gnhf-rrr

ცხოვრებაძის დებიუტი სტარლიგაში

გუშინ დაიწყო საფრანგეთის ჩემპიონატი ხელბურთში. ლიდლ სტარლიგის პირველ ტურში მონპელიემ შინ 36-25 დაამარცხა კრეტეი. ეს იყო გიორგი ცხოვრებაძის პირველი ოფიციალური მატჩი საფრანგეთის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბის შემადგენლობაში. 

საქართველოს ნაკრების მარჯვენა შუამარბმა მონპელიესთან კონტრაქტი 2017 წლის შემოდგომაზე, 16 წლისამ გააფორმა და შემდეგი ორი სეზონი სარეზერვო გუნდში გაატარა, წლეულს კი ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის გამარჯვებული კლუბის ძირითად 16 კაცში მოხვდა.

ჩემპიონატის პირველ თამაშში მწვრთნელი პატრის კანაიე ძირითდად გამოცვილ მოთამაშეებს დაეყრდნო. ყველაზე მეტი, 11 გოლი გაიტანა მარცხენა გარემარბმა იუგო დესკამ (4 შვიდმეტრიანი), 7 შეაგდო მარჯვენა ინსაიდმა ვალონტან პორტმა. უგოლოდ დარჩნენ ლიტველი მარცხენა ინსაიდი იონას ტრუხანოვიჩუსი, ტუნისელი გამთამაშებელი მოჰამედ სუსი და ორი ახალგაზრდა ცაცია – ჟულიენ ბოსი და გიორგი ცხოვრებაძე.

მონპელიე ახალ სეზონში დატოვა ძირითდმა მეკარემ ვენსან ჟერარმა, რომელიც პარი სენ ჟერმენში გადავიდა. მის ნაცვლად მოიწვიეს 34 წლის ხორვატი მარინ შეგო, რომელმაც ბოლო სეზონი უნგრეთის სეგედში გაატარა. სხვა ახალწვეულები არიან ფრანგები –  27 წლის დესკა (დინამო ბუქარესტი), 23 წლის მარჯვენა გარემარბი იანის ლენი, რომელსაც აქამდე ბარსელონასთან ჰქონდა კონტრაქტი და ამავე კლუბის კიდევ ერთი ყოფილი წევრი, 29 წლის პორტუგალიელი მარცხენა შუამარბი ჟილბერტო დუარტე.

ცაციებს შორის ძირითად შემადგენლობაში 5 მოთამაშეს შორისაა კონკურენცია: იანის ლენი და ჟულიენ ბოსი მარჯვენა ფრთაზე თამაშობენ, ვალონტან პორტი მარჯვნივ ორივე პოზიციას ფარავს, მელვინ რიშარსონი კი მარჯვენა ინსაიდია, რომელსაც ხშირად გამთამაშებლად აყენებენ. ცხოვრებაძის ძირითადი პოზიცია მარჯვენა ინსაიდია, თუმცა, კუთხეშიც შეუძლია თამაში. 

მონპელიე მომდევნო მატჩს 11 სექტემბერს გამართავს ნიმში, ხოლო 14 სექტემბერს შინ, უკვე ჩემპიონთა ლიგის მატჩში, უმასპინძლებს მოქმედ გამარჯვებულ სკოპიეს ვარდარს.

ხელბურთი. საფრანგეთი, ლიდლ სტარლიგა. პირველი ტური. ტულუზი – სტ. რაფაელი 33-32, შამბერი – ტრამბლე 33-25, შარტრი – ესი 25-29, ისტრი – პსჟ 25-35, ივრი – ნიმი 26-32, ნანტი – დიუნკერკი: დღეს

მონპელიე – კრეტეი 36-25

მნპ: შეგო 13/37 – 1 გოლი, პორტნერი 0/1 – დესკა 11/15, პორტი 7/9, ლენი 5/5, აფგური 3/3, რიშარსონი 3/6, გრები 2/3, პეტერსონი 1/1, ვილმინო 1/2, დუარტე 1/4, სიმონეტი 1/1, სუსი 0/2, ტრუხანოვიჩუსი, ცხოვრებაძე, ბოსი

Leave a Reply