მარტო მეორე ტაიმმა არ იკმარა

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები 22-26 დამარცხდა საბერძნეთთან, ხოლო სერბეთმა მოუგო ისრაელს – 35-24. ხვალ 16 საათზე თამაშობენ საბერძნეთი-სერბეთი, 18 საათზე – ისრაელი-საქართველო.

თამაში საქართველოს ნაკრებისთვის კატასტროფულად დაიწყო 0-7 და 1-9, ხოლო ბერძნების პივოტმა მარიოს მორაიტისმა პირველ ტაიმში 8 გოლი გაიტანა – ნაწილი სწრაფი გარღვევების შემდეგ, ნაწილი – 6 მეტრიდან. დაცვაში ძალიან გვიჭირდა, ხოლო შეტევაში თამაში აუწყობელი და დაუბალანსებელი იყო, ფაქტიურად, ბურთი მხოლოდ უკანა სამეულს ჰქონდა. ერთი პირობა სხვაობა 5-9 გახდა, მაგრამ ბერძნებმა მაინც იძალეს შესვენების წინ – 15-8.

მაგრამ მეორე ნახევარში ქართველებმა გამოასწორეს დაცვა. მორაიტისი აიყვანეს ფერაძემ და კბილაშვილმა, ამას კი დაემატა მეკარე ცინცაძის ძალიან კარგი თამაში. სხვაობა ისევ დავიდა 4 ბურთამდე და ტაიმის დიდი ნაწილი 4-5 ბურთით ვაგებდით, ხოლო 53-ე წუთზე როგორც იქნა, დავიდა სამამდე – 20-23, რუსტამოვისა და კბილაშვილის გოლების შემდეგ კი მინიმალურიც გახდა – 22-23 და დარჩენილი იყო სამწუთნახევარი.

მაგრამ, კბილაშვილი აქვე დაშავდა, დარჩენილ დროში კი ბერძნებმა სამჯერ გაგვიტანეს და 26-22 მოიგეს. საუკეთესო მოთმაშეებად აღიარეს ცინცაძე და მორაიტისი.

დღის პირველ მატჩში ისრაელმა პირველ ტაიმში სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია სერბეთს და 30-ე ეუთზე ბენ საადონმა გაათანაბრა ანგარიში (15-15), თუმცა სირენამდე ალექსა კლაიჩმა ისევ წინ გაიყვანა სერბეთი – 16-15.

მატჩის ბედი გადაწყდა 43-ე წუთისთვის, როდესაც სერბეთმა ზედიზედ 5 გოლი გაიტანა – 24-19 და შემდეგ უპირატესობა გაზარდა – 35-24. 51-ე წუთზე ორმრივი უხეშობისთვის გააძევეს სერბი რაკოცია და ებრაელი მასლია. საუკეთესო მოთამაშეების პრიზი მიიღეს მეკარეებმა – რან გუტერმანმა (ისრაელი) და დეიან მილოსავლიევმა.

ხელბურთი. ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია. კაცები, 20 წ.

მე-6 ჯგუფი. თბილისი, ახალი სპორტის სასახლე. 8 აპრილი

სერბეთი-ისრაელი 35-24

სერ: მილოსავლიევი, იურაკიჩი – კლაიჩი 7, არსენიჩი 6, რაკოცია 6, ბარუძიჩი 4, მარკოვიჩი 3, რატკოვიჩი 3, კოლაკოვიჩი 2, გაჩევიჩი 1, კურტეში 1, რადოვანოვიჩი 1, სმილიანიჩი 1, მიტიჩი, რანისავლევიჩი, სტოიანოვიჩი

ისრ: გუტერმანი, კაპლანი, შემ ტოვი – მასლია 6, ალმოსნინოსი 5, ბენ საადონი 3, ლიბგოტი 3, ჯინჯიხაშვილი 2, ნათანი 2, ატიშკინი 1, ნოსკოვი 1, პინჩასი 1, ავნაიმი, ლიფერი, შაჰაკი, იონიში

მსაჯები: რ. გერაეტსი, პ. გერაეტსი (ჰოლ)

საქართველო-საბერძნეთი 22-26

საქ: ცინცაძე – ზარნაძე 4, გიორგაძე 3, გოგოლაძე 3, ფერაძე 3, ბულბულაშვილი 2, კბილაშვილი 2, ხაჟომია 2, რუსტამოვი 2, ცხოვრებაძე 1, მამულაშვილი, ტიელიძე, დიხამინჯია (ხიდეშელი, ხანდოლიშვილი – იობაშვილი)

საბ: ბრაუდაკისი, მუტოპულოსი – მორაიტისი 8, ილიოპულოსი 6, აპოსტოლიდისი 3, არამპაძისი 3, ცანაქსიდისი 3, ტრიანტაფილიდისი 2, კრიტიკოსი 1, ხარალამპიდისი, კარაიოზოპულოსი, კარლაკატოსი, მელეტაკოსი, პაპაპულიოსი, პოლიდოროსი, თეოდოროპულოსი

მსაჯები: ლ. იორუმი, ჰ. კლევენი (ნორ)

დელეგატი: ა. მხითარიანი (სომ)

9 აპრილი. 16:00 საბერძნეთი-სერბეთი, 18:00 ისრაელი-საქართველო

10 აპრილი. 14:00 ისრაელი-საბერძნეთი, 16:00 სერბეთი-საქართველო

ფინალურ ეტაპზე გადის 1 გუნდი

Leave a Reply