16/03/14 ჩიქოვანი ორი შვიდმეტრიანით დაბრუნდა

მოედანს დაუბრუნდა ქართველი ხელბურთელი ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც ტრავმის გამო იანვრის შემდეგ არ უთამაშია.

ჩიქოვანი მოედანზე პირველად გამოჩნდა რუმინეთის თასის მერვედფინალში, რომელიც მისმა გუნდმა, პოლიტექნიკა ტიმიშოარამ ბუქარესტის დინამოსთან 24:19 წააგო. მწვრთნელებმა ქართველი ჯერჯერობით მხოლოდ ორჯერ შეუშვეს მოედანზე, შვიდმეტრიანების დასარტყმელად. ირაკლიმ ორივე გაიტანა. ამის შემდეგ, უკვე რუმინეთის ჩემპიონატის მატჩში, ჩიქოვანს გოლი არ გაუტანია, პოლიტექნიკა კი 25:30 დამარცხდა ოდორეისთან. რეგულარული სეზონის დასრულებამდე რუმინეთში 2 ტური დარჩა, პოლიტექნიკას პლეიოფში გასვლის შანსი კარგა ხანია დაკარგული აქვს და პლეიაუტში ითამაშებს.

მესამე ადგილზეა შტიინცა ბაკეუ, რომელმაც თასის ფინალში დრამატული მარცხის შემდეგ კარას სევერინი 24:23 დაამარცხა – ვლადიმერ რუსიამ 3 გოლი გაიტანა, შოთა თევზაძეს არ უთამაშია.

თურქეთში ორი მატჩი მოიგო გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის ტრაბზონსფორმა. ჯუკობირლიგთან – 33:30 და ანკარა ჯანქაიასთნ – 35:34. ტრაბზონი მეოთხე ადგილზეა და პლეიოფში გასვლა განაღდებული აქვს.

რევაზ ჭანტურიას ზომიმაკ სტრუმიცამ მეოთხე მატჩიც წააგო ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე. მაკედონიური კლუბი შინ დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან – 24:26, ხოლო ქართველმა გარემარბმა 1 გოლი გაიტანა.

ფოტო: რატი მსხვილიძე ჯანქაიასთან მატჩში

Leave a Reply