გოგონათა ნაკრებმა ევროპის პირველობაზე ტაიმები მოიგო
გიოტებორგში მიმდინარე 16 წლამდე ხელბურთელთა ევროპის პირველობის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს გოგონათა ნაკრები ბევრად უკეთ გამოიყურებოდა. ჩვენმა გუნდმა დღესაც ორი შეხვედრა ჩაატარა — დღის პირველ ნახევარში ნიდერლანდებს ეთამაშა, მოგვიანებით კი ფარერის კუნძულებს დაუპირისპირდა.
საქართველო — ნიდერლანდები 11:15
ნიდერლანდებთან მატჩი ჩვენი გუნდისთვის კარგად დაიწყო. პირველ ტაიმში მეტოქე მდევრის როლში ვამყოფეთ და შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობითაც გავედით, მაგრამ მეორე ტაიმის შუიდან სადავეები ხელიდან გავუშვით და მეტოქეს ოთხი ბურთით მოგების საშუალება მივეცით.
- საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (4), მარიამ დანელია (2), მარიამ ქათამაძე (2), ლიზი კვესელავა (1), ბარბარე გამგებელი (1), სესილი სალუქვაძე (1), ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე, მართა ბარნაბიშვილი, ანასტასია ესართია.
საქართველო — ფარერის კუნძულები 20:21
ჩვენმა გოგოებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს ფარერის კუნძულებთან. მატჩი, ასე თუ ისე, თანაბარძალოვანი გამოდგა, თუმცა გარკვეულ უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა. პირველი ტაიმი აქაც საქართველოს ნაკრების გამარჯვებით, ორბურთიანი უპირატესობით დასრულდა.
ახლოს ვიყავით მატჩის მოგებასთანაც, მაგრამ შეხვედრის მიწურულს, მსაჯთა რამდენიმე არაობიექტური გადაწყვეტილების გამო, გამარჯვება მეტოქეს დარჩა. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს მეტოქის ბომბარდირის, სიგრიდ ჰანსდოტირის შედეგიანი თამაში, რომელმაც მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე ზედიზედ მეორე (ჯამში კი მეათე) ბურთი გაგვიტანა.
- საქართველოს ნაკრები: სესილი სანიკიძე, თამარ ბერუაშვილი, ანასტასია კუჭაშვილი; ნინო მუშკუდიანი (8), მარიამ ქათამაძე (5), მარიამ დანელია (3), სესილი სალუქვაძე (2), მართა ბარნაბიშვილი (1), ანასტასია ესართია (1), ლიზი კვესელავა, ანასტასია ლაგვილავა, ნინო ნაგერვაძე, ნინო ქებურია, ბარბარე გამგებელი, ნინო დვალიშვილი, თეკლა ჩუბინიძე.
- მთავარი მწვრთნელი: გიორგი გვაზავა
- მწვრთნელები: ინა ჭკუასელი, მარიამ ჩავჩიძე
- ექიმი: მარიამ როსტიაშვილი
აშკარაა, რომ საქართველოს ნაკრები თამაშიდან თამაშამდე უმატებს, ეს კი შემდგომი წარმატებებისთვის იმედს გვისახავს. ერთგვარი რიტმის შესანარჩუნებლად გუნდისთვის აუცილებელია მუდმივი საერთაშორისო გამოცდილება.
ჩვენი ჯგუფიდან სერბეთმა ფარერის კუნძულებს 21:13 მოუგო, ესპანეთმა კი სერბეთი დაამარცხა ანგარიშით 16:10.
აღსანიშნავია, რომ ევროპის პირველობას თაზო და ნიკა კევლიშვილების ქართველ მსაჯთა ბრიგადაც ემსახურება.
