03/03/14 მსხვილიძის 5 გოლი ლიდერთან საკმარისი არაა
მორიგი მატჩები გამართეს ქართველი ხელბურთელების უცხოურმა კლუბებმა.
გიგა ტორონჯაძისა და რატი მსხვილიძის ტრაბზონსფორი ესტუმრა თურქეთის ჩემპიონატის ლიდერს, ბეშიქთაშს, ვისაც მთელ სეზონში სულ ერთი თამაში აქვს ნათამაშები ფრედ, დანარჩენი კი – მოგებული. ბეშიქთაშმა ამჯერადაც გაიმარჯვა – 40:25. მსხვილიძემ 5 გოლი გაიტანა, ხოლო სტამბოლელთა შორის ყველაზე შედეგიანები იყვნენ თურქეთის ნაკრების ლიდერი რამაზან დიონე (11 გოლი) და საქართველოს ნაკრების მწვრთნელის, ჯორჯე რაშიჩის ვაჟი, დავიდ რაშიჩი (10). ტრაბზონი ისევ მეოთხე ადგილზეა 27 ქულით.
რუმინეთში შოთა თევზაძისა და ვლადიმერ რუსიას ბაკეუმ სტუმრად დაამარცხა პოლი ტიმიშოარა – 36:31 და 43 ქულით მესამე ადგილზეა. 2 გოლი გაიტანა რუსიამ, ვისაც ბოლო ორ ტურში არ ეთამაშა. პოლიტექნიკას შემადგენლობაში ჯერჯერობით არ გამოჩენილა ირაკლი ჩიქოვანი, ვინც ტრავმის შემდეგ ვარჯიში უკვე დაიწყო. ტიმიშოარა 15 ქულით მეათე ადგილზეა და რეგულარული სეზონის შემდეგ პლეიაუტში მოუწევს თამაში.
ფოტო: რატი მსხვილიძე (24) ბეშიქთაშთან მატჩში