01/06/14 ფლენზბურგი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია

სახელბურთო ჩემპიონთა ლიგა პირველად მოიგო გერმანიის ფლენზბურგ-ჰანდევიტმა, რომელმაც ფინალში დაამარცხა სამგზის ჩემპიონი, გერმანიისვე კილი – 30:28.

პირველ ტაიმში ფლენზბურგი „ტრადიციულად“ 6 ბურთით ჩამორჩა – 6:12, მაგრამ ნელნელა შეამცირა სხვაობა და ზედ შესვენების შემდეგ 1 ბურთამდე დაიყვანა – 15:16.

ანგარიში პირველად 37-ე წუთზე გაათანაბრა თომას მოგენსენმა – 19:19. ორ წუთში ანდერს ეგერტმა წინ გაიყვანა თავისი გუნდი – 20:19 და ამის შემდეგ მუდმივად ფლენზბურგი ლიდერობდა, მაქსიმუმ – 4 ბურთით – 25:21, 45 წუთზე. დასრულებამდე 3 წუთით ადრე მარკო ვუინმა სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა – 28:29. ჰოლგერ გლანდორფმა მატჩის უკანასკნელი გოლი დასრულებამდე ორწუთნახევრით ადრე შეაგდო – 30:28. ფლენზბურგის სამმა ცაციამ – გლანდორფმა, შტეფენ ვაინჰოლდმა და ლასე სვანმა ჯამში 16 გოლი შეაგდო, ხოლო შვედმა მეკარემ, მათიას ანდერსონმა 23 დარტყმა მოიგერია.

ფლენზბურგმა წლევანდელ ლიგაში დანის პირზე გაიარა. მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში 2 ბურთით დაამარცხა სლოვენიის ცელიე. მეოთხედფინალში სტუმრად გატანილი მეტი გოლით აჯობა პოლონეთის კელცეს, ხოლო ნახევარფინალში, 31 მაისს, ბოლო 6 წუთში ექვსბურთიანი სხვაობა გაუბათილა ბარსელონას და შვიდმეტრიანების სერიაში დაამარცხა.

ოთხთა ფინალის ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ აღიარეს კილის ისლანდიელი გამთამაშებელი არონ პალმარსონი, ხოლო ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ვესპრემის მომირ ილიჩი – 103 გოლი.

ფლენზბურგი პატარა ქალაქია გერმანიის ჩრდილოეთში, დანიის საზღვართან, ასი ათასზე ნაკლები მოსახლეობით. კლუბი ერთხელ ყოფილა გერმანიის ჩემპიონი (2004) და სამჯერ მოუგია თასი. კლუბს ორჯერ აქვს წაგებული ჩემპიონთა ლიგის ფინალი და სამჯერ მოუგია რანგით უმცროსი ევროთასები – თასების მფლობელთა თასი (2001, 2012) და ხელბურთის ფედერაციის თასი (1997). 2013-14 სეზონში კლუბმა მესამე ადგილი დაიკავა გერმანიის ჩემპიონატში, ხოლო თასის ფინალში დამარცხდა ფუხსე-ბერლინთან.

ჩემპიონთა ლიგა. კაცები. ფინალი

1 ივნისი, კიოლნი, ლანქსეს არენა. 20 000 მაყურებელი

კილი (გერ) – ფლენზბურგი (გერ) 28:30

კილ: შოსტრანდი, პალიჩკა – პალმარსონი 6, სიგურდსონი 5, ვუინი 5, ეკბერგი 5, იხა 3, ვინჩეკი 1, იალუზი 1, ტოფტი 1, ზაიცი 1, შპრენგერი, ლაუგე, კლაინი – მწ. ალფრედ გისლასონი

ფლ: ანდერსონი, რასმუსენი – ეგერტი 7, სვანი 7, გლანდორფი 5, ვაინჰოლდი 4, მოგენსენი 4, გოტფრიდსონი 2, ჰაინლი 1, ვანე, ნენადიჩი, რადივოევიჩი, კნუდსენი, კარლსონი, გუსტავსონი, ბოგუნოვიჩი – მწ. ლიუბომირ ვრანიეში

მსაჯები: გიედლინგი, ჰანსენი (დან)

მესამე ადგილისთვის

ბარსელონა (ესპ) – ვესპრემი (უნგ) 26:25

Leave a Reply