ლევან გელაშვილი ევროპის ჩემპიონატზე და EBT ფინალზე იმუშავებს

მაისსა და ივნისში იმართება პლაჟის ხელბურთის ორი უდიდესი ტურნირი – ევროპის საპლაჟო ტურის (EBT) ფინალი კლუბებს შორის და ევროპის ჩემპიონატი სანაკრებო დონეზე. ორივე ამ ტურნირზე ტექნიკურ დელეგატად იმუშავებს საქართველოს ხელბურთის ფედერაციის წარმომადგენელი, ლევან გელაშვილი.

გელაშვილმა შარშან, ნოემბერში მიიღო ევროპის ხელბურთის ფედერაციის ოფიციალური დელეგატის სტატუსი როგორც კლასიკურ, ასევე პლაჟის ხელბურთში და მაშინვე იმსაჯა გრან კანარიაში, ჩემპიონთა თასზე, თუმცა, პლაჟის ხელბურთის დელეგატი ვალდებულია, წელიწადში სამჯერ ჩააბაროს ონლაინ-ტესტი კვალიფიკაციის დასადასტურებლად. გელაშვილმა ეს ერთხელ უკვე გააკეთა და მიიღო დანიშვნაც ორ ყველაზე სერიოზულ ტურნირზე.

ევროპის საკლუბო ტურის ფინალი, ქალთა და კაცთა შორის,  იმართება გაეტაში, იტალია, 26-28 მაისს (მონაწილეობს 10-10 უძლიერესი კლუბი), ხოლო ევროპის ჩემპიონატი – 18-25 ივნისს იარუნის ტბაზე, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების მახლობლად. აქ ერთბაშად ოთხი ტურნირია – ქალთა და კაცთა ტურნირები ეროვნული ნაკრებებსა და 17-წლამდელთა ასაკობრივ გუნდებს შორის. 

Leave a Reply