანმა მოთამაშემ, დიდი ნაწილი კი ტრავმის გამო გამოტოვა საუკეთესო ბომბარდირმა თემურ ორჯონიკიძემ, რომელსაც არც ფინალში უთამაშია, მაგრამ სტუ ყველა შემადგენლობით იგებს, ამ სეზონში კი 16 თამაშიდან მხოლოდ ერთი დათმო – რეგულარული პირველობის მეორე წრეში, სამტრედიასთან.
მაგრამ ფინალში იგივე არ განმეორდა. სტუ თავიდან ბოლომდე ლიდერობდა. პირველი ტაიმი 20-14 მორჩა – მიუხედავად იმისა, რომ გიორგი წივწივაძე სამტრედიელებს უნარიანადაც ხელმძღვანელობდა და ბლომადაც გაჰქონდა (სულ – 8 გოლი). მეორე ტაიმში წივწივაძეს კარგად შეეშველა გიორგი კობახიძე და თამაში კარგა ხანს მიდიოდა 3-4 ბურთიან ინტერვალში, მაგრამ დაბოლოება ისევ თბილისელების იყო – 38-32.
პირველი ნახევრის უმეტესი ნაწილი გუნდებმა არასრული შემადგენლობებით ითამაშეს – ბელარუსმა მსაჯებმა, კულიკმა და ნაბოკაუმ დაუსტვინეს ყველაფერი, რაც დასასტვენი იყო, მკაცრ მსაჯობას კი ჩვენს ჩემპიონატში შეუჩვეველნი არიან. ამ მუდმივი გაძევებების სიტუაციიდან უკეთესად სტუ გამოვიდა, რომელმაც ტაიმის ბოლოს სხვაობა გაზარდა. საუკეთესო იყო მეთოდე ჭელიძე, რომელმაც თამაში მარცხენა გარემარბად დაიწყო, შემდეგ კი მწვრთნელთა ტაქტიკური გადაწყვეტილების შემდეგ შუამარბად გადავიდა და 8 გოლს დაახლოებით ამდენივე საგოლე პასი მიაყოლა. გამოსარჩევია მეკარე არჩილ სამიტაშვილიც, რომელმაც მარტო ექვსმეტრიანი დისტანციიდან 7 ბურთი მოიგერია.
ფინალის საუკეთესო ბომბარდირები გახდნენ ძმები კობახიძეები – მამია (სტუ) და გიორგი (სამტრედია) – 10-10 გოლით.
შარშანდელი პირველობის ბრინჯაოს პრიზიორმა, სამტრედიამ წლევანდელი ვერცხლის მედლები სეზონის დასაწყისში მოპოვებულ საქართველოს თასს დაურთო. მესამე ადგილისთვის ქუთაისმა დამატებით დროში მოუგო შარშანდელი პირველობის ვერცხლის პრიზიორ ბათუმს. ძირითადი დროის დასრულებამდე 40 წამით ადრე ქუთაისი 34-32 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ოვერტაიმში მატჩი ხელახლა გაუხდა მოსაგები – 41-39.
გათამაშდა 50-ათასიანი საპრიზო ფონდი. 25 000 ლარი ჩემპიონმა მიიღო, მომდევნო სამ ადგილზე გასულმა გუნდმა – 15, 7 და 3 ათასი. ორშაბათიდან თბილისის ზღვაზე იწყება საქართველოს ჩემპიონატის პირველი ეტაპი ქვიშის ხელბურთში.
ხელბურთი. საქართველოს 25-ე ჩემპიონატი. 2014-15
16 მაისი, ფინალი. გლდანი, ცერცვაძის აკადემია
სტუ-სამტრედია 38-32
სტუ: ა. სამიტაშვილი, მღებრიშვილი – მ. კობახიძე 10, ჭელიძე 8, გვაზავა 6, აბაშიძე 5, სტურუა 4, ოსიყმაშვილი 3, ბეჟანიშვილი 1, გოგოლაძე 1 (სიხარულიძე, მაისაშვილი, ი. სამიტაშვილი, ორჯონიკიძე, ჩაკვეტაძე)
სამ: სამყურაშვილი, ხონელიძე – გ. კობახიძე 10, წივწივაძე 8, ხაჟომია 5, თევზაძე 4, იობაშვილი 3, ნიკურაძე 2, ნარსია, ზურაბიანი, ღაღანიძე (სიხარულიძე)
მსაჯები: სიარჰეი კულიკი – ძმიტრი ნაბოკაუ (ბლრ)
ტექნიკური დელეგატი თამაზ თევზაძე
—
მესამე ადგილისთვის
ქუთაისი-ბათუმი 41-39 (34-34)
ქუთ: ანდრიაძე – კბილაშვილი 12, მათნაძე 10, კვერნაძე 6, უ. მაისურაძე 5, მერკვილაძე 4, ჯუღელი 3, ჩიხლაძე 1, ყაველაშვილი, ქუთათელაძე (კუპატაძე, უ. კობახიძე, ტუღუში)
ბათ: ცერცვაძე – გრიშიკაშვილი 11, გამზარდია 7, სურმავა 6, გოგალაძე 5, ამირანაშვილი 3, ქარდავა 3, ბერძენიშვილი 2, ჭანტურია 2, აბრამიშვილი, ვინოგრადსკი, ვარშანიძე, ქავთარაძე, ჯორბენაძე
მსაჯები ელენე არაბული-ინა ჭკუასელი
ტექნიკური დელეგატი მერაბ მეტრეველი
ფედერაციის მეთვალყურე ვახტანგ ბერიაშვილი