09/03/15 სლოვენიამ 7 ბურთით დაგვამარცხა

სლოვენიაში საწვრთნელ ტურნეზე მყოფმა საქართველოს ოლიმპიურმა ნაკრებმა პირველი თამაში გამართა და 20-27 დამარცხდა მასპინძელ თანატოლებთან.

საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს, რომელიც ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის ემზადება, ასეთ ძლიერ მეტოქესთან ჯერ არ უთამაშია. აქამდე ჩვენები მხოლოდ ბელარუსსა და უკრაინას სტუმრობდნენ. მომდევნო ტურნესთვის სლოვენია სპეციალურად შეირჩა, რადგანაც მასპინძელთა  ზუსტად ეს გუნდი ასევე მონაწილეობს თბილისი-2015-ის ფესტივალზე, ამ ტურნირისთვის კი ევროპის ხელბურთის ფედერაციამ რეიტინგის სათავეში მყოფი პირველი შვიდი ქვეყანა შეარჩია.

დასაწყისი თანაბარი გამოდგა. მეცხრე წუთისთვის ანგარიში 5-3 იყო, როდესაც მასპინძლებმა ოთხბურთიანი გაქცევა მოაწყვეს, რაც გადამწყვეტი გამოდგა კიდეც – ანგარიში გახდა 9-3 და ტაიმი სლოვენიამ 16-6 მოიგო. მეორე ნახევრის დასაწყისში ქართველებმა ზედიზედ გაიტანეს 4 გოლი (16-10), მაგრამ ეს საკმარისი არ იყო – სლოვენიამ 6-7 ბურთიანი უპირატესობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა. გადამწყვეტი გამოდგა მასპინძელთა უფრო დაბალანსებული შემადგენლობა და გრძელი სკამი – სლოვენიელთაგან გოლი 12 ხელბურთელმა გაიტანა.

ჩვენი ჭაბუკთა ნაკრები, რომელიც სლოვენიაში 8 მარტს ჩაფრინდა, ქვეყანაში კიდევ 4 დღე დარჩება. გუნდი ყოველდილა ვარჯიშობს, საღამოს კი თამაშებია. დარჩენილია 4 მატჩი, მათ შორის დღევანდელ მეტოქესთანაც.

9 მარტი, ცელიე. ამხანაგური მატჩი

სლოვენია (17) – საქართველო (17) 27-20

სლოვენია: დობაი, დრაგოვანი – კოსი 6, მა. კოტარი 4, ოცვირკი 4, ნოვაკი 2, კავჩიჩი 2. გლოგოვშეკი 2, როზმანი 2, ჰრიბშეკი 1, დობოვიჩნიკი 1, დრობეჟი 1, ალაგიჩი 1, კუნსტი 1, ჰორვატი, მი. კოტარი, ოზმეცი – მწ. პრაპოტნიკი

საქართველო: ხანდოლიშვილი, ხარაიშვილი – ბულბულაშვილი 7, კბილაშვილი 6, რუსტამოვი 2, არსენაშვილი 2, იობაშვილი 1, მერკვილაძე 1, ზარნაძე 1, მაისურაძე, მამულაშვილი, გაწერელია, ტიელიძე, ზაალიშვილი – მწ. თურქია, ქობელაშვილი

მსაჯები: ჰუმეკი, შკვარჩი

Leave a Reply