ჩოხელის 13 გოლი ევროტურნირზე

ქალთა სახელბურთო ნაკრების კაპიტანმა მედეა ჩოხელმა ორ მატჩში 13 გოლი გაიტანა რანგით მეორე ევროტურნირზე, EHF თასზე, თუმცა, მისი კლუბი, მაკედონიის კუმანოვო ორი მატჩის ჯამში დამარცხდა პრაღის სლავიასთან: 27-23, 24-31.

კუმანოვო ჩოხელითვის ახალი კლუბია. შარშანდელი სეზონი 20 წლის ქართველმა ხელბურთელმა პელისტერში გაატარა და კლუბთან ერთად მეოთხე ადგილი დაიკავა მაკედონიის ქალთა სუპერლიგაში, წლეულს კი ვერცხლის პრიზიორმა, კუმანოვომ მიიწვია. 

EHF თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩი, კლუბების შეთანხმებით, მაკედონიაში გაიმართა.  პირველ მატჩში შეუდარებელი იყო ჩოხელი, რომელმაც 11 დარტყმიდან 10 გოლი გაიტანა. ჩეხური კლუბის მწვრთნელმა ფრანტიშეკ ურბანმა „სლავიას“ ვებგვერდზე წაგების მიზეზად სწორედ ქართველი ხაზის მოთამაშე მიიჩნია: „სამწუხაროდ, თამაშიდან ვერაფრით გამოვთიშეთ მასპინძელთა პივოტი, რომელმაც 10 გოლი გაგვიტანა“…

კუმანოვო მე-40 წუთისთვის 22-15 იგებდა, შემდეგ ზედიზედ გაუშვა 6 გოლი, თუმცა, მაინც მოიგო – 27-23. ჩოხელის გარდა თავი გამოიჩნა მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა პელისტერში, ანგელა იანკულოვსკამ, ვინც 9 გოლი გაიტანა.

დღეს, მეორე მატჩში, სლავიამ საგანგებო ყურადღება დაუთმო ჩოხელს, რომელმაც ბურთი ოთხჯერ მიიღო და 3 გოლი გაიტანა. 50-ე წუთისთვის ჩეხური კლუბი ზუსტად იმავე ანგარიშთ იგებდა (27-23), მაგრამ დაბოლოება უკეთესად ჩაატარა, 31-24 გაიმარჯვა და მეორე წრეში დანიის ოდენსეს შეხვდება.

18 სექტემბერს კუმანოვო მაკედონიის ქალთა ჩემპიონატში ჩაებმება.

ჩოხელმა ევროტურნირებზე მესამედ იასპარეზა. 2016-17 სეზონში თბილისის მამულის შემადგენლობაში მან 3 გოლი გაუტანა ჩეხეთის სოკოლ პორუბას ჩელენჯ კაპზე, ხოლო 2018-19 სეზონში, იმავე ტურნირზე, 4 თამაშში 8 გოლი შეაგდო მაკედონიის პელისტერის შემადგენლობაში.

ხელბურთი EHF თასი. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი

14 სექტემბერი. კუმანოვო (მაკედონია) – სლავია (ჩეხეთი) 27-23

კუმ: ჩოხელი 10, იანკულოვსკა 9, ტრაიკოვიჩი 3,  ბორიზოვსკა 2, გიჩესვკა 2, გლიგორიადისი 1

15 სექტემბერი. სლავია – კუმანოვო 31-24

გიჩევსკა 8, იანკულოვსკა 8, ჩოხელი 3, ტრაიკოვიჩი 2,  გლიგორიადისი 1, კიპრიანოვსკა 1, პეჩანოვა 1

Leave a Reply