16 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ღია პირველობაზე ასპარეზობას შეუდგა

საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრები გიოტებორგში, ხელბურთის კვირეულში — ევროპის ღია პირველობაზე ასპარეზობას შეუდგა.

პირველობის ფორმატის შესაბამისად, საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრების პირველ დღეს ორი მატჩი ჩაატარა: თავდაპირველად სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, მოგვიანებით კი — ესპანეთს.

სერბეთთან შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს სასტარტო მღელვარების დაძლევა გაუჭირდა და დამარცხდა.

საქართველო — სერბეთი 7:24

საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე; მარიამ დანელია (3), ნინო ქებურია (1), სესილი სალუქვაძე (1), ნინო მუშკუდიანი (1), ანასტასია ესართია (1), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ბარბარე გამგებელი, მარიამ ქათამაძე, ნინო დვალიშვილი.

ჩვენი გოგოები შედარებით უკეთ გამოიყურებოდნენ 2022 წლის ჩემპიონ ესპანეთთან, თუმცა მეორე ტაიმში დაღლა დაეტყოთ და დამარცხდნენ. საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრებისგან განსხვავებით, ესპანეთი პირველ მატჩს ატარებდა.

საქართველო — ესპანეთი 15:25

საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე; ნინო მუშკუდიანი (4), ლიზი კვესელავა (3), მარიამ ქათამაძე (3), მარიამ დანელია (2), ნინო ქებურია (1), ბარბარე გამგებელი (1), სესილი სალუქვაძე (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ესართია.

ისიც ვთქვათ, რომ ჩვენი ჯგუფიდან ორივე შეხვედრა წააგო ფარერის კუნძულებმაც: ჯერ სერბეთთან დამარცხდა (13:21), შემდეგ კი — ნიდერლანდებთან (13:17).

საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩებს ხვალ, 30 ივნისს, ნიდერლანდებთან და ფარერის კუნძულებთან ჩაატარებს.

გიოტებორგში, სადაც 20 ნაკრებია წარმოდგენილი, საქართველო B ჯგუფში ესპანეთთან, ნიდერლანდებთან, სერბეთთან და ფარერის კუნძულებთან ერთად ასპარეზობს.

შეჯიბრების ფორმატის შესაბამისად, გუნდები 4 ჯგუფში (თითოეულში 5 გუნდი) არიან განაწილებულნი. ჯგუფიდან მომდევნო ეტაპზე, ანუ მეოთხედფინალში, მხოლოდ ორი საუკეთესო ნაკრები გადადის, დანარჩენები კი ფლეი-ოფში ადგილების გასანაწილებლად გააგრძელებენ ბრძოლას.

აღსანიშნავია, რომ გიოტებორგის ევროპის პირველობას პირველად აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო დატვირთვა. კერძოდ, ტურნირის ფინალისტები ავტომატურად მიიღებენ გოგონათა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს, რომელიც ოქტომბერში გაიმართება.

ერთი სიტყვით, გიოტებორგის მოედნებზე ჩვენს გოგონებს მეტად საპასუხისმგებლო და დიდი გამოცდილების მომტანი მატჩები აქვთ.

Leave a Reply