ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება გრძელდება

ხელბურთელ ქალთა ახალგაზრდული ნაკრები აგრძელებს მზადებას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის, რომელიც 17-19 მარტს გაიმართება ბელარუსში. ორ აზერბაიჯანულ კლუბთან სტუმრად მოგების შემდეგ ამჯერად ვუმასპინძლეთ მესამეს, ქალაქ მინგეჩევირის „ნურს“ და ორჯერ, 22-25 და 20-29 დავმარცხდით.

სტუმართა გუნდის მთავარი ძალა 6 რუსი ლეგიონერი იყო. სტუმართა შორის არ იყვნენ თინეიჯერები, რაც თვალშისაცემი იყო, თუ მოთამაშეთა გაბარიტებს შევადარებდით – მეტოქე აშკარად უფრო ტანადი და ღონიერი გახლდათ, რაც, გადამწყვეტი უპირატესობაც აღმოჩნდა ორივე მატჩში. სტუმართაგან ყველაზე ტანადი, ოლგა რიაბოვა სიმაღლით 192 სანტიმეტრი იყო. „ნური“ ახალი კლუბია, ჯერ არ ჩაბმულა აზერბაიჯანის ჩემპიონატში და უფრო ძლიერ გუნდია, ვიდრე „გენჩლერბირლიი“ და „ყარაბაღი“, რომლებიც ჩვენმა ნაკრებმა რამდენიმე დღის წინ ბაქოში დამარცხა.

პირველი მატჩის პირველი ტაიმი „ნურმა“ 15-14 მოიგო, მეორეში თინა ქიტესაშვილმა წინ გაიყვანა საქართველოს ნაკრები (17-16), მაგრამ ეს ჩვენების ერთადერთი წინ გასვლა აღმოჩნდა. სტუმრების ფიზიკური უპირატესობა ბოლოსკენ ანგარიშშიც აისახა – ჩვენებს უჭირდათ მეტოქის წინააღმდეგ დაცვაში თამაში, რის გამოც დიდი დრო გაატარეს რიცხობრიც ნაკლებობაში, საბოლოოდ კი 22-25 წააგეს. 

მეორე მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები 10-8 იგებდა, მაგრამ დაბოლოება სტუმრებმა უკეთ ჩაატარეს, შესვენებაზე 15-11 დაწინაურდნენ და შემდეგ სხვაობაც გაზარდეს – 29-20.

აზერბაიჯანულ ტურნესთან შედარებით, ჩვენს ნაკრებში სამი ახალი წევრია – მარცხენა გარემარბი სვიტლანა პეტრენკო, ოლჰა შლუხტინა, რომელსაც მარცხნივ ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში და უკანახაზელი, კატერინა ესმანოვიჩი. ისინი უკრაინის ჩემპიონატში თამაშობენ. სამივემ შარშან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა და მაშინ რამდენიმე თვეც გაატარა გუნდთან ერთად. პეტრენკომ შარშანვე ითამაშა საქართველოს ნაკრებში შვედეთში, ევროპის ღია პირველობაზე, ესმანოვიჩი კი თბილისის მამულში გამოდიოდა ჩელენჯ კაპზე. პირველ მატჩში ამ სამეულმა 7 გოლი გაიტანა და უკეთ შეთამაშების შემდეგ გააძლიერებს ნაკრებს, რომელსაც სამი მძიმე მატჩი ელის ბელარუსში – მასპინძელთა, პორტუგალიისა და შვეიცარიის ცხრამეტწლამდელების წინააღმდეგ. ფინალურ ეტაპზე ამ ჯგუფიდან მხოლოდ გამარჯვებული გადის.

შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირს ითამაშებს, ფაქტობრივად ცნობილია – სწორედ ის 15 ხელბურთელი, ვინც „ნურთან“ მატჩის განაცხადში იყო. საეჭვოა მხოლოდ თათია გადელიას გამგზავრება – გადელია ტრავმის შემდეგ ბოლომდე მზად არაა და „ნურთან“ მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა მოედანზე, შვიდმეტრიანის დასარტყმელად.

დღეს და ხვალ სპორტკომპლექს არენაში კიდე ორი საერთაშორისო მატჩია. გვეწვევა სომხეთის ახალგაზრდული ნაკრები და ეთამაშება ჩვენს უმცროსი ასაკის, ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს.  კვირას თამაში 16 აათზე იწყება.

ხელბურთი. ამხანაგური მატჩი. 4 მარტი, არენა. ქალები

საქართველო (19) – ნური (მინგეჩევირი, აზე) 22-25

საქ: ვარდიშვილი, ჩაჩუა, ჯავახია – კუნელაშვილი 6, ქიტესაშვილი 4, ესმანოვიჩი 3, შლუხტინა 3,  ყველაშვილი 2, ვენეცკი 2, ჩოხელი 1, პეტრენკო 1, გადელია (გაგნიძე, ჯავახიშვილი, ჯგერენაია)

ნურ: მურატოვა, პასტუშენკო, აბუშევა – ჩერნიშკოვა 6, ტუნიკი 5, კლიმენკო 4, არტამონოვა 3, ნასრედინოვა 3, პეჩე 3, რიაბოვა 1, მირონენკო, მუსტაფაევა, შიხიევა – მწვ. გონჩარი

მსაჯები: ა. კომახიძე, ზ. ურუშაძე

5 მარტი, არენა 2.

საქართველო (19) – ნური (მინგეჩევირი, აზე) 20-29

საქ: ჯავახია, ჩაჩუა, ვარდიშვილი – ჩოხელი 6, კუნელაშვილი 4, ვენეცკი 3, ქიტესაშვილი 2, პეტრენკო 2, ყველაშვილი 2, შლუხტინა 1, ესმანოვიჩი, გაგნიძე, ჯავახიშვილი

ნურ: მურატოვა, პასტუშენკო, აბუშევა – ტუნიკი 8, არტამონოვა 5, პეჩე 5, კლიმენკო 4, მუსტაფაევა 3, ნასრედინოვა 2, რიაბოვა 1, მირონენკო 1, შიხიევა

მსაჯები: ა. კომახიძე, ი. ჭკუასელი

Leave a Reply