14-წლამდე ჭაბუკთა ჩემპიონატი ბათუმის „ბსბ“-ს უდანაკარგო გამარჯვებით დასრულდა

14-წლამდე ჭაბუკთა 2025/26 წლების საქართველოს ჩემპიონატში, სადაც 11 გუნდი იყო წარმოდგენილი, ქულათა მაქსიმუმით (22 ქულა) ჩემპიონობა კვლავაც ბათუმის „ბსბ“-მ იზეიმა. ბათუმელებმა ყველა შეხვედრაში გაიმარჯვეს; მათ შორის, ერთი მოგება „რუსთავის“ გამოუცხადებლობის გამო, ტექნიკური წესით ჩაეთვალათ.
ტურნირზე 20 ქულა დააგროვა და ვერცხლის მედლებს დაეუფლა „ქარიშხალა“, ხოლო 18 ქულით მესამე ადგილი „ზესტაფონმა“ დაიკავა.

14-14 ქულა დაუგროვდათ „აჭარასა“ და „კორიდას“, რომლებიც, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილებზე გავიდნენ. სატურნირო ცხრილის მომდევნო პოზიციები კი ასე გადანაწილდა:
- „ყვარელი“ — 12 ქულა
- „სენაკი“ — 8 ქულა
- „სამტრედია“ — 8 ქულა
- „ქუთაისი“ — 7 ქულა
- „ლაიონსი“ — 7 ქულა
- „ხელვაჩაური“ — 2 ქულა
- „რუსთავი“ — 0 ქულა
გამარჯვებულებსა და პრიზიორებს თასები და მედლები გადასცეს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ლევან სალუქვაძემ, ჭაბუკ ხელბურთელთა განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ბექა ორჯონიკიძემ და საქართველოს ნაკრებისა და ისლანდიური „აკიურეირის“ მოთამაშე გიორგი დიხამინჯიამ.
ეროვნული ნაკრების წევრი 14-წლამდე ჭაბუკთა ჩემპიონატის დასკვნით ტურს ესწრებოდა და თვალს ადევნებდა „კორიდა“ — „ბსბ“-სა და „ქარიშხალა“ — „ზესტაფონის“ შეხვედრებს.