ჯემალ ცერცვაძე, ხელბურთის ჯადოქარი

ვაჟა დანელია, გაზეთი ლელო

ქართული ხელბურთის ლეგენდა დღეს კიდევ ერთხელ შეკრებს ქომაგებს თბილისის სპორტის სასახლეში, საიდანაც მას სამუდამო გზაზე გააცილებენ.

”ჯე-მალ – ცირ-კი, ჯე-მალ – ცირ-კი”, – ხმაშეწყობილად გუგუნებდა თბილისის სპორტის სასახლის პირთამდე სავსე 10.000-იანი ტრიბუნები, როცა ჯემალ ცერცვაძე ბურთით ხელში შვიდმეტრიანის ნიშნულთან დგებოდა მეტოქის მეკარესთან პირისპირ. პენალტების დარტყმის ორიგინალური მანერა ჰქონდა: ბუმბულივით იჭერდა ბურთს  ხელში  (ეს კი არა, ქეიფებისას ისიც გვინახავს, ბატონ ჯემალს როგორ ეპყრა ვეება ტორში შამპანიურის ორი სავსე ბოთლი) და მტევნის მოძრაობით ატყუებდა მეკარეებს – ისინი ერთ მხარეს რომ გადახტებოდნენ, ბურთი მეორე მხარეს გადიოდა. საფრანგეთში იყო ასეთ შემთხვევაც – პენალტიდან დარტყმული ბურთი მეკარეს თავში მოხვდა. იგი იატაკზე გაიშხლართა, მაგრამ მაშინ წამოხტა და კარში დადგა, ოღონდ ზურგით მოთამაშეებისკენ – უცებ გონს ვერ მოეგო, რამაც დარბაზი აახარხარა.

გასული საუკუნის 60-იან წლებში სახელბურთო მატჩებისას სპორტის სასახლეში ქომაგები სპეციალურად ჯემალის თამაშის სანახავად დადიოდნენ. მეტოქეებმა არ  იცოდნენ,  როგორ შეეჩერებინათ ქართველი ვირტუოზის შეტევები, მეკარეებს კი მისი ელვისებურად ნატყორცნი ბურთების აღება უჭირდათ. განუმეორებელია მის მიერ შესრულებული პენალტები.  გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა – ცერცვაძის მსგავსი თავდამსხმელი დღემდე არ მინახავს”, – ამბობს ვეტერანი სახელოვანი ხელბურთელი იმედო ფხაკაძე…

წლეულს 7 მაისს დაბადებიდან 80 წელი შეუსრულდებოდა. სიკვდილის წინა დღეებში, ვინ იცის, რამდენჯერ გაუელვა თვალწინ, თუ როგორ თამაშობდა ხელბურთს თბილისის „ბურევესტნიკსა“ (1958-1975) და საბჭოთა კავშირის ნაკრებში (1959-1972). სსრკ ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), სამგზის მეორე (1965, 1966, 1967) და მესამე (1963) პრიზიორი 1962-1971 წლებში ზედიზედ ათჯერ როგორ გახდა საკავშირო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი, როგორ იასპარეზა სამ მსოფლიოს ჩემპიონატში, საიდანაც 1964 და 1967 წლებში ყველაზე ტექნიკურ მოთამაშედ აღიარეს, სამჯერ მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. საკავშირო ნაკრების შემადგენლობაში 78 მატჩი ითამაშა და 276 გოლი გაიტანა. რამდენი ეწვალა, რომ საბჭოთა კავშირში პირველს თავისი სახელობის ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დაეარსებინა.  

ჯამაგირმა პროფილი შეაცვლევინა

სასპორტო კარიერა კალათბურთით დაიწყო – თბილისში რკინიგზის საშუალო სკოლის მეშვიდე კლასში იყო,  საბჭოთა კავშირის 1946 წლის ჩემპიონმა  გრიშა ზახლიანმა კალათბურთის სექციაში რომ ჩაწერა. ნიჭიერი ახალგაზრდა მალე აღმოჩნდა სპეციალისტების მხედველობის არეში. ორი წლის შემდეგ თბილისის ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ცერცვაძეც შედიოდა, მოსკოვს გაემგზავრა რკინიგზის სკოლების საკავშირო პირველობაზე. ქართველმა კალათბურთელებმა ყველას აჯობეს და ჩემპიონობა მოიპოვეს,  მომდევნო წლებში კიდევ ორჯერ დაიმსახურეს მსგავსი შეჯიბრების ოქროს მედლები.  თბილისის რკინიგზელთა გუნდი მოსწავლეთა შორის საქართველოს ჩემპიონიც გახდა.

1957 წელს საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე გიორგი ავალიშვილმა თბილისის ”დინამოში” მიიწვია, ერთ ტურნირშიც მოასწრო მონაწილეობა, მაგრამ მალევე „პროფილი“ შეიცვალა.

„რკინიგზელთა გუნდში ჩემთან ერთად თამაშობდა ერთი კარგი ბიჭი – ოდიშვილი, რომელმაც სკოლა მედალზე დაამთავრა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩაირიცხა. – მითხრა ერთხელ ჯემალ ცერცვაძემ. – ცნობილმა მწვრთნელმა მიხეილ კეკელიძემ იგი „ბურევესტნიკის“ შემადგენლობაში მიიწვია. „ჩვენთან სპორტის ახალი სახეობა ინერგება და გემოს ხომ არ გაუსინჯავდიო“, – მკითხა ერთ დღეს ოდიშვილმა. ხელბურთს საქართველოში  XX საუკუნის 20-იან წლებშიც თამაშობდნენ.  1928 წლის საბჭოთა კავშირის  სპარტაკიადაში მონაწილე ამიერკავკასიის ფედერაციის ნაკრები თითქმის მთლიანად ქართველი ხელბურთელებისგან შედგებოდა. 50-იანი წლებიდან დაიწყო ხელბურთის განვითარების ახალი ეტაპი. ამ საქმეში დიდი  წვლილი მიუძღვით გიორგი შარაშიძეს და თამაზ ანთაძეს. 1956 წლიდან თბილისის “ბურევესტნიკი” საბჭოთა კავშირის პირველობაში მონაწილეობდა, ოღონდ მაშინ ფეხბურთის მოედანზე თამაშობდნენ, თანაც  11X11-ზე. სწორედ ამ გუნდში მოვხვდი. 1958 წელს მოსკოვში არმიის სასპორტო კლუბის პირველობაზე ვიასპარეზეთ. იმავე წელს ლენინგრადმა რვა ქალაქის საკავშირო ჩემპიონატს უმასპინძლა ხელბურთში, ოღონდ უკვე 7X7-ზე, თანაც დარბაზში. მართალია, მაშინ პრიზიორებში ვერ მოვხვდით, მაგრამ შვიდ მატჩში 49 გოლი გავიტანე და ბომბარდირობასთან ერთად ყველაზე ტექნიკური მოთამაშის პრიზითაც დამაჯილდოვეს, თან საკავშირო ნაკრებში მიმიწვიეს, ჯამაგირი 2500 მანეთი გექნებაო, მითხრეს. თბილისის „დინამოში“ 800 მანეთს მაძლევდნენ. ცხადია, ხელფასმაც იმოქმედა, მაგრამ მთავარი მაინც ის იყო, რომ მოედანზე ჩემი თავი ვიპოვე – ხელბურთის თამაში უკეთ გამომდიოდა. ამიტომ მეც ამ გზით წავედი“.

ქართველებს ოქრო გეყოთო

„გასული საუკუნის სამოციანი წლები ქართული ხელბურთის ზეობის ხანა იყო. 1962 წელს შვიდკაცა ხელბურთში საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი კაუნასში გაიმართა. 10 გუნდი მონაწილეობდა. ზედიზედ რვა გამარჯვება მოვიპოვეთ და ჩემპიონობასთან ახლოს ვიყავით. ბოლო შეხვედრა მასპინძლებთან გვქონდა. კაუნასელები ერთ მატჩში მოსკოველებს დაუზავდნენ, ამიტომ აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, ჩვენ კი ფრეც ხელს გვაძლევდა. წარმატების მისაღწევად არაფერს დაერიდნენ, იქამდეც, რომ ჩვენს მეკარე ჯემალ აბაიშვილს თვალებში პროჟექტორებს მიანათებდნენ, ბურთი რომ ვერ დაენახა. მასპინძლებს ვერც მიკერძოებულმა მსაჯობამ უშველა – შეხვედრა ფრედ დამთავრდა და ჩემპიონობა მოვიპოვეთ. გუნდში მაშინ ჩემთან ერთად თამაშობდნენ ჯემალ აბაიშვილი, თამაზ ანთაძე, ანზორ ექსეულიძე, იმედო ფხაკაძე, ლერი კარტოზია, ჯანო ბაგრატიონი, გარი მაჭავარიანი და სხვები. მომდევნო წელს ჩემპიონატი სვერდლოვსკში თიხის მოედანზე ჩაატარეს. ფეხი გვისხლტებოდა, ტექნიკას ვერ ვაჩვენებდით და მესამე ადგილს დავჯერდით, სამაგიეროდ, 1964 წელს მოსკოვში ჩემპიონობა დავიბრუნეთ. მერე რამდენჯერმე მე-2 ადგილზე გავედით, რადგან „ზემოთ“ თითი დაგვიქნიეს – ქართველებს ამდენი ოქრო გეყოფათო“…  

იმ წლებში ხელბურთი, მართლაც, იმდენად პოპულარული გახდა საქართველოში, რომ თბილისის სპორტის სასახლეში გამართული პაექრობებისას ხალხის მოზღვავების გამო წესრიგის დასაცავად ცხენოსანი მილიცია გამოჰყავდათ. საგულისხმოა, რომ სპორტის სასახლის გახსნის შემდეგ პირველი მატჩი ამ შესანიშნავ დარბაზში ხელბურთელებმა გამართეს უნგრეთის ნაკრების წინააღმდეგ. მასპინძლებმა ის ორთაბრძოლა 26:19 მოიგეს და იმ შეხვედრაში 9 ბურთი ჯემალ ცერცვაძემ გაიტანა.

ფენომენალური, დახვეწილი ტექნიკით, თავბრუდამხვევი ფინტებით,  თამაშის აბსოლუტურად განუმეორებელი და ორიგინალური მანერით, სწრაფი აზროვნებითა და მეტოქეებისთვის ამოუცნობი ტყორცნებით ცნობილი ქართველი ხელბურთელი ჯემალ ცერცვაძე, საყოველთაო აზრით, ერთ-ერთ გამორჩეული მოთამაშე გახლდათ ხელბურთის ისტორიაში.  ჟურნალისტებს არაერთხელ შეუმკიათ ნაირგვარი ეპითეტებით,  1966 წელს დანიის საერთაშორისო ტურნირზე, რომელსაც მცირე  მსოფლიოს ჩემპიონატი უწოდეს, ბატონ ჯემალს  „ხელბურთის პელე“ შეარქვეს.

ჯერ კიდევ 1958 წელს მიიწვიეს იგი საბჭოთა ნაკრებში. 1959 წელს პოლონელების წინააღმდეგ ითამაშა 11X11-ზე. შვიდკაცა ხელბურთის გუნდში პირველად 1961 წლის იანვარში მოსინჯა ძალები მსოფლიოს ჩემპიონატის შესაჩევ მატჩში რუმინეთთან.  მოსკოვში 12:9 გაიმარჯვეს, ბუქარესტში რუმინელებმა აჯობეს საბჭოელებს 5 ბურთით  და იმ წელიწადს მერე მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვეს. ორივე შეხვედრაში ქართველმა ხელბურთელმა 12 ბურთი გაიტანა კარპატელთა კარში.

მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალში სამჯერ ითამაშეთ. რომელს  გამოარჩევდით-მეთქი, ვკითხე ერთხელ ქართული ხელბურთის ლეგენდას.  

– 1964 წელს ჩეხოსლოვაკიაში პირველად ვიასპარეზეთ, მაგრამ იქ ბევრი არაფერი გამოგვივიდა. აი, სამი წლის შემდეგ შვედეთში კი უმედლოდ არ უნდა დავრჩენილიყავით. თავიდან გერმანიის ფედერაციული და დემოკრატიული რესპუბლიკების ძლიერ გუნდებს ვაჯობეთ. ნახევარფინალური შეხვედრა დანიელებთან გვქონდა. წინა წელს დანიის საერთაშორისო ტურნირზე მასპინძლებს თბილისის „ბურევესტნიკმა“ 17:8 მოუგო, ამიტომ შვედეთში საკავშირო ნაკრებს მისი დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა. ასეც იყო: პირველ ტაიმში 7:2 დავწინაურდით. სწორედ ამ დროს მცველები ჩემთან უხეში თამაშის გამო დაჯარიმდნენ. პენალტი მე უნდა დამერტყა, მაგრამ ამ დროს შარაშიძემ დამიყვირა, კლიმოვს დაუთმეო. მან კი ძელს მოახვედრა ბურთი, რომელსაც დანიელები დაეუფლნენ და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. მეკარე ვალერი ცაპენკომაც ვერ იყოჩაღა და ტაიმის ბოლომდე დანიელები ერთი ბურთით წინ გავიდნენ. მწვრთნელებმა ცაპენკო აბაიშვილით შეცვალეს, მაგრამ უკვე მორღვეულ გუნდს ვერც მან უშველა. ის მატჩი დავთმეთ, მერე რუმინელებთანაც წავაგეთ  და საბოლოოდ მე-4 ადგილზე გავედით. არადა, საკავშირო ნაკრებში ოთხი ქართველი ვიყავით – მე, ჯემალ აბაიშვილი, ანზორ ექსეულიძე და იმედო ფხაკაძე.

პელე და ფაღავას ქალი

– ხელბურთის პელეც იმ ჩემპიონატზე შეგარქვეს?

– არა, ერთი წლით ადრე დანიის ტურნირზე, სადაც ქართველმა ხელბურთელებმა პირველი ადგილი დავიკავეთ. მაშინ შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედაც მაღიარეს. შინ რომ დავბრუნდი, ბებიასთან წავიტრაბახე, „ხელბურთის პელე“ შემარქვეს-მეთქი. ბებია ფაღავას ქალი იყო – ძველი თავადი. ამის გაგონებაზე სახე შეეცვალა და ცივი წყალი გადამასხა – რაღა მაგ „ფერადკანიანსო“…

სხავათა შორის, იმ წლების წარმატებების შედეგი იყო, ევროპის ხელბურთის ფედერაციამ საერთაშორისო ტურნირების ნება რომ დაგვრთო გაზეთ “ზარია ვოსტოკას” პრიზზე. 1966 წლიდან იმ შეჯიბრებებში ევროპის უძლიერეს ნაკრებებს (იუგოსლავია, გდრ, გფრ, სსრკ, რუმინეთი, უნგრეთი, ესპანეთი, ჩეხოსლოვაკია, დანია, ნორვეგია, პოლონეთი) უასპარეზიათ და საქართველოს ნაკრები, რომელიც ბურევესტნიკელებისგან შედგებოდა, ტოლს არავის უდებდა…  

აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ ჯემალ ცერცვაძეს ხელბურთისთვის ზურგი არასდროს შეუქცევია, პირიქით – 1980 წელს საბჭოთა კავშირში პირველმა ოლიმპიური რეზერვის ხელბურთის სპეციალიზებული სკოლა დააარსა, რომელიც დღემდე მის სახელს ატარებს. ბატონი ჯემალი უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მხოლოდ ხელბურთით ცოცხლობდა.

Leave a Reply