gnhf-rrr

ფინალში ორი საუკეთესო გავიდა 

საქართველოს თასის ფინალში ითამაშებენ ბათუმის შავი ზღვის ბიჭები და ქუთაისი. თამაში ხვალ, 15 საათზე დაიწყება გლდანში, ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში. ნახევარფინალში ბათუმმა 34-21 დაამარხა იმედი-სტუ, ქუთაისმა 41-32 მოუგო თბილისის პეგასს. 

ბათუმი წინა ჩემპიონატის გამარჯვებულია, ნახევარფინალში წაგებულები – პრიზიორები, ხოლო  ქუთაისმა მეოთხე ადგილი დაიკავა, მაგრამ ახალი სეზონისთვის უკეთ დაკომპლექტებული და მომზადებული სწორედ ეს ორი გუნდია, ბათუმი და ქუთაისი, ფინალშიაც ორივე დამსახურებულად გავიდა.

იმედმა ბათუმს წინააღმდეგობა დასაწყისში გაუწია. რევაზ დიდიას ზედიზედ სამი სწრაფი გარღვევის შემდეგ გუნდი ერთადერთხელ დაწინაურდა (5-4), მაგრამ ამის შემდეგ ბათუმმა სწრაფად გამოასწორა სიტუაცია, ტაიმი 15-10 მოიგო, მეორე ნახევარში 15 ბურთითაც გავიდა წინ (27-12), ბოლოს კი მწვრთნელებმა ჭაბუკებიც ნახეს საქმეში – სხვაობას ეს დიდად არ დასტყობია: 34-21.

ქუთაისი თავიდან ბოლომდე წინ იყო თასის შარშანდელ მფლობელთან, პეგასთან, ვისთანაც წინა სეზონში თასის მეოთხედფინალიც წააგო და ჩემპიონატის ნახევარფინალიც. ქუთაისმა ტაიმი 20-14 მოიგო, მერე პეგასის ჭაბუკებმა ერთი პირობა სხვაობა შეამცირეს (17-21), მაგრამ მე-40 წუთისთვის ყველაფერი ცხადი იყო – ქუთაისი 27-19 იგებდა და ამის შემდეგ კიდევ გაზარდა სხვაობა, 41-32.

ბათუმისა და ქუთაისის ბოლოდროინდელი დაპირისპირებიდან ყველაზე დრამატული 2018 წლის მატჩი იყო საქართველოს ჩემპიონობისთვის, რომელიც ბათუმმა შვიდმეტრიანების სერიის შემდეგ მოიგო.

ახალ სეზონში ქუთაისს ბევრი ახალწვეული ჰყავს და „შავი ზღვის ბიჭები“ უფრო დალაგებული და მწყობრი გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა, ქუთაისელებსაც მოეძევებათ უპირატესობა – უფრო გრძელი სათადარიგოთა სკამი და უფრო სწრაფი შეტევა. ფინალში უმძაფრესი ბრძოლაა მოსალოდნელი.

ფინალის საყურებელი ბმული, დაწყებამდე ათიოდ წუთით ადრე, დაიდება აქ:

https://www.facebook.com/GEONHF/

ხელბურთი. საქართველოს თასი 2019. კაცები

გლდანი. ნახევარფინალი, 16 ოქტომბერი

BSB ბათუმი – იმედი-სტუ 34-21

ბათ: ტორონჯაძე, ვარშალომიძე – აბრამიშვილი 7, გოგოლაძე 6, მსხვილიძე 5, ტიელიძე 5, გიორგაძე 3. ტალახაძე 2, სიმონია 2, თურმანიძე 2, ბერძენიშვილი 1, სტოლბოვი 1, წივწივაძე, კაკულია, მჟავანაძე

სტუ: ცინცაძე, ხიდეშელი – ერისთავი 4, დიდია 3, აბჟანდაძე 3, გრიშიკაშვილი 3, ცხვარაშვილი 3, კორსანტია 2, დანელიშვილი 2, გავაშელიშვილი 1

მსაჯები: ი. ჭკუასელი – გ. გველესიანი

პეგასი – ქუთაისი 32-41

პეგ: დიხამინჯია, გორგოძიანი – ბაძაღუა 7, კოხრეიძე 7, ჟვანია 7, გვაზავა 4, კუხალაშვილი 4, პატაშური 2, ჩეჩელაშვილი 1, ა. არეშიძე, გ. არეშიძე 

ქუთ: გულეიშვილი, მაისურაძე 1 – ხაჟომია 8, რუსტამოვი 8, სურმავა 7, სტურუა 5, მერკვილაძე 4, ფერაძე 2. გამზარდია 2, ზარნაძე 1, თევზაძე 1, ჯუღელი 1, ლომიძე 1, კობახიძე, ლ. იმნაძე

მსაჯები: ნ. კევლიშვილი – თ. კევლიშვილი

დელეგატები: ვ. ბერიაშვილი, ლ. მარგიანი, მ. ჩიხლაძე

ფინალი, 17 ოქტომბერი, 15:00

BSB ბათუმი – ქუთაისი

Leave a Reply