gnhf-rrr

13/04/15 ერთი ნაბიჯი ფინალამდე, რუსია ისევ საუკეთესოა

ვლადიმერ რუსიას და შოთა თევზაძის რუმინულმა კლუბმა, ოდორჰეიმ, ჩელენჯ კაპის პირველი ნახევარფინალური მატჩი შინ 31-29 მოუგო ლისაბონის ბენფიკას, საპასუხო შეხვედრა 19 აპრილსაა პორტუგალიაში.

ვლადიმერ რუსია თამაშში საუკეთესო იყო 8 გოლით. ოდორჰეიმ ტაიმი 16-15 მოიგო, შესვენების შემდეგ კი რუსიამ და ჩიკე ონიეჯეკვემ ზედიზედ გაიტანეს რამდენიმე ბურთი, როს შემდეგაც მასპინძლები 27-21 დაწინაურდნენ, მაგრამ ამის შემდეგ კრიზისი დაუდგათ და 10 წუთის განმავლობაში გოლი ვეღარ გაიტანეს. შედეგად ბენფიკამ 2 ბურთამდე შეამცირა სხვაობა 29-31, რაც საპასუხო მატჩში მძიმე ბრძოლას მოასწავებს. მეორე წყვილში პორტუგალიისვე ბრაგამ შინ 25-18 დაამარცხა ნორვეგიის სტორდი.

რუმინეთის ჩემპიონატის რეგულარული ეტაპი ოდორჰეიმ პირველ ადგილზე დაასრულა. კონკურენტი, კონსტანცა ბოლო ტურში ბუქარესტის დინამოსთან დამარცხდა, ხოლო ოდორჰეიმ სტუმრად მოუგო პოტაისა ტურდას – 32-24. რუსიამ გაიტანა 9 გოლი, 24 მატჩში დაუგროვდა 103 და კლუბის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზეა ანდრეი მიჰალჩას (124) და ლაზო მაინოვის (104) შემდეგ.

 

ახლა ტურნირი პლეიოფად და პლეიაუტად დაიყოფა. 8 საუკეთესო გუნდი მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას. მეოთხედფინალში ოდორჰეის მეტოქეა სწორედპოტაისა ტურდა, რომელმაც სეზონი მერვე ადგილზე დაასრულა. ბრძოლა 2 მოგებამდეა და ოდორჰეის მესამე მატჩის შინ გამართვის უპირატესობა აქვს. პირველი მატჩი 15 აპრილსაა ტურდაში, ხოლო საპასუხო – 6 მაისს ოდორჰეიში.

პლეიაუტში აგრძელებს ბრძოლას ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა. ბოლო ტურში გუნდმა ფრედ, 30-30 ითამაშა სტუმრად სუჩავასთან, ჩიქოვანი კი საუკეთესო იყო 7 გოლით. მან რეგულარული სეზონი 107 გატანილი ბურთით დაასრულა, ტიმიშოარა კი 23 ქულით მეათე ადგილზე გავიდა.

ახლა 9-13 ადგილებზე დარჩენილი 5 გუნდი ორ წრედ გააგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში დასარჩენად. გუნდებს გაჰყვებათ რეგულარულ სეზონში მხოლოდ ერთმანეთთან დაგროვილი ქულები. ამ მაჩვენებლით პლეიაუტს პირველ ადგილზე იწყებს ვასლუი 19 ქულით, მეორეზე ტიმიშოარაა (13), შემდგომ – სუჩავა (10), ტარგუ ჟიუ (9) და სტიაუა (6). უმაღლეს ლიგაში მხოლოდ 2 საუკეთესო დარჩება, პირველი ტური კი 15 აპრილსაა. ტურნირი 30 მაისს დასრულდება.

რუმინეთის ჩემპიონატი. რეგულარული სეზონის შემდეგ: 1. ოდორჰეი 51 ქულა, 2. ბაია მარე 48, 3. დინამო ბუქარესტი 48, 4. კონსტანცა 48, 5. CSM ბუქარესტი 44, 6. კელერაში 42, 7. შტიინცა ბაკეუ 38, 8. პოტაისა ტურდა 30 / 9. ვასლუი 28, 10. ტიმიშოარა 23, 11. სტიაუა 19, 12. ტარგუ ჟიუ 18, 13. სუჩავა 13

 

სერბეთის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულს სამი მოგებით სერგო დათუკაშვილის გუნდი, ვოივოდინა ლიდერობს. პარტიზანთან მოგების შემდეგ გუნდმა სტუმრად დაამარცხა რადნიჩკი (27-22) და შინ – მეტალოპლასტიკა – 26-18. დათუკაშვილი ტრავმირებულია.

 

მაკედონიაშიც ფინალური ექვსეულის ტურნირი მიმდინარეობს. რევაზ ჭანტურიას კლუბს, ზომიმაკ სტრუმიცას პირველი მოგების შემდეგ მეორე მატჩი სამშაბათს, მეორე ადგილისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტ, სკოპიეს მეტალურგთან აქვს.

 

თურქეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, გიგა ტორონჯაძის კლუბი, ტრაბზონსფორი პირველ მატჩში შინ დამარცხდა ანკარასფორთან – 30-31 და ახლა ნახევარფინალში გასასვლელად ორჯერ სტუმრად უნდა მოუგოს მეტოქეს, 13 და 15 აპრილს.

 

Leave a Reply