14/12/14 ნორვეგია: ნაბიჯი ნახევარფინალისკენ
ევროპის ჩემპიონატის მთავარი რაუნდის პირველ დღეს სამი მატჩი გაიმართა, რის შემდეგაც ნორვეგია პირველ ჯგუფში ლიდერობს, ხოლო ნახევარფინალის მეორე საგზურისთვის უნგრეთი, ესპანეთი და დანია იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატი 2014. ქალები. 7-21 დეკემბერი. უნგრეთი-ხორვატია
მეორე ეტაპი. 1 ჯგუფი, დებრეცენი. 13 დეკემბერი
მდგომარეობა: ნორვეგია 6, უნგრეთი 4 / ესპანეთი 4, დანია 3, რუმინეთი 1, პოლონეთი 0
პოლონეთი-დანია 19-28
დანია ერთი ქულით გავიდა მეორე ეტაპზე, პოლონეთი – არცერთით. ნახევარფინალში გასასვლელი შანსის დასატოვებლად ორივე გუნდისთვის ეს აუცილებლად მოსაგები თამაში იყო. ტაიმი 9-9 მორჩა, მერე იყო 12-12, ხოლო გადამწყვეტი გამოდგა 38-ე წუთზე სტახოვსკას ორწუთიანი გაძევება, რომლის დროსაც დანიამ ორი გოლი გაიტანა, მერე სამი დაუმატა და 17-12 დაწინაურდა. პოლონეთი ნოკდაუნიდან ვეღარ გამოვიდა. ლიდერებმა, კუდლაჩმა და ვოიტაშმა მხოლოდ 2-2 გოლი გაიტანეს, ორმა მეკარემ კი ჯამში მხოლოდ 6 დარტყმა მოიგერია. დანიელთაგან საუკეთესოები იყვნენ მეკარე ტოფტი (13 მოგერიება), გარემარბი ფისკერი (6 გოლი), და ინსაიდები, რიბორგ-იორგენსენი და სტინე იორგენსენი (5-5).
ესპანეთი-ნორვეგია 26-29
ჯგუფის ლიდერთა მატჩის პირველი ტაიმი მოულოდნელად დასრულდა. ესპანეთი ნახევარი წუთით ადრე 16-14 იგებდა, მაგრამ პივოტმა ჰაიდი ლოკემ (3 გოლი) მარცხენა ხელით დაიჭირა ბურთი და გაიტანა, 6 წამით ადრე ბეატრის ფერნანდესმა დაკარგა, ხოლო ბოლო წამზე ბეტინა რიგელჰუტმა (7 გოლი) 12 მეტრიდან გაუტანა მეკარე ნავაროს – 16-16. როდესაც მეორე ნახევრის დასაწყისში იდა ალსტადმა საკუთარი ნახევრიდან გადაუგდო თავზე ბურთი მეკარეს, ანგარიში 20-17 გახდა და ნორვეგიას თითქოს უნდა გაეტეხა მეტოქე, მაგრამ ესპანეთი დაბრუნდა: კარმენ მარტინმა (6 გოლი) მე-40 წუთზე გაათანაბრა – 20-20. ნორვეგია ისევ გაიქცა: 26-22 გარემარბ კამილა ჰერემის (5 გოლი) სწრაფი შეტევის შემდეგ, თუმცა, ესპანეთი მაინც მოცოცხლდა გამთამაშებელ ნერეა პენიას (7 გოლი, 6 პასი) წინამძღოლობით – 26-26 55-ე წუთზე. გადამწყვეტი გამოდგა ნორა მორკის (3 გოლი) ორი ზუსტი დარტყმა ბოლოსწინა და ბოლო წუთებზე, რის შემდეგაც ნორვეგიამ 29-26 მოიგო და დიდი ნაბიჯი გადადგა ნახევარფინალისკენ.
უნგრეთი-რუმინეთი 20-19
ანგარიში მეექვსე წუთზე გაიხსნა, ხოლო რუმინეთმა პირველად მეთერთმეტეზე გაიტანა, ჯამში კი ყველაზე ნაკლებგოლიანი მატჩი ვიხილეთ. უნგრეთი იგებდა, მაქსიმუმ სამით, მაგრამ რუმინეთმა მეორე ტაიმში გაათანაბრა. თავისი ლიდერის, ანიტა გორბიცის არყოფნაში უნგრეთი სულაც არაა რუმინეთზე ძლიერი, მითუმეტეს, ამ გუნდს ჰყავს ნამდვილი წინალძღოლი, ქრისტინა ნიაგუ (8 გოლი). და რუმინეთი იგებდა, 19-17, 55-ე წუთზე. მასპინძელთა შორის თამაში არავის წაუვიდა და ამ დროს ზედიზედ ორი გოლი გაიტანა გაბრიელა ტოტმა, ხოლო გამარჯვების მომტანი ბურთი 57-ე წუთზე შეაგდო გარემარბმა ბერნადეტ ბოგნარ-ბოდიმ, რის შემდეგაც მისმა გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
15 დეკემბერი
19:00 ესპანეთი – რუმინეთი
21:15 პოლონეთი – ნორვეგია
23:30 უნგრეთი – დანია
2 ჯგუფი, ზაგრები. 14 დეკემბერი
18:45 გერმანია – მონტენეგრო
21:00 შვედეთი – საფრანგეთი
23:15 ჰოლანდია – სლოვაკეთი
საფრანგეთი 4, შვედეთი 3 / ჰოლანდია 3, მონტენეგრო 2, სლოვაკეთი 0, გერმანია 0
ფოტო: ნორვეგია-ესპანეთი. ჰაიდი ლოკე (6)