08/03/15 თევზაძე და რუსია პირველ ადგილზე არიან

რუმინეთის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიბრუნა ქართველი ხელბურთელების, შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას კლუბმა, ოდორჰეიმ. ბოლო ორ მოგებაში ქართველების წვლილი მნიშვნელოვანი იყო.

ოდორჰეიმ ჯერ სტუმრად დაამარცხა რუსიასა და თევზაძის ყოფილი კლუბი, შტიინცა ბაკეუ – 23-20. თამაში 45-ე წუთამდე თანაბარი იყო და სტუმრებმა, რუსიასა და მეკარე თევზაძის მეთაურობით, ბოლოსკენ გატეხეს მეტოქე. რუსია საუკეთესო იყო 8 გოლით, მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე კი ქართველმა შუამარბმა განაცხადა: – ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რამაც პირველ ადგილზე დაგვაბრუნა. ცხადია, კმაყოფილი ვარ, მაგრამ ცოტათი უხერხულობის გრძნობაც მაწუხებს, რადგანაც ჩემი ყოფილი კლუბი დამარცხდა. ბაკეუს წარმატებებს ვუსურვებ.

თევზაძემ და რუსიამ წინა სეზონში ბაკეუსთან ერთად ვერცხლის მედლები მოიპოვეს ახლა კი ოდორჰეის ეხმარებიან ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. ამ თამაშის შემდეგ გუნდმა შინ მძიმე ბრძოლაში დაამარცხა СSM ბუქარესტი, რომელიც მეოთხე ადგილზეა. შესვენებაზე ოდორჰეი წინ იყო (15-10), მაგრამ 55-ე წუთზე ანგარიში 24-24 გახდა და მასპინძლებმა ბოლოში მოიგეს – 27-26. რუსიამ ამჯერად 4 გოლი გაიტანა და პრესკონფერენციაზეც ისევ წარადგენდა გუნდს: – ბუქარესტში ჩვენ პირველ წრეში 20-27 წავაგეთ, და დღესაც ძალიან მძიმე თამაში გვქონდა. კარგია, რომ 3 ქულა ავიღეთ. რეგულარული სეზონის ბოლომდე 5 მატჩი დაგვრჩა და თუ პირველი ადგილის შენარჩუნება გვინდა, შინ ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს.

ოდორჰეის 19 მატჩიდან 42 ქულა აქვს (13 მოგება, 3 ფრე, 3 წაგება), მეორეზეა ბაია მარე – 20 მატჩიდან 41, მესამეზე – კონსტანცა, 19/36. პლეიოფში 8 გუნდი გადის, პირველი ადგილი კი მნიშვნელოვანია, რადგანაც იქ ბრძოლა 2 მოგებამდეა, პირველ ადგილზე გასულს კი ბოლომდე ექნება მესამე, გადამწყვეტი მატჩის შინ გამართვის უფლება. რუსია კლუბის ბომბარდირთა სიაში მესამეა 75 გოლით.

ოდორჰეი ამ სეზონში ევროპულ ჩელენჯ კაპზე გამოდის და მეოთხედფინალში, 15 და 22 მარტს შეხვდება ZTR-ზაპოროჟიეს, ამ წყვილის გამარჯვებულს კი ნახევარფინალში ელის პოლონურ აზოტი-პულავისა და პორტუგალიის ბენფიკას წყვილიდან უკეთესი.

რუმინეთის ჩემპიონატში წარუმატებლად გამოდის ირაკლი ჩიქოვანის ტიმიშოარა, რომელიც მეათე ადგილზეა 19 ქულით და პლეიოფში გასვლის თეორიული შანსი დარჩა. ქართველმა შუამარბმა 1 გოლი გაიტანა შინ, ტარგუ ჟიუსთან მოგებულ მატჩში, ხოლო მთელი სეზონში 81 დაუგროვდა და კლუბში ერთ-ერთი საუკეთესოა.

განახლდა მაკედონიის ჩემპიონატი, რომლის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 ტური დარჩა. ზომიმაკ სტრუმიცამ მეთხუთმეტე მატჩში მე-15 მოიგო, ამჯერად შინ, პრესპასთან – 35-23, ხოლო რევაზ ჭანტურია საუკეთესო ბომბარდირი იყო 7 გოლით (სეზონში – 73). რეგულარული ტურნირის შემდეგ 4 საუკეთესო გუნდი გავა ფინალში, სადაც მათ დაემატება დედაქალაქ სკოპიეს ორი გრანდი, ვარდარი და მეტალურგი და 6 გუნდი ორ წრედ ითამაშებს ჩემპიონობისთვის. შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორის, სტრუმიცას მიზანი ამ სეზონში მეორე ადგილის დაკავებაა, რაც კლუბს საერთაშორისო დონეზე თამაშის უფლებას მისცემს – სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში, და, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაშიც. სტრუმიცას მთავარი მეტოქე იქნება ჩემპიონთა ლიგის მონაწილე სკოპიეს მეტალურგი, რომელსაც ფინანსური კრიზისი აქვს და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთბაშად 8 ხელბურთელმა დატოვა. მათ შორის ორნი, მაკედონიის ნაკრების წევრები, ნიკოლა და ზელკო მარკოსკები სტრუმიცაში გადავიდნენ.

სერბეთის ვოივოდინას უკანახაზელ სერგო დათუკაშვილს კლუბის ბოლო 3 მატჩში ტრავმის გამო არ უთამაშია. უკვე ნახსენებ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიგაში ვოივოდინამ ბოსნიის ბორაცი დაამარცხა – 27-20 და 17 მატჩიდან 10 ქულით მერვე ადგილზეა. EHF თასზე ვოივოდინამ ორჯერ წააგო პორტუსთან, 27-29 და 23-29. არცერთ ამ საერთაშორისო ტურნირზე სერბებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები აღარა აქვთ და ისღა დარჩენიათ, შინაური ტიტული დაიცვან, სერბეთის ჩემპიონატი კი ზუსტად იმ ფორმატით ტარდება, როგორითაც – მაკედონიისა. ვოივოდინა და რადნიჩკი ტურნირზე ფინალური ეტაპიდან ჩაერთვებიან.

დაბოლოს, თურქეთი. მეკარე გიგა ტორონჯაძის ტრაბზონსფორი იზმირში მოგების შემდეგ (32-27) მეხუთე ადგილს ინარჩუნებს და პლეიოფში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვს, თუმცა, საქართველოს ნაკრების ინსაიდი, რატი მსხვილიძე ტრავმის გამო კლუბს ვერც დასკვნით ეტაპზე დაეხმარება. უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძვის ტრაბზონის მეორე კლუბი, თუთუნსფორ აქჩაბათი. ზურაბ სიმონიას, ლექსო წითელიშვილისა და მეკარე ირაკლი ხიდეშელის გუნდი ბოლო ტურში შინ დამარცხდა ანკარა მეტროპოლთან (33-34), მაგრამ მესამე ადგილი შეინარჩუნა. ფინალურ ტურნირში აქ 4 გუნდი გადის.

ფოტო:ბაკეუ-ოდორჰეი. მარჯვნივ – შოთა თევზაძე

Leave a Reply