02/02/14 ჩემპიონთა ლიგა ქალებმა განაახლეს

განახლდა ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშება. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ორწრიან ტურნირში, 4 ნახევარფინალისტი გამოვლინდება.

მთავარი მატჩი გაიმართა უნგრეთში, თასის მფლობელ დიორი ეტოსა და მონტენეგროს ბუდუჩნოსტს შორის. ტაიმი სტუმრებმა 13:9 მოიგეს. დიორი ეტომ, რომელიც, ფაქტობრივად, მსოფლიო ნაკრებია, მხოლოდ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა – 23:23. 6 გოლი გაიტანა მსოფლიოს ამასწინანდელი პირველობის საუკეთესო მოთამაშემ, ედუარდა ამორიმმა (ბრაზილია), 4 – კატარინა ბულატოვიჩმა (მონტენეგრო), 3-3 – ანიტა გორბიცმა (უნგრეთი) და ჰაიდი ლოკემ (ნორვეგია). სტუმრებში საუკეთესო იყო სერბი პივოტი დრაგანა ცვიიჩი (6), 5 გოლი გაიტანა რადმილა პეტროვიჩმა (მონტენეგრო). 4 – კრისტინა ნიაგუმ (რუმინეთი).

მაკედონიის ვარდარმა 31:25 მოუგო გერმანიის ტიურინგერს. მასპინძლებში საუკეთესო მოთამაშეები სერბები იყვნენ – მარინა დმიტროვიჩი და იოვანკა რადიჩევიჩი (6-6 გოლი), ოთხჯერ გაიტანა 2013 წლის საუკეთეესო ხელბურთელმა ქალმა ანდრეა ლეკიჩმა, ვინც ვარდარში დიორი ეტოდან გადავიდა.

დანიურმა მიდტიულანდმა 25:24 მოუგო შვედეთის სევეჰოფს, ხოლო შარშანდელი ფინალისტი, ნორვეგიის ლარვიკი 25:31 დამარცხდა სლოვენიაში, კრიმ მერკატორთან.

ქალთა ჩემპიონთა ლიგა წლეულს პირველად იმართება ახალი ფორმატით – დასკვნით ეტაპზე გასული 4 საუკეთესო გუნდი გამარჯვებულს არა მიმოსვლით პლეიოფში, არამედ ოთხთა ფინალში გამოავლენს. ნახევარფინალები და ფინალი 3-4 მაისს გაიმართება ბუდაპეშტში.

მომდევნო კვირაში ქალები მეორე ტურს გამართავენ და განახლდება კაცების ჩემპიონთა ლიგაც. აქ ჯგუფური ტურნირის ბოლომდე კიდევ 3 ტურია, რის შემდეგაც 16 მერვედფინალისტი გამოვლინდება.

ჩემპიონთა ლიგა. ქალები.

მეორე ჯგუფური ეტაპი. 1-2 თებერვალი

1 ჯგუფი

მიდტიულანდი (დან) – სევეჰოფი (შვდ) 25:24

ვარდარი (მკდ) – ტიურინგერი (გერ) 31:25

8 თებ: ტიურინგერი – მიდტიულანდი, 9 თებ: სევეჰოფი – ვარდარი

2 ჯგუფი

დიორი ეტო (უნგ) – ბუდუჩნოსტი (მნტ) 23:23

კრიმ მერკატორი (სლნ) – ლარვიკი (ნორ) 24:18

7 თებ: ლარვიკი – დიორი, 9 თებ: ბუდუჩნოსტი – კრიმი

ფოტო: ედუარდა ამორიმი ბუდუჩნოსტთან მატჩში

Leave a Reply