08/02/14 მსხვილიძეს ისევ გააქვს, ჭანტურია მონპელიეთი იწყებს

შაბათს მორიგი მატჩები გამართეს ქართველ ხელბურთელთა კლუბებმა. თურქეთის ჩემპიონატში წარმატებულ სერიას განაგრძობს ტრაბზონსფორი, რომელმაც შინ 33:29 დაამარცხა იედითეფე.

8 გოლი გაიტანა რატი მსხვილიძემ, ხოლო კარში გიგა ტორონჯაძეც იდგა. ტრაბზონი კვლავ მეოთხე ადგილზეა 22 ქულით, ხოლო 11 თებერვალს პრინციპული თამაში აქვს სტუმრად, მეორე ადგილზე მყოფ BB ანკარასფორთან.

რუმინეთში ქართველების ორივე კლუბი დამარცხდა. დაშავებული ირაკლი ჩიქოვანის არყოფნაში კიდევ ერთხელ წააგო პოლი ტიმიშოარამ (CSM ბუქარესტთან, 28:32) და საპლეიოფო ექვსეულის ზონას თანდათან სცილდება. შტიინცა ბაკეუ სტუმრად 23:33 დამარცხდა ენერგია პანდურისთან. თამაშობდნენ შოთა თევზაძეც და ვლადიმერ რუსიაც, ოღონც ამ უკანასკნელს გოლი არ გაუტანია. ბაკეუ 34 ქულით მეოთხე ადგილზეა, მაგრამ მას შეიძლება გაუსწროს ბუქარესტის დინამომ.

ხვალ ევროპის ხელბურთის ფედერაციის თასზე ჯგუფურ ტურნირს იწყებს მაკედონიის ზომიმაკ სტრუმიცა და საქართველოს ნაკრების გარემარბი რევაზ ჭანტურია. 20 საათზე სტრუმიცა სტუმრად ეთამაშება ფრანგულ მონპელიეს. თამაშის ტელერეპორტაჟი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

http://www.laola1.tv/en-int/live/montpellier-agglomeration-hb-hc-zomimak-m/153850.html

ამავე ჯგუფში ერთი თამაში უკვე გაიმართა. დანიის სკიერნი შინ დამარცხდა ლისაბონის სპორტინგთან – 25:32. ორწრიანი ტურნირის შემდეგ მეოთხედფინალში 2 გუნდი გადის.

ფოტო: რატი მსხვილიძე

Leave a Reply