ლეგიონერები/ცხოვრებაძე საუკეთესო იყო. რთული მატჩები აქვთ გავაშელიშვილს და ცინცაძეს

ქართველმა ლეგიონერებმა ევროპის ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი ტურის მატჩები ჩაატარეს, თუმცა ასეთთა რიცხვი ტრავმიანობის გამო, მნიშვნელოვნად ცოტა იყო.

ტრავმებს იშუშებენ თეიმურაზ ორჯონიკიძე (ოჰრიდი), ერეკლე არსენაშვილი (ტრამბლე), გიორგი დიხამინჯია (აკიურეირი), ზურაბ გოგავა („აუგუსტდორფი“).

ხორვატიის პრემიერ ლიგაში ერთპიროვნულ ლიდერობას აგრძელებს „ზაგრები“ და მასში საკუთარი წვლილი შეაქვს გიორგი ცხოვრებაძეს.

„ნაშიცესთან“ საჩემპიონო წრის მე-10 ტურში „ზაგრებს“ ცხოვრებაძე გაუძღვა. ორივე გუნდიდან საუკეთესო სწორედ ქართველი ლეგიონერი იყო, რომელმაც 8 გოლი გაიტანა, მისმა გუნდმა კი 34-26 (19-15) მოიგო.

ზურაბ ცინცაძეს და მის „ლეგიონოვოს“ მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულება უწევს. ქართველის გუნდი პოლონეთის სუპერ ლიგაში დასარჩენად თამაშობს და წარმატებითაც. მიმდინარე კვირას ორი მატჩი ჩაატარეს და ორივე შემთხვევაში გაიმარჯვეს. „ლეგიონოვომ“ ჯერ „ზაგლემბეს“ მოუგო 33-25, სადაც ცინცაძემ ხუთი ბურთი მოიგერია და ორიც შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მეორე მატჩში საქართველოს ნაკრების მეკარემ საკუთარ მოედანზე „აზოტი პულავისთან“ ითამაშა და 10-ბურთიანი სხვაობით – 37-27 დაამარცხა. ცინცაძე საშინაო მატჩში უკეთ გამოიყურებოდა – 12 ბურთი მოიგერია.

პოლონეთის სუპერ ლიგის საფლეიოფო მეოთხედფინალში ითამაშა მირიან გავაშელიშვილმა. მისი „ოსტროვია“ განმეორებით შეხვედრაში „კვიძინთან“ 27-33 დამარცხდა, მაგრამ ორი მატჩის ჯამში (58-56) ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

წაგებულ მატჩში გავაშელიშვილმა 4 გოლი გაიტანა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება პირველ ნახევარფინალურ მატჩს, აქ „ოსტროვიას“ მეტოქედ ჰყავდა ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი „კიელცე“. სამწუხაროდ, პირველ შეხვედრაში „ოსტროვია“ 26-34 დამარცხდა. გავაშელიშვილმა 5 გოლი გაიტანა.

სტარ ლიგის 26-ე წრეში ითამაშა ნიკოლოზ კალანდაძემ. „ექს ან პროვანსმა“ რომლის ღირსებასაც იცავს ქართველი ლეგიონერი, „ლიმოჟზს“ გასვლაზე ეთამაშა და 27-30 დამარცხდა. კალანდაძემ ლიმოჟელებს 2 გოლი გაუტანა და 7 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

Leave a Reply