02/02/14 მსხვილიძე ტრაბზონში საუკეთესო იყო
ტრაბზონსფორის შემადგენლობაში ჯერჯერობით საუკეთესო მატჩი ჩაატარა რატი მსხვილიძემ. ბურსა ნილუფერთან მოგებულ თამაშში (35:29) მან 9 გოლი გაიტანა.
ტრაბზონის მთავარი ბომბარდირი, აზერბაიჯანელი ოლეგ გეორგიევსკი ამჯერად 5 გოლს დასჯერდა. ტაიმი 15:15 მორჩა, მეორეში კი მასპინძლებმა იძალეს. პირველი ქულები დაკარგა ბეშიქთაშმა, ვინც ანთალიაში ფრედ, 31:31 ითამაშა.
ტრაბზონმა ზედიზედ მეხუთე თამაში მოიგო. ხოლო რაც გუნდში გიგა ტორონჯაძე და რატი მსხვილიძე გადავიდნენ, ტრაბზონელებმა ერთადერთი მატჩი წააგეს ბეშიქთაშთან (მაშინ მსხვილიძეს არ უთამაშია) და ახლა მეოთხე ადგილზე არიან 20 ქულით, ლიდერობენ ბეშიქთაში – 31, BB ანკარა 24 და ანკარა ილ ოზელი – 23. პლეიოფში 8 გუნდი გადის.
კვირას რუმინეთის ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო შტიინცა ბაკეუმ, ვინც დაამარცხა ბაია მარე – 33:21. შოთა თევზაძეს ამჯერად არ უთამაშია, ვლადიმერ რუსიამ 2 გოლი გაიტანა. ბაკეუ მესამე ადგილზეა.
ფოტო: მსხვილიძე ბურსასთან თამაშში